კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილ პატიმრებს უმუშევრობის პრობლემა აწუხებთ

5 მარტი, 2015
 
ნანა ხუჭუა

2013 წლის იანვრის თვეში საყოველთაო ამნისტია განხორციელდა, რომელიც დაახლოებით, 17 000 მსჯავრდებულს შეეხო. ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად, სასჯელაღსრულების დაწესებულება 8 212 -მა მსჯავრდებულმა დატოვა. შესაბამისად, უმუშევართა რიგებს ნასამართლევი პირებიც შეემატნენ. 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, იმ პირებს, რომლებიც სასჯელს განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის იხდიდნენ და ამასთან, ნასამართლეობა გაქარწყლებული არ აქვთ, საჯარო სამსახურში  მუშაობა ეკრძალებათ. კანონის გათვალისწინებით, საჯარო თუ კერძო დამსაქმებლები ვაკანტური ადგილის არსებობისას აუცილებლად ითხოვენ ცნობას, რომ პირი ნასამართლევი არ არის. 

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ყოფილი პატიმრების დასახმარებლად რესოციალიზაციის პროგრამა შეიმუშავა, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულიკიანის განცხადებით, პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვას განმეორებითი დანაშაულისგან და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციას. პროგრამა მოიცავს ყოფილ პატიმართა ფსიქო-სოციალურ მომსახურებას, ტრენინგებს არაფორმალური განათლებისთვის, ასევე, პროფესიული უნარების შეძენას და დასაქმების ხელშეწყობას.  

დანაშაულის პრევენციის ცენტრის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ეკატერინე ბურჭულაძის განცხადებით, დასაქმების ხელშწყობის მიმართულების ფარგლებში პროფესიული გადამზადება სხვადასხვა სახელმწიფო თუ პროფესიულ კოლეჯში შემდეგი სპეციალობებით ხდება, როგორიცაა: ბუღალტერია, სანტექნიკოსი, მკერავი და სხვა. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემენ. თუმცა, შემდგომში დასაქმებულების შესახებ  სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება.

ლ.ქ. (რესპონდენტის სახელსა და გვარს ანონიმურობის დაცვის მიზნით არ ვასახელებთ) სასჯელს ნარკოტიკების შენახვისთვის იხდიდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მან რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, გლდანის საზოგადოებრივ კოლეჯში ბუღალტერიის კურსები გაიარა.

„ლექციებს კვალიფიციური ლექტორები გვიტარებდნენ, თუმცა ძნელია, ორწლიანი პროგრამის ერთ თვეში სრულად ათვისება და შესწავლა. კურსის დასრულების შემდეგ კი პირობას არავინ გვაძლევს, რომ დავსაქმდებით“, - განაცხადა ყოფილმა პატიმარმა. 

მისივე თქმით, დამსაქმებლები შესაბამისი სერტიფიკატის ქონის შემთხვევაშიც კი მის დასაქმებაზე უარს ამბობდნენ. 

„მიუხედავდ იმისა, რომ უკვე მოვიხადე სასჯელი ჩემი დანაშაულისთვის, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი და სტიგმა ნასამართლეობის შესახებ ბევრ პრობლემას მიქმნის. ასევე, არ შემიძლია, ავიღო მართვის მოწმობა, რათა შემდგომ ტაქსის მძღოლად ან დისტრიბუტორად ვიმუშაო. რაც უნდა ნაყოფიერი იყოს ეს პროგრამა, მე სრულფასოვანი მოქალაქე ვეღარ ვიქნები, რადგან თავად საზოგადოება არ მაძლევს ამის საშუალებას“, - აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა. 

სისხლის სამართლის 178-ე მუხლით, (ძარცვის მუხლით) მსჯავრდებული მ.მ (რესპონდენტის სახელსა და გვარს ანონიმურობის მიზნით არ ვასახელებთ) ახლა 23 წლისაა, მან უკვე სამი წელია, რაც  კოლონია დატოვა, თუმცა ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ დაბრუნებოდა ჩვეულებრივ ცხოვრებას. პროფესიით პროგრამისტი და ანიმატორია. მისი თქმით, ნასამართლეობის მუხლის გათვალისწინებით უნდობლობას უცხადებენ და დასაქმების შანსს არ აძლევენ.

„არავინ მაძლევს შანსს, დავუმტკიცო საზოგადოებას, რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენ. მუშაობის დაწყება მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. როდემდე უნდა ვიყო ჩემი მშობლების ფულის შემყურე“, - აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა მ.მ-მ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ ნესტან ლონდარიძის განცხადებით, აუცილებელია, სახელმწიფომ უფრო მეტი პროგრამა შეიმუშაოს, რაც ხელს შეუწყობს ნასამართლევი პირების დასაქმებას. „ერთდროულად ათასობით შეწყალებული პირისთვის არ არსებობს შესაბამისი გარემო, რომ ისევ ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. ამან კი შესაძლოა, მათ კვლავ დანაშაულისკენ უბიძგოს“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ყოფილი მსჯავრდებულები საზოგადოებაში ინტეგრირებას ითხოვენ. მათი თქმით, ნასამართლეობის სტატუსი მათთვის ერთგვარი „დაღია“.

„ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, ამ საზოგადოების წევრები ვართ, ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის წინაშე პასუხი უკვე ვაგეთ და სასჯელი მოვიხადეთ, თქვენგან კი მხოლოდ ერთ შანსს ვითხოვთ, რომ კვლავ მოვახერხოთ საზოგადოებაში ინტეგრირება“, - ამბობენ ყოფილი მსჯავრდებულები.

ყოფილი პატიმრების განცხადებით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ყოფილი პატიმრების დასახმარებელი პროგრამა ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი მექანიზმია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. 

ახალი ამბები