კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მშენებლობა, რომელსაც მოსახლეობა ორი წელია უშედეგოდ აპროტესტებს

5 მარტი, 2015
 
მაკა შამუგია

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2013 წლის 25 აპრილს ასათიანის ქ. №10-ში (ნაკვ. 14/012 -ზე) მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის ნებართვა გასცა, რამაც მომიჯნავე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ ტერიტორიაზე, მშენებლობის დაწყების მიზნით 200-ზე მეტი წიწვოვანი ხე გაჩეხეს. ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს შპს „BD Property” ხელმძღვანელობს. ქალაქ თბილისის მერიის გაცემული ბრძანების თანახმად, მშენებლობის ვადა 2013 წლის 25 აპრილიდან - 2017 წლის 25 აპრილამდე განისაზღვრა.

მოსახლეობის განმარტებით, ასათიანის 10 ნომერში მიმდინარე მშენებლობა არსებული საცხოვრებელი სახლების დაზიანებას, შემდგომში კი, ნგრევას გამოიწვევს.

„ახალი ხელისუფლება წინა მთავრობის დანაშაულებრივ ქმედებებს აგრძელებს. ესენი კიდევ უარეს აკეთებენ - მშენებლობასა და ხეების მოჭრაზე ნებართვა, ფაქტობრივად, ამ ხელისუფლების დროს გაიცა“, - განაცხადა საქალაქო მოძრაობა „საბურთალოს პარკის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მარინა ჩიქოვან-ტოროტაძემ.

მოსახლეობის თქმით, სამშენებლო კომპანიამ მოთხოვნის შემდეგ მშენებლობის დოკუმენტაცია არ წარმოადგინა. მოსახლეობას მერიაში დაჰპირდნენ, რომ შპს „BD Property” ყველა საჭირო დოკუმენტს წარუდგენდა დაინტერესებულ პირებს. თუმცა, მოგვიანებით, მშენებლობის პროექტი კომერციულ საიდუმლოდ გამოაცხადეს.

სამოქალაქო მოძრაობის საბურთალოს პარკის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ასათიანის 10 ნომერში განხორციელებულმა სამშენებლო სამუშაოებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებზე ბზარები წარმოქმნა, არსებული ბზარები კი გააფართოვა.

„სამხარეულის ექსპერტიზის თქმით, მიმდინარე მშენებლობის უსაფრთხოებაზე საუბარი მხოლოდ საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ეს უკანასკნელი კი გასაიდუმლოებულია. აღსანიშნავია, რომ ვაჟა-ფშაველას მხრიდან შენობები უმძიმეს მდგომარებაშია, რადგან ისინი წლების წინ, მეტროს გაყვანისას დაზიანდა, ახლა კი ეს კორპუსები უბრალოდ დაინგრევა. ეს კი პირდაპირი ძალადობაა“,- აღნიშნა მარინა ჩიქოვან-ტოროტაძემ.

შპს „BD Property”-ის არქიტექტორის, ვლადიმერ აბრამიშვილის განცხადებით, მშენებლობის პროექტი მერიის თანამშრომლებისა და ექსპერტებისთვის გასაიდუმლოებული არ არის.

„როგორც მერიის კომისიის სხდომაზე აღმოჩნდა, სამწუხაროდ, პროექტის მოწინააღმდეგე პირებს არ ესმით ქართული კანონმდებლობის მოთხოვნები მაღალსართულიანი შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით და უკვე გაუქმებულ ან შეცვლილ საკანონმდებლო აქტებს ეყრდნობიან, ძალაში არსებულებს კი, არასწორად კითხულობენ“, - განაცხადა შპს „BD Property”-ის არქიტექტორმა, ვლადიმერ აბრამიშვილმა.

მოსახლეობის თქმით კი, სამშენებლო კომპანიას მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ გააჩნია, რის გამოც მშენებლობის პროექტი კომერციულ საიდუმლოდ გამოაცხადეს. მათი თქმით, კანონის ფარგლებში მათ ამის უფლება არ აქვთ. კონსტრუქციული ნაწილი მსურველთათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

საქალაქო მოძრაობა „საბურთალოს პარკის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე მუჯირიშვილს უფლება არ ჰქონდა, ერთპიროვნულად მიეღო მშენებლობის პროექტზე  კომერციული საიდუმლოს  სტატუსი მინიჭების გადაწყვეტილება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის განცხადებით, საჯარო სამსახურის წარმომადგენელს უფლება ჰქონდა, კომერციულ საიდუმლოებად გამოეცხადებინა პროექტი,რომელიც სიახლეს ან შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე, სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამავე კოდექსში მითითებულია, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით - სასამართლოში გაასაჩივროს ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუკავშირდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილეს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

„BD Property”- ის წარმომადგენლის, ავთანდილ სვანიძის განცხადებით, მშენებლობის პროექტი ნოუ-ჰაუს შეიცავს, რაც აუცილებლობას ქმნიდა, რომ ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო.

„კომპანიისთვის კონსტრუქციული ნაწილის ალბომი  საუკეთესო ქართველი და უცხოელი არქიტექტორების მიერ არის შექნილი და  მეტად ღირებულ ინფორმაციას შეიცავს, რომელიც  კომპანიის კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს და არ უნდა გახდეს საჯარო“, - განაცხადა “BD Property”-ის წარმომადგენელმა, ავთანდილ სვანიძემ.

ავთანდილ სვანიძის თქმით, მიმდინარე მშენებლობა საფრთხეს არ უქმნის  მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კორპუსებს: “ბზარები, რის შესახებაც მოსახლეობა საუბრობს, არის ძველი და არა დემონტაჟის შედეგად გაჩენილი, რასაც სამხარეულის ექსპერტიზაც ადასტურებს“.

ქ. თბილისის მერიაში ასათიანის 10 ნომერში მიმდინარე მშენებლობის შესახებ სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც მშენებლობასთან დაკავშირებულ საქმეს შეისწავლის.

ამ ეტაპზე მშენებლობა აქტიურად არ მიმდინარეობს, საქმეს კი, სასამართლო განიხილავს. 

ახალი ამბები