კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარ ქალთა მდგომარეობა საქართველოში

20 მარტი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სულ 10 372 პირი იყო განთავსებული, აქედან 10 091 კაცი, ხოლო 281 ქალია. 

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ 2014 წელს გამოაქვეყნა კვლევა, სახელწოდებით: „ვინ არიან ქალი პატიმრები? საქართველოს კვლევის შედეგები“. კვლევა 2013 წლის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ქალ მსჯავრდებულთა 39% თაღლითობისთვის იხდის სასჯელს. ცალკეული სამართალდარღვევები, როგორიცაა - გაფლანგვა, გაყალბება ან ყალბი დოკუმენტების გაყიდვა, ჯამში შეადგენს საერთო დანაშაულის 3%-ს, რომელიც ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ თაღლითობას. კიდევ ერთი ყველაზე ხშირი დანაშაული კი ნარკოტიკებს უკავშირდება და 29%-ს შეადგენს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურუსტი, თამარ ლუკავა ხუთ პატიმარ ქალს უწევს იურიდიულ დახმარებას. მისი თქმით, ამ პატიმართა სისხლის სამართლის საქმეებში სერიოზული ხარვეზებია: „ხუთივე პატიმარი ქალი სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით იხდის, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს. პრობლემა ის არის, რომ ხუთივე მსაჯვრდებულს მისჯილი აქვს დიდი ზომის სასჯელი, ანუ თუ იგივე დანაშაულისთვის მამაკაც მსჯავრდებულებს მისჯილი აქვთ თხუთმეტი წელი, ქალების შემთხვევაში სასჯელის ვადა უფრო დიდია - ოცდახუთი წელი. ეს შესაძლებელია, მართლმსაჯულების ხარვეზის გამო ხდებოდეს. აღსანიშნავია, რომ ხუთივე ქალი უდანაშაულოდ თვლის თავს. ყველა ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეებში სერიოზული ხარვეზებია: გამოძიება და სასამართლო სრულყოფილად არ არის ჩატარებული. ადვოკატთა შუამდგომლობები საერთოდ არ არის დაკმაყოფილებული“.

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი, ცირა ჭანტურია ასევე აღნიშნავს, რომ პატიმარ ქალთა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემთხვევები ძალიან დაბალია. მისი თქმით, თითოეული პატიმრის შემთხვევაში ობიექტურად უნდა შეფასდეს, რამდენად განიცადა ამ ქალმა რესოციალიზაცია და რამდენად არის მისი გათავისუფლება მიზანშეწონილი, რაც ამჟამად ვერ ხერხდება.

„სასჯელის განსაზღვრისას ქალების სპეციფიკური საჭიროებები უნდა იყოს გათვალისწინებული. არსებობს გაეროს ბანგკოკის წესები, სადაც წერია, რომ ქალის სოციალური როლი უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც სასჯელის დანიშვნისას, ისე სასჯელის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მაგალითად - შეწყალების დროს. ასევე, სასურველია, რომ არასაპატიმრო სასჯელები ქალების შემთხვევაში უფრო ხშირად გამოიყენებოდეს“, - ამბობს ცირა ჭანტურია.

„ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ 2013 წლის ბოლოს ჩაატარა კიდევ ერთი კვლევა, რომელიც პატიმარ ქალთა საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ეხებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში სოციალურად დაუცველ ქალებს არასახარბიელო პირობები აქვთ, ადმინისტრაცია ვერ აწვდის მათ სეზონის შესაბამის ტანსაცმელსა და სხვადასხვა საჭირო ნივთს. შესაბამისად, ის პატიმრები, რომელთა ოჯახებსაც არა აქვთ საშუალება, რომ გარედან უზრუნველყონ საჭირო ნივთებით, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არიან. ამასთან, ცირა ჭანტურიას თქმით, ქალი პატიმრები სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სერვისებს საჭიროებენ, რის მიწოდებასაც სახელმწიფო ვერ ახერხებს.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ რა სარეაბილიტაციო პროგრამებსაც სთავაზობენ ქალ პატიმრებს, საკმარისი არ არის. ძირითადად, ასეთი შეთავაზებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაა. მაგალითად, ასეთია ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები. პატიმრებს, რომლებსაც ნარკოდამოკიდებულების პრობლემები ჰქონდათ, გათავისუფლების შემდგომი მხარდაჭერაც სჭირდებათ. 

ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი: „ასევე შევისწავლეთ, რამდენად იყო უზრუნველყოფილი ქალთა გენდერ-სპეციფიკური საკითხები. აუცილებელია, გაითვალისწინონ, რომ ქალებს, კაცებისგან განსხვავებით, აქვთ სპეციფიკური საჭიროებები. იყო ოჯახთან კონტაქტის პრობლემებიც. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პატიმრებს ოჯახი სატელეფონო ბარათზე ფულს ვერ ურიცხავს, რაც ოჯახთან სატელეფონო კონტაქტს შეუძლებელს ხდის. პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ შვილებს ისეთი სიხშირით ვერ ურეკავდნენ, როგორც უნდოდათ. 2006 წელს გრძელვადიანი პაემანი გაუქმდა, მაგრამ შემდგომ კაცებთან და ბავშვებთან მიმართებით აღდგა, ქალებთან კი - არა. ამის მიზეზებზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ კულუარებში ამბობდნენ - არ გვინდა, ქალები დაორსულდნენო. ეს გარემოება ადმინისტრაციას დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა. შესაბამისად, შვილებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა, დედასთან დიდი ხანი გაატარონ. ამის ალტერნატივად ქალებს საოჯახო პაემნები შესთავაზეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ესეც არ არის ალტერნატივა, რადგან ამ შემთხვევაში, დედას მხოლოდ 2 საათი აქვს შვილთან გასატარებლად. ეს კი ხანმოკლე პაემნად ითვლება“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ლუკავას თქმით, სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში სატელეფონო აპარატი ხარვეზით მუშაობს, რაც პატიმრებს ახლობლებთან კონტაქტის პრობლემას უქმნის: „მსჯავრდებულების ინფორმაციით, №5 დაწესებულებაში ტელეფონი ხარვეზით მუშაობს, რაც პატიმრებს პრობლემებს უქმნის. მათ ტელეფონით სამი ზარის განხორციელების უფლება აქვთ, მაგრამ ხარვეზის გამო ტელეფონმა შეიძლება მსჯავრდებულებს ეს ზარები გაუუქმოს. შესაბამისად, ისინი ვერ იყენებენ თავიანთ უფლებას - სატელეფონო კავშირი ჰქონდეთ ახლობლებთან. სასჯელაღსრულების სამინისტრო კი ვალდებულია, აღმოფხვრას ეს პრობლემა: ან გააუქმოს ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელიც დაწესებულებაში სატელეფონო კომუნიკაციას ახორციელებს, ან მოსთხოვოს ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა“.

ციხეებში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი კვლავაც ჯანდაცვა რჩება. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბრისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში გავრცელებული დაავადებებიდან ყველაზე დიდი წილი სტომატოლოგიურ დაავადებებზე მოდის, ასევე გავრცელებულია სასუნთქი და  საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები, თვითდაზიანებები და ტრამვები, ფსიქიური დაავადებები, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გრძნობათა ორგანოების დაავადებები, ძვალ-სახსროვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები. მცირე მაჩვენებლებით ხასიათდებიან აივ ინფექცია/შიდსი - ახლადგამოვლენილი, ტუბერკულოზი და ონკოლოგიური დაავადებები.

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მკურნალობის სტანდარტების გაუმჯობესების მიუხედავად, პენიტენციალურ სისტემაში პრობლემები კვლავაც რჩება. 

„ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობა ან დაბალი ხარისხია. ბევრი რამ გაკეთდა, რომ ეს გაუმჯობესებულიყო. მკურნალობის სტანდარტებიც გაუმჯობესდა, მათ შორის რეფერირებაც. თუმცა, სიტუაცია იდეალური არ არის. რეფერირების სისტემა დასახვეწი და გასაუმჯობესებელია. გამოკვლევებიც გაცილებით ხშირად უნდა კეთდებოდეს. 2013 წელს ქალებიც უჩიოდნენ, რომ დროულად და კარგად არ მიეწოდებოდათ ეს სერვისები. მაგალითად, ქალები ჩიოდნენ, რომ როცა ექიმი უნიშნავს კომპლექსურ მკურნალობას და რამდენიმე მედიკამენტს, ყველა ეს მედიკამენტი ერთად არ არის ხელმისაწვდომი. ამბობდნენ, რომ წამლებს თანდათანობით იღებდნენ, რასაც შედეგი არ ჰქონდა“, - აცხადებს ცირა ჭანტურია.

ასევე, პრობლემად რჩება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი პატიმრების მდგომარეობა, ვისთვისაც დღემდე არ არის ციხეში ადაპტირებული გარემო. „ციხის საერთაშორისო რეფორმების“ მონიტორების ინფორმაციით, კვლევის ჩატარების მომენტში რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი პატიმარი იყო, რომლებსაც  ეტლი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდათ. ციხეში კი არც შესაბამისი კვალიფიკაციის მომვლელები ჰყავთ და არც ეტლებით მომარაგება ხდება. 

ცირა ჭანტურია აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბავშვიანი ქალების საკითხი, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესდა. მისი თქმით, ქალს, თავის შვილთან ერთად, შეუძლია, ცალკე ოთახში იცხოვროს, სადაც ნორმალური პირობებია შექმნილი. ცირა ჭანტურია აღნიშნავს, რომ ქალების, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის საკვებიც გაუმჯობესდა, რაც სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებით დარეგულირდა. თუმცა, მისი თქმით, კვების საკითხი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცალკე უნდა იქნას დარეგულირებული. მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებსაც რწმენა გარკვეული პროდუქტის ჭამას უკრძალავს, განსხვავებული რაციონი უნდა შესთავაზონ.

სახალხო დამცველი 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ №5 დაწესებულებაში კვლავ რჩება რამდენიმე არსებითი ხასიათის პრობლემა. ანგარიშის მიხედვით, ქალ პატიმართა პროტესტის საფუძველს წარმოადგენდა პრეტენზიები სამედიცინო მომსახურებასთან; სისხლის სამართლის საქმის გადახედვასა და პირობით ვადამდე გათავისუფლების სამართლიანობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი რამდენიმე რეკომენდაციასაც გასცემს.

„ვინაიდან, ქალი პატიმრები განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენენ, რომელთაც გააჩნიათ სპეციალური საჭიროებები, აუცილებელია ამ საჭიროებების მუდმივი შეფასება და სათანადო პროგრამების შემუშავება. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს დაწესებულებაში მყოფი ბავშვების საუკეთესო ინტერესები. ასევე, გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის შესაბამისი პროგრამების ეფექტიანი განხორციელება. ქალი პატიმრების კონტაქტი გარესამყაროსთან მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, ქალ პატიმრებს, მამაკაცი პატიმრების თანაბრად, მიეცეთ ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. აღნიშნული საკითხი დეტალურად არის განხილული ხანგრძლივი პაემნის საკითხისადმი მიძღვნილ შესაბამის ქვეთავში“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს პროექტს - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“. პროექტის მიზანია ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები განახორციელებენ გეგმიურ და არაგეგმიურ ვიზიტებს ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებებში. მონიტორინგი განხორციელდება რუსთავის №5 ქალთა და თბილისის №11 არასრულწლოვანთა საპატიმროებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი გთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 38 46 48; 2 45 45 33. 

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები