კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასრულწლოვნები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში

25 მარტი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებულია 83 არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 0.8%-ს  უტოლდება. 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სულ პენიტენციალურ სისტემაში 36 ბრალდებული, ხოლო 47 მსჯავრდებული არასრულწლოვანია განთავსებული. ყველა მათგანი მამრობითი სქესისაა. 

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ინფორმაციით, დანაშაულის კატეგორიის მიხედვით, არასრულწლოვნებთან პირველ ადგილზე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებია. ქურდობის პირველ ფაქტზე, როგორც წესი, ბავშვებს თავისუფლების აღკვეთას არ უსჯიან, პრობაციაზე უშვებენ, მაგრამ არის ფაქტები, როდესაც ბავშვს არ ჰყავს მეთვალყურე და იგი დანაშაულს განმეორებით ჩადის.

სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მიხედვით, თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანს თავისუფლების აღკვეთა დაენიშნება მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მათი საბოლოო სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს შვიდ წელს. თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის კი დანიშნულისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს. ამასთან, პროკურორს შეუძლია,  ბავშვთან მიმართებაში დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენოს და განარიდოს იგი სისხლის სამართლებრივ სისტემას.

„ბავშვებთან მიმართებაში უმაღლესი სასჯელი 15 წლით განისაზღვრება, რაც, ჩემი აზრით, ბავშვებისთვის უთანასწოროდ მაღალი სასჯელია. საერთაშორისო სტანდარტები პირდაპირ ადგენს, რომ ბავშვის მიმართ საპატიმრო სასჯელი ხანმოკლე ვადით“, - აცხადებს „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორი, ცირა ჭანტურია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, თამარ ავალიანი დადებითად აფასებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს. თუმცა, კანონპროექტი  ჯერჯერობით ძალაში არ არის შესული. 

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანთა საქმეებს სპეციალურად მომზადებული მოსამართლეები განიხილავენ. კოდექსში ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა: ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისას, არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობა არ გამოიყენება. ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელის მაქსიმალური ვადა 10-დან 15 წლამდეა გაწერილი. ამ კუთხით სასურველია, უფრო ლიბერალური მიდგომა. კოდექსის მიხედვით, სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანს ნასამართლეობა ავტომატურად  მოეხსნება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განმეორებითი დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვნის ნასამართლეობის საკითხს სასამართლო მხედველობაში მიიღებს. ამასთან, თუ არის ეპიზოდი, სადაც არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ფიგურირებენ, არასრულწლოვნის საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს, რაც აქამდე არ ხდებოდა“, - აცხადებს თამარ ავალიანი.

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განთავსებული არიან სასჯელაღსრულების №11 დაწესებულებაში, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებულები სასჯელაღსრულების №8 და №2  დაწესებულებების სპციალურად მათთვის გამოყოფილ საცხოვრებელ კორპუსებში.

პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების მე-8 წესის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, არასრულწლოვანი პატიმრები უნდა განთავსდნენ სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევებით. არადა, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორის თქმით, ქუთაისისა (№2) და თბილისის (№8) დაწესებულებებში ბრალდებულ არასრულწლოვნებს სრულწლოვან მსჯავრდებულებთან კონტაქტი აქვთ. „საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნაც  და ჩვენი რეკომენდაციაც არის, რომ არასრულწლოვანთათვის ცალკე იყოს დაწესებულება, რომ ისინი მაქსიმალურად მოარიდონ იმ უარყოფით გავლნას, რაც შეიძლება მოდიოდეს ზრდასრული მსჯავრდებულებისგან. მაგალითად, ბავშვებს საკნებში საკვებს სამეურნეო სამუშაოებზე მყოფი მსჯავრდებულები აწვდიან. ამიტომ არის ეჭვები, რომ ე.წ. „კრიმინალური მენტალობის“ მქონე მსჯავრდებულებსაც აქვთ გარკვეული კონტაქტი არასრულწლოვნებთან“, - ამბობს ცირა ჭანტურია. 

არასრულწლოვან ბრალდებულებსა და სრულწლოვან მსჯავდებულებს შორის კონტაქტზე საქართველოს სახალხო დამცველიც ამახვილებს ყურადღებას 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში: „საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგის დროს დააფიქსირეს, რომ სასჯელაღსრულების №8 და №2 დაწესებულებებში განთავსებულ არასრულწლოვან ბრალდებულებს და სრულწლოვან მსჯავრდებულებს ჰქონდათ ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ არასრულწლოვან პატიმრებთან მიმართებით კვლავაც პრობლემად რჩება მათი ყოფნა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში. აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვნებს კონტაქტი აქვთ სრულწლოვან პატიმრებთანაც. კერძოდ, სასამართლოზე ბადრაგირებისას, ასეთი შესაძლებლობა ეძლევათ მათ სტომატოლოგთან ვიზიტისას. არასრულწლოვნებს, სტომატოლოგის მომსახურების მისაღებად, საერთო სამედიცინო პუნქტში უწევთ გადასვლა“.

2014 წლის 27-28 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში განხორციელდა ვიზიტი, რა დროსაც შემოწმდა არასრულწლოვან ბრალდებულთა საცხოვრებელი კორპუსი. იმ დროისთვის დაწესებულებაში 25 არასრულწლოვანი ბრალდებული იყო განთავსებული. მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, არასრულწლოვან ბრალდებულთა პატიმრობის პირობები არადამაკმაყოფილებელია. 

„სავენტილაციო სისტემა გაუმართავია. საკნებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. გავრცელებულია მწერები. არსებობს პრობლემები სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით. არასრულწლოვანთა საცხოვრებელ კორპუსში გამოყოფილი, მცირე სასეირნო ფართი შემოსაზღვრულია მაღალი კედლებით და ზემოდან გადაფარებული აქვს მეტალის ბადე, დგას მაგიდის ჩოგბურთის ერთი მაგიდა. არასრულწლოვან ბრალდებულებს არ აქვთ შექმნილი ვარჯიშისა და სრულფასოვანი რეკრეაციისათვის საჭირო პირობები. არსებული პირობების გამო არასრულწლოვანი ბრალდებულები ხშირად უარს აცხადებენ სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით სარგებლობაზე“, - აღნიშნულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების №11 დაწესებულებაში პრობლემურია პრესის გაცნობის საკითხი. დაწესებულების მაღაზიაში არ არსებობს ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პუბლიკაციების შეძენის შესაძლებლობა. 

გარკვეული პრობლემებია არასრულწლოვანთა განათლების კუთხითაც. სასჯელაღსრულების №11 დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო პროცესი სამოქალაქო სექტორში არსებული სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ დაწესებულებაში არსებული სკოლა მიერთებულია თბილისის №123–ე საჯარო სკოლას. შესაბამისად, მსჯავრდებულ ბავშვებს საშუალება ეძლევათ, სწავლის დამადასტურებელი ატესტატი აიღონ, სადაც არ აღინიშნება, რომ ეს ატესტატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაცემული. 

ცირა ჭანტურიას თქმით, პრობლემაა ბრალდებულ არასრულწლოვანთა განათლება, რადგან სასწავლო პროგრამა მათ საჭიროებებს არ არის მორგებული. მისი თქმით, ბრალდებული ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან და ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებენ. ამასთან, მათზე არ გაიცემა სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სახალხო დამცველიც უარყოფითად აფასებს არასრულწლოვან ბრალდებულთა განათლების საკითხს. მისი რეკომენდაციაა, განათლების უწყვეტობის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს ბრალდებული არასრულწლოვნებისთვისაც სრულყოფილი განათლების შეთავაზება.

„2012 წლის მეორე ნახევრიდან თბილისის №8 და ქუთაისის №2 დაწესებულებებში ბრალდებულ არასრულწლოვნებსაც აქვთ სასწავლო პროგრამა, მაგრამ უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ზოგადი ან სრული განათლება არ წარმოადგენს ატესტატის გაცემის საფუძველს. პრაქტიკაში, ბრალდებულ არასრულწლოვნებს ხშირად 9 თვით (მაქსიმალური ვადით) უწევთ აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნა. ამას ემატება ის შემთხვევები, როცა უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი ხდება №11 დაწესებულებიდან მსჯავრდებულების №8 ან №2 დაწესებულებაში გადაყვანა. შესაბამისად, არასრულწლოვნები ხანგრძლივი პერიოდით არიან მოკლებული განათლების მიღების შესაძლებლობას“, - ნათქვმია სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბრის თვეში არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელდა (მიმდინარე/დასრულებული) რესოციალიზაციის 322 (მათ შორის: №2 დაწესებულება - 31, №8 დაწესებულება - 29, №11 დაწესებულება - 262) ღონისძიება. რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებებს, განხორციელდა: 8 - გადამზადებითი, 32 - ფსიქო-სოც. რეაბილიტაციის, 43 - პროფესიული განათლების, 11 - არტ-თერაპიის, 76 - ზოგადი განათლების, 46 - სახელობო განათლების, 17 - სპორტული და 89 - კულტურული ღონისძიების მიმართულებით.

„სამივე დაწესებულებაში სოციალური სამსახური საკმაოდ აქტიურადაა ჩართული არასრულწლოვანი პატიმრების რესოციალიზაციის პროცესში. თითოეული არასრულწლოვნის შემთხვევაში დგება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა, თუმცა აღნიშნული გეგმები ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალურ სამსახურს რესოციალიზაციის პროცესისთვის საკმაოდ მწირი რესურსები გააჩნია, განსაკუთრებით №2 და №8 დაწესებულებებში. ამ დაწესებულებებში ფაქტობრივად არ ხორციელდება რესოციალიზაციის სისტემური და ერთიანი პროგრამა, არ ხდება თავისუფალი დროის დაგეგმვა, შედეგად არასრულწლოვნები დროის უმეტეს ნაწილს თავიანთ საკნებში ატარებენ“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს პროექტს - „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში“. პროექტის მიზანია ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები განახორციელებენ გეგმიურ და არაგეგმიურ ვიზიტებს ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებებში. მონიტორინგი განხორციელდება რუსთავის №5 ქალთა და თბილისის №11 არასრულწლოვანთა საპატიმროებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი გთავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 38 46 48; 2 45 45 33.
 
აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები