კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები კომპენსაციას ითხოვენ

31 მარტი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

დედოფლისწყაროში, ლესელიძის ქუჩაზე, სამხედრო ნაწილის ყოფილ შენობაში მცხოვრები თამილა გურაშვილი სამი წელია, რაც უსახლკაროდ არის დარჩენილი. ამჟამად ის თავის დედასთან და შვილთან ერთად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი 20 წელი ცხოვრობდა, 2012 წელს მოუხდა. 

თამილა გურაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, სამხედრო ნაწილის ყოფილი შენობა სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ერთ ლარად გადაეცა, რათა აღნიშნულ კომპანიას საავადმყოფო აეშენებინა. ამასთან, გამოიცა ბრძანება, რის თანახმადაც, კომპანიას სამხედრო ნაწილის ყოფილ შენობაში მცხოვრებთათვის კომპენსაცია უნდა გადაეხადა. თუმცა, ოჯახები დღემდე  კუთვნილ თანხას ელოდებიან. 

დოკუმენტი, რომელიც სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემას ავალდებულებდა, თამილა გურაშვილის თქმით, თელავის ქონების მართვის ახალი უფროსის, კობა ბურკიაშვილის დანიშვნისთანავე დაიკარგა. გურაშვილისვე განმარტებით, მან დოკუმენტი თელავის ქონების მართვის სააგენტოში ნახა: „ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ დოკუმენტი გაქრებოდა, თორემ ასლს აუცილებლად გადავიღებდი“.

თელავის ქონების მართვის უფროსის, კობა ბურკიაშვილის თქმით, მას დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ჯავახიშვილის განცხადებით, სამხედრო ნაწილის ყოფილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში იყო, სადაც სკოლაც იყო განთავსებული, თუმცა შენობა ავარიული იყო და სკოლა სხვაგან გადაიტანეს. მას შემდეგ ოჯახები შესახლდნენ და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გამოასახლეს ოჯახები, არ აქვს. 

„გამოსახლება როდის მოხდა არ ვიცი, მე მაშინ აღნიშნულ პოზიციაზე არ ვმუშაობდი. რაც შეეხება უსახლკაროების დახმარებას, ჩვენ მათ ბინის ქირით უზრუნველვყოფთ, ბიუჯეტში არ გვაქვს საკმარისი თანხები, რათა მათ ბინები შევუძინოთ“, - აღნიშნა ზვიად ჯავახიშვილმა.

სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მმართველის, კახა ვარადაშვილის თქმით, მან აღნიშნული ქონება სახელმწიფოსგან საინვესტიციო ვალდებულებით მიიღო, რათა საავადმყოფო აეშენებინათ. ვარადაშვილის განცხადებით, მათ მხოლოდ საძირკვლის ჩასხმა შეძლეს, მშენებლობა ვეღარ გააგრძელეს, რადგან კომპანია გაკოტრდა. მისი თქმით, ქონებას სახელმწიფო დაიბრუნებს. რაც შეეხება კომპენსაციას, ვარადაშვილის განცხადებით, „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ კომპენსაციის გადახდას არავის დაჰპირებია.

„თუ ქალბატონ თამილას ჩვენი წარმომადგენელი ფულად ანაზღაურებას შეჰპირდა და ამის შესახებ დოკუმენტი შეიქმნა, მაშინ წარმოადგინოს დოკუმენტი. ჩვენ მსგავს საბუთებს არ ვფლობთ“, - განაცხადა კახა ვარადაშვილმა.

დაზარალებული თამილა გურაშვილი ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფას მოითხოვს.

„მოიყვანეს ტექნიკა და დანგრევა დაიწყეს. მთელი შენობა ზანზარებდა და შეშინებულები გამოვედით გარეთ. მორალურად გაგვანადგურეს. როცა შენობის ნგრევა დაიწყეს ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად შენობაში ვიყავი და არ ვაპირებდი გამოსვლას, შემდეგ პოლიცია ჩართეს საქმეში. საკუთრების მოწმობა გვაჩვენეს, სადაც მეპატრონედ „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ იყო დასახელებული. წასასვლელი არსად მქონდა და ვითხოვდი, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას, თუმცა კომპენსაცია დღემდე არ მიმიღია“,- განაცხადა თამილა გურაშვილმა.

გურაშვილის თქმით, იგი რამდენიმე ხნის წინ სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, ამასთან მოუხსნეს სოციალური დახმარება და ოჯახი დედის პენსიის ანაბარა იყო დარჩენილი, რომელიც წინსწრებით გამოიტანეს.

„რთულ პირობებში ვცხოვრობთ, მეპატრონემ ქირა გაგვიზარდა და 100 ლარს გვთხოვს. აქედან ადგილობრივი ხელისუფლება 60 ლარს გვინაზღაურებს, დანარჩენს მე ვამატებ. სამსახურში აღმადგინეს, თუმცა ერთთვიანი ხელშეკრულებით, მომდევნო თვეში რა იქნება არ ვიცი, ძალიან მეშინია“, - აღნიშნა გურაშვილმა humanrights.ge - თან საუბრისას.

თამილა გურაშვილი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს.

ახალი ამბები