კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ცვლილებებს გეგმავს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე

9 აპრილი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი - საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სწორედ ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოიწონა საკანონმდებლო ორგანომაც, რომელმაც 20 მარტს ნინო გვენეტაძის კანდიდატურას 88 ხმით მხარი დაუჭირა.

humanrights.ge-ს კითხვებს, ექსკლუზიურად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე პასუხობს. 

- ქალბატონო ნინო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მოსამართლეთა მცირე რაოდენობას ასახელებენ. იგეგმება თუ არა მოსამართლეთა კონტიგენტის გაზრდა, განსაკუთრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში? 

- მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების სახით მზად არის, მოსამართლეთა კონტინგენტის გაზრდის საკითხზე ჯერჯერობით საკანონმდებლო დათქმას არ აკეთებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხიანი მართლმსაჯულების მიწოდების მიზნით, გარდაუვალია პირველი ინსტანციის სასამართლოს (განსაკუთრებით - თბილისის საქალაქო სასამართლოს) მოსამართლეთა რაოდენობის რიცხვის გაზრდა. ამ საკითხზე ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. დროში ძალიან ვჩქარობთ. ვფიქრობ, სექტემბრამდე ეს საკითხები უნდა დავძლიოთ, მაგრამ დაახლოებით იმ დროისთვის რამდენიმე მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გასდის და ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. მოსამართლეთა რიცხვის გონივრულად გაზრდის საკითხი საბიუჯეტო სახსრებსა და სხვა უამრავ გათვლასაც უკავშირდება, რაზეც უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. 

- არის შემთხვევები, როცა მოსამართლეები დიდი რაოდენობით საქმეებს განიხილავენ, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემებს ქმნის. იგეგმება თუ არა მოსამართლეებისთვის საქმეების გონივრული რაოდენობით გადანაწილება? 

- ეს საკითხი უკავშირდება იმ მთავარ პრობლემას, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემაში, წესით, უკვე დაძლეული უნდა ყოფილიყო. ვგულისხმობ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესს. მიუხედავად გარკვეული ძალისხმევისა, სასამართლო სისტემამ დღემდე ვერ შეძლო, ჰქონოდა ის თანამედროვე წესი, რომლის ქონაც უკვე სავალდებულოა სასამართლოსთვის. საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი შემთხვევით განაწილებას ისახავს მიზნად. ამ პროგრამას შეუძლია, თანაბარი განაწილების პრინციპზეც იქნეს ორიენტირებული, სადაც გამორიცხული იქნება ყოველგვარი ეჭვი მიკერძოებულობის შესახებ. ასევე უნდა გაითვალოს და პროგრამაში ჩაიდოს საქმეების თანაბარი რაოდენობით განაწილების შესაძლებლობა. 

- არის შემთხვევები, როცა მოსამართლეები თავიანთი სპეციალიზაციის მიხედვით არ განიხილავენ საქმეებს. ასეთი შემთხვევები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა. იგეგმება თუ არა მოსამართლეთა სპეციალიზაციის განსაზღვრა და შემდგომ ამ სპეციალიზაციის შენარჩუნება? 

- მოგეხსენებათ, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს აქვს ჩანაწერები. აქ გამონაკლისის წესით მითითებულია, რომ როცა გამოუვალი მდგომარეობაა და განსახილველ საქმეთა რაოდენობა დიდია, მოსამართლეთა ე.წ. „გადამაგრების“ საკითხი განიხილება, მაგრამ ეს უნდა იყოს იშვიათი საგამონაკლისი შემთხვევა. თუმცა, ჩვენ პრაქტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ამ მეთოდის  გამოყენება იშვიათობა აღარ არის. ამან თითქმის მუდმივი ხასიათი მიიღო. ასეთი მიდგომა, რასაკვირველია, ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტული საქმის ბედს, რადგან ის განიხილა მოსამართლემ, რომლის განათლება კონკრეტულ სპეციალიზაციაში ეჭვს იწვევს. მართალია, საკანონმდებლო ჩანაწერი ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ საკანონმდებლო ჩანაწერს ცალსახად აქვს დათქმა გაკეთებული, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლობის შემთხვევა, ანუ გამოყენებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. აქ ისევ მოსამართლეთა მცირე რაოდენობასთან მივდივართ, დღესდღეობით, უამრავი საქმე არის წარმოებაში, რაც სიტუაციას ართულებს. 

- რას ფიქრობთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით და, ასევე, მათ სამწლიან გამოსაცდელ ვადაზე? 

- საერთო სასამართლოების შესახებ კანონმა ეს უკვე დაარეგულირა. ჩვენი მთავარი მიმართულება და აქტივობები უკვე არსებული კანონის ზედმიწევნით შესრულებისკენაა მიმართული. მოსამართლეს, რომელიც საპრობაციო ვადას გადის, ვპირდებით თანადგომასა  და კანონის ზუსტ შესრულებას, მისი მოღვაწეობის შეფასების საკითხთან დაკავშირებით. გამოსაცდელი ვადა წელიწადში ორი შეფასების პროცედურას ითვალისწინებს, ამ შეფასების პროცედურებში კი მოსამართლე აბსოლუტურად იქნება დაცული კანონის არასწორი ინტერპრეტაციისაგან და მის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებებისაგან. ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა და ეჭვი, რომ გამოსაცდელმა ვადამ შეიძლება, დააზიანოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, ჩვენთვის ძალიან ნიშანდობლივი და საყურადღებოა. ამიტომ მთელი სასამართლო კორპუსი, იუსტიციის საბჭოს მეშვეობით, ვიქნებით პრობაციაში მყოფი მოსამართლის გვერდით. თუ მან შეატყო, რომ კანონის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, მის წინააღმდეგ რაიმე არასწორად განიმარტა და არასწორი პროცედურები ტარდება, ამ შემთხვევაში, არსებობს გასაჩივრების წესი. შესაბამისად, ამ ახალი ინსტიტუტის გამოყენება მხოლოდ მოსამართლის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. 

- მოსამართლეთა მხრიდან დისციპლინური გადაცდენისას რა სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება? 

- 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილეს 313 დისციპლინური საქმე, რომელთაგან 266 საქმეზე შეწყდა დისციპლინური დევნა, 17 საქმეზე მოსამართლეებს მიემართათ სარეკომენდაციო ბარათით. ეს არის ერთ-ერთი სახდელის ღონისძიება. 30 საქმეზე მოსამართლეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება, რომელთაგან 20 საქმეზე შეწყდა დევნა, ხოლო 8 საქმეზე დღემდე ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. 2 საქმეზე კი საბჭოს არ უმსჯელია. ჩემი შეფასებით, პროცესი ეფექტურად არ მიმდინარეობდა. აუცილებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააქტიურდეს. პროცესის მონაწილე მოქალაქეთა საჩივრებსა და მომართვებზე უნდა მოხდეს ძალიან ეფექტური და დროული რეაგირება. სტატისტიკის მიხედვით, საჩივრები ეხება მოსამართლის მოვალეობის შეუსრულებლობას, მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, სასამართლო აქტის გადაცემის გაჭიანურებას, სასამართლო აქტის კანონიერებასა და საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებას. ჩვენი გეგმაა, გავააქტიუროთ ეს წარმოება და ძალიან დროულად და მყისიერად დავუბრუნოთ დაინტერესებულ მხარეს პასუხი, დაიწყო თუ არა მის საქმეზე დისციპლინური წარმოება. უარის შემთხვევაშიც უნდა ეცნობოს დაინტერესებულ პირს, თუ რა ღონისძიება გატარდა კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებით. 

- თუ გადაიხედება მოსამართლეთა მივლინების წესი, რომელიც ზოგჯერ აღიქმება, როგორც ერთ-ერთი სადამსჯელო ღონისძიება. 

- მოსამართლეთა მივლინება მართლაც სადამსჯელო ღონისძიებად აღიქმებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს წესი იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმის ეტაპზე გარკვეული სახით დაიხვეწა. ამ მხრივ, მთავარი სიახლე არის ის, რომ მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი მივლინება დღეს უკვე შეუძლებელია. ასევე, დღეიდან მოსამართლეთა მივლინებებს მასობრივი და სისტემატური ხასიათი აღარ ექნება. ეს გამოწვეული უნდა იყოს მხოლოდ გადაუდებელი, აუცილებელი შემთხვევით, რათა სამართალწარმოების პროცესი არ დაზარალდეს. 

- 2004-2012 წლებში განაჩენების დიდი რაოდენობა იყო გამამტყუნებელი და, ამასთან, ქვეყანას 190 პოლიტპატიმარი ჰყავს. იგივე მოსამართლეები კი დღეს  საქმიანობას აგრძელებენ. თქვენი აზრით, ეს რამდენად მართებულია? 

- მოსამართლეს აქვს უფლებამოსილების ვადა. ჩვენი კონსტიტუციით, ეს ვადა არის 10 წელი. ამ ვადის განმავლობაში მოსამართლეების მუდმივობა და მათი დაცულობა არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ საერთო სასამართლოების შესახებ კანონითაც არის გარანტირებული. მოსამართლეების მიმართ კანონით დადგენილი ყველა პროცედურა იქნება გამოყენებული. თუ მოსამართლეებმა განზრახ აშკარა უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს და თუ დარღვევის ჩადენის დღიდან ხანდაზმულობის ვადები არ არის გასული, ამ შემთხვევაში, უნდა იმუშაოს სისხლის სამართალმა. დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ ყველა იმ საჩივარს, რომელიც ამ დროისთვის არის შემოსული. თუ კონკრეტული მოსამართლის მიმართ არ არსებობს საჩივარი, მაშინ წარმოების დაწყება შეიძლება შიდა მოკვლევის, გარკვეული ინფორმაციის მოგროვების, სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სხვა საფუძვლების მეშვეობით. ასეთ საკითხთა შორის არის გირგვლიანის გადაწყვეტილებაც. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს აღსრულების ნაწილში პირდაპირ არის მითითება, რომ მოხდეს რეაგირება და ამ რეაგირების შესახებ ინფორმაცია არა მხოლოდ სტრასბურგისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც იყოს ცნობილი. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არიან მართლმსაჯულების მსხვერპლნი, მათთვის როგორც მოსამართლეთა მიმართ განხორციელებული ღონისძიებებია საინტერესო, ასევე, მათი საქმეების გადასინჯვის საკითხიც.  

- უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენების გადახედვა - მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, მინი სტრასბურგის მოდელი საკონსტიტუციო სასამართლოში, სპეციალური პალატა უზენაეს სასამართლოში - არის თუ არა ეს საკითხი ისევ აქტუალური და თქვენთვის როგორი მოდელია მისაღები? 

- როდესაც იუსტიციის სამინისტროს უწყებათაშორის კომისიაში აქტიურად ვმონაწილეობდი, თითქმის ყველა ამ მოდელზე მაქვს ნამუშევარი. ამ შემთხვევაში, მხოლოდ კანონმდებლებზეა არჩევანი, რომელ მოდელს ჩათვლიანე ფექტურად და სამართლიანად. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ არჩეული მოდელი ჩვენი საზოგადოების მიერ იყოს მხარდაჭერილი. მოგეხსენებათ, 1999-2006 წლებში უზენაეს სასამართლოში ვახორციელებდი მოსამართლის უფლება-მოვალეობებს და პირველად გამამწესეს ე.წ. „საზედამხედველო პალატაში“, სადაც ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, უშუალოდ გადავსინჯავდი კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. თუმცა, ამ პალატის მუშაობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2001 წლისთვის პალატა გაუქმდა. გავიდა წლები და საჭირო გახდა, რომ ახალი გარემოებებით გადაისინჯოს 2004 წლიდან 2012 წლამდე გამოტანილი გადაწყვეტილებები. ბუნებრივია, ადამიანები ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. ამ საკითხში სასამართლო იქნება სათანადო სიმაღლეზე იმ შემთხვევაში, თუ ახალი საკანონმდებლო ცვლილება ამ პროცესის განხორციელებას სასამართლო ხელისუფლებას დაავალებს. 

- თუ გადაიხედება საქმის უზენაეს სასამართლოში დასაშვებობის კრიტერიუმები და დღეს არსებული პრაქტიკა? 

- ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობა სამოქალაქო საქმეთა პალატაში გვაქვს, სადაც საკასაციო საჩივრების ყველაზე დიდი რაოდენობაა. ამ მხრივ, ცვლილები იგეგმება. ახლა ამ კანონპროექტზე ვმუშაობ, სადაც პირდაპირ არის გაწერილი ახალი მიდგომები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხებთან დაკავშირებით. ეს მიდგომები ითვალისწინებს, პირველ ყოვლისა, დაუშვებლობის შემთხვევაშიც კი, დასაბუთების მოთხოვნას, სადაც დაუშვებლად ცნობის შესახებ სასამართლომ დასაბუთებული განჩინება უნდა გამოიტანოს და კასატორის მიერ მითითებული დასაშვებლობის საფუძვლების არგუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის მონაწილე მხარისთვის, რომელმაც მომართა სასამართლოს და რომელიც დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ელოდება პასუხს. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ დასაშვებობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მეტი სიცხადე შევიტანოთ იმ პოზიციებში, სადაც ახსნილია, როდის შეიძლება იყოს საკასაციო საჩივარი დასაშვები. ვიმედოვნებ, ეს ცვლილებები მალე მიიღებს კანონის სახეს და ყველა იმ პრობლემებს დაძლევს, რაც უზენაეს სასამართლოში გვაქვს. ეს ცვლილებები დაეგზავნა საერთო სასამართლოების მთელ სისტემას და მოსამართლეთა პოზიციების შეჯერებაც მოხდება. 

- გადაწყვეტილებების მიღებისას თუ გამოიყენება სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტები და რა გაკეთდება ამ კუთხით მოსამართლეთა ცნობიერების ასამაღლებლად? 

- ჩვენ უზენაეს სასამართლოში გვაქვს სპეციალური სამსახური, საერთაშორისო ურთიერთობების სახით, სადაც ევროპული სასამართლო პრეცენდენტები ითარგმნება, მუშავდება და მიეწოდება, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი სასამართლოს დონეზე. თუმცა ეს მასალები იბეჭდება და ქვეყნდება, რაც ყველა დონის სასამართლოს მოსამართლეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ ამ გადაწყვეტილებებს. ჩვენ იმასაც ვხვდებით, რომ მხოლოდ ეს აქტივობები არ არის საკმარისი. ჩვენ ვაპირებთ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ეფექტურად მოკლე დროში ვთარგმნოთსტრასბურგის სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულიყველა გადაწყვეტილება და, ასევე, უზრუნველვყოთ მათი დახვეწა, ანუ გარკვეულწილად დაკონსპექტება იმ საკითხების, რაც მოსამართლეებს დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ასევე, ვგეგმავთ ინსტანციებს შორის მოსამართლეთა კოორდინირებისა და ურთიერთობების დახვეწას, ეს არ გულისხმობს შეთანხმებას კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, ეს გულისხმობს მხოლოდ კოორდინირებას პრობლემურ საკითხებზე.

-რას ფიქრობთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე? 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2004 წელს კონსტიტუციის ცვლილებიდან გამომდინარე საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედებს. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ეფექტური გავხადოთ ეს ინსტიტუტი. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულის არჩევანზეა დამოკიდებული, თუ ვინ წარმართავს მის საქმეს. თუმცაძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის დახვეწასაც ჩვენ სასამართლოსაც ვთხოვთ, ეს არის ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შერჩევა. ამ საკითხებზე ჩვენ გვაქვს ასევე დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების დიდი იმედი, რომ ჩატარდება ძალიან ინტენსიური და მიზანზე ორიენტირებული ტრენინგები. დღეისათვის სულ ათამდე საქმე არის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილული, თუ ამ ინსტიტუტს დიდი მხარდაჭერა ექნება, შეიძლება ამის ეფექტურად გამოყენება, თუმცა ყველაზე მთავარი არის საზოგადოების ანუ პოტენციური ნაფიცი მსაჯულების მზაობა. ასევე, სახელმწიფოსა და სასამართლოს აქვს უამრავი ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ამ ინსტიტუტის ეფექტურობა. 

-როგორ მოხდება საზოგადოების ინფორმირება სასამართლო სისტემაში თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ?
 
ჩემი მოსვლის დღიდან, არის მითითება, რომ ყველა ინფორმაცია, რაც საჯაროა, რა საკითხსაც არ უნდა უკავშირდებოდეს, იყოს რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისათვის, მათ შორის - მედიისთვისაც. ვგეგმავთ, ასევე,  ახალი ეფექტური საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბებას. ასევე უზენაეს სასამართლოში ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ვაცხადებთ ღია კარს. ამასთან, პერიოდულად დავგეგმავთ მედიასთან შეხვედრებს, რათა გავაცნოთ სასამართლო სისტემაში განხორციელებული ღონისძიებები. ვიქნები მზად, მედიის ნებისმიერ კითხვას, შემოტევასა და კრიტიკას ობიექტურად და სამართლიანად გავცე პასუხი. ვფიქრობ, მედიის მეშვეობით შეიძლება, საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა გაღვივდეს. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავცეთ, რათა საზოგადოებას საშუალება მიეცეს სასამართლო სისტემაში განხორციელებული პროცესები შეაფასოს და გარკვეული დასკვნებიც გამოიტანოს.

გამოყენებულია cp.ge-ს ფოტო
 

ახალი ამბები