კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინტერპოლმა ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გააუქმა

16 აპრილი, 2015
 
სივილ ჯორჯია

ინტერპოლმა საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წითელი ცილკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა; ის თბილისის მიერ  მთელი რიგი ბრალდებების გამო იძებნება, რომელთაც მისი თანაგუნდელები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

„2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი“, – აღნიშნა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადებაში, რომელიც 14 აპრილს მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლის ვებგვერდიდან ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გაუქმდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ „ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი“.

მან ასევე განაცხადა, რომ ინტერპოლმა ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ქართული მხარისთვის წინასწარ არ უცნობებია და ამიტომ პროკურატურამ ვერ შეძლო  „დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი  დოკუმენტაციის წარდგენა“.

საქართველომ ინტერპოლს ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადების თხოვნით 2013 წლის იანვარში მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება პატიმართა მიმართ 2012 წლის სექტემბერში „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის“ ორგანიზებასა და პროვოცირებას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებას.

ინტერპოლმა ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარი 2013 წლის ნოემბერში გამოსცა.  

„წითელი ცირკულარის“ გამოცემა ნიშნავს, რომ ინტერპოლი ეხმარება შესაბამისი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ძებნილი პირის ადგილსამყოფელის დადგენაში, რათა შემდგომ მოხდეს ამ პირის დაკავება და შესაძლო ექსტრადიცია, თუმცა ინტერპოლს არ აქვს საშუალება მოთხოვოს რომელიმე ქვეყანას დააკავოს ის პირი, რომელზეც გაიცა წითელი ცირკულარი.

იმ დროისათვის, როცა ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარი გამოიცა, ეს უკანასკნელი სავარაუდოდ უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც მან, გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფარი მიიღო.

ბოლო დროს ის არაფორმალურად უკრაინის ხელისუფლებას რჩევებს აძლევს რეფორმებთან დაკავშირებით, როგორც ამის თაობაზე მისი ახლობლები და საქართველოს ხელისუფლების ის ყოფილი წარმომადგენლები აცხადებენ, რომლებიც ამჟამად უკრაინის მთავრობაში მუშაობენ.

თებერვალში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ უკრაინამ არ დააკმაყოფილა თბილისის მოთხოვნა ადეიშვილის ექსტრადიციის თაობაზე.

უკრაინამ, რომლის გენერალური პროკურორის მოადგილე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძეა, ასევე უარი უთხრა საქართველოს ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადირებაზე იმ მიზეზით, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქართველოს პროკურატურა უკვე წელიწადზე მეტია ამაოდ ითხოვს ინტერპოლის წითელი ცირკულარის გამოცემას სააკაშვილის მიმართ.

ახალი ამბები