კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულომ შსს-ს ავტომობილების საჩუქრად გადაცემაზე უარი უთხრა

24 აპრილი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მერიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან შვიდი ავტომობილით თვითმმართველობის ორგანო არ სარგებლობს. 2009 წელს გორის მუნიციპალიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას 5 ავტომობილი დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ავტომობილს, მათ შორის ერთი გუბერნატორის ადმინისტრაციას, მეორე კი, პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, დროებით სარგებლობის უფლებით,  გადასცეს.

2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის მერიას განცხადებით მიმართა, რათა მათ სარგებლობაში მყოფი ხუთი ავტომობილი შსს- თვის საჩუქრად გადაეცათ. გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა შუამდგომლობის წინადადებით ქალაქის საკრებულოს მიმართა და განაცხადა, რომ ავტომობილების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, თუ ძალოვან უწყებას მათ სარგებლობაში მყოფ ავტომობილებს საჩუქრად გადასცემენ.

მერის წინადადებას დეპუტატთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. საკრებულოს დეპუტატის ,„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, თამარ თედლიაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის მიუხედავად, გორის მერიამ თავისი საკუთრება უნდა დაიბრნოს და აუქციონის წესით გაყიდოს.

,,წინააღმდეგი ვარ, აღნიშნული მოძრავი ქონება უსასყიდლოდ გადავცეთ შსს-ს, ისედაც ამდენი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა, თამარ თედლიაშვილმა.

„საკრებულოს ავტოპარკი, ფაქტობრივად, არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული ავტომანქანები უნდა გავყიდოთ და აღებული თანხით ახალი შევიძინოთ“, -აღნიშნა დეპუტატმა დავით რაზმაძემ.

საკრებულოს 15 დეპუტატიდან სხდომას სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ, კენჭის ყრის დროს კი ხმები ასე გადანაწილდა: 10 წინააღმდეგი, 4 მომხრე და ერთმა თავი შეიკავა.

გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი საკრებულოს სხდომიდან უკმაყოფილო წავიდა. მისი თქმით, დეპუტატებმა საკითხის განხილვის დროს პოლიტიკური ქულები დაიწერეს.

რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს: გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორი ავტომანქანა,  ხაშურის მუნიციპალიტეტის - ოთხი, ქარელის მუნიციპალიტეტის - სამი და კასპის მუნიციპალიტეტის - ორი ავტომანქანა შსს-ს ადგილობრივი პოლიციის სამმართველოების დროებით სარგებლობაში რჩება. ამ ეტაპისთვის, ავტომანქანების შსს ბალანსზე გადაცემასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომა ზემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში არ გამართულა.

ახალი ამბები