კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა იეჰოვას მოწმეთა დევნის ფაქტებთან დაკავშირებით

28 აპრილი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს იეჰოვას მოწმეთა დევნის ფაქტებზე ქალაქ თერჯოლაში, რომელიც 2014 წლის ივნისში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

2014 წლის 19 თებერვალს, ქალაქ თერჯოლაში, ოთხი ძმის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისაგან მოიპოვეს „სამეფო დარბაზის“ მშენებლობის ნებართვა. 2014 წლის ივნისში მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა. აქციის მონაწილეთა მხრიდან დაფიქსირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის, ქონების განადგურების მუქარის ნიშნები: „მთელი თერჯოლა ფეხზე დადგება, გადავუწვავთ სამლოცველოს, რადგან აქ მათი ადგილი არ არის“; „თუ მშენებლობა არ შეწყდება, აშენებულს დავუნგრევთ და საერთოდ გამოვასახლებთ სახლიდან“.1

ამის შემდეგ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება მშენებლობის შეჩერების შესახებ, მეზობლად მცხოვრები პირის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად, მშენებლობა მის სახლს აზიანებდა. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო გამყარებული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, რის გამოც იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლებმა მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების გაუქმება.

2015 წლის 19 მარტს, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და დაავალა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შესაბამისი აქტის გამოცემა მშენებლობის გასაგრძელებლად.

სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 29 სექტემბრის საინჟინრო-გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, რომელიც, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „ქ. თერჯოლაში, ოთხი ძმის ქუჩის შესახვევის #1-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ამავე ქუჩაზე მდებარე ი. ცარციძესა და კ. მაკარიძის საცხოვრებელ სახლებზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს და მათ მდგრადობას საფრთხეს არ შეუქმნის“.

2015 წლის 21 აპრილს, იეჰოვას მოწმეებმა მიიღეს მუქარის წერილი ე.წ. საინიციატივო ჯგუფისაგან, რომლის თანახმადაც, რაიონის საზოგადოება და დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლები 2015 წლის 26 აპრილს შეკრებას გამართავდნენ მშენებლობის საკითხის განსახილველად ქალაქ თერჯოლის მუნიციპალიტეტის დარბაზში. „თუ უარს იტყვით დიალოგზე და არ გაითვალისწინებთ რაიონში მცხოვრები მართლმორწმუნე ქრისტიანების (ინტელიგენციისა და მშრომელი ადამიანების) სამართლიან პროტესტს თქვენი გამომწვევი ქმედების მიმართ, ჩავთვლით, რომ მიზანმიმართულად აღვივებთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში, რის გამოც სრულად დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა მოსალოდნელ შედეგებზე“, - აღნიშნულია წერილში (იხ.: თანდართული დოკუმენტი).

აღნიშნული განცხადება შეიცავს მუქარისა და დისკრიმინაციის ნიშნებს იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი; ასევე - საქართველოს სახალხო დამცველს, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაინტერესდეს და შეისწავლოს იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტები.



2.თანდართული დოკუმენტი :

ახალი ამბები