16:14, Monday, 23.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არასრულწლოვან პატიმართა განათლების პრობლემები

29.04.2015

 
 
ნათია გოგოლაშვილი

საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება. ამ უფლებით უკვე რამდენიმე წელია, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ბრალდებულები სარგებლობენ. დღეის მდგომარეობით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები განთავსებული არიან სასჯელაღსრულების №11 დაწესებულებაში, ხოლო არასრულწლოვანი ბრალდებულები სასჯელაღსრულების №8 და №2 დაწესებულებების სპეციალურად მათთვის გამოყოფილ საცხოვრებელ კორპუსებში.

მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა განათლება

სასჯელაღსრულების №11 დაწესებულებაში ზოგადსაგანმანათლებლო პროცესი სამოქალაქო სექტორში არსებული სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. დაწესებულებაში არსებული სკოლა მიერთებულია თბილისის №123–ე საჯარო სკოლას. შესაბამისად, მსჯავრდებულ ბავშვებს საშუალება ეძლევათ, სწავლის დამადასტურებელი ატესტატი აიღონ, სადაც არ აღინიშნება, რომ ეს ატესტატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაცემული.

123-ე საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ ლოსაბერიძის თქმით, სკოლა 2007 წლიდან ჩაერთო საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდებოდა. თავიდან გაკვეთილები №11 დაწესებულებაში განთავსებულ მამრობითი სქესის არასრულწლოვან პატიმრებს უტარდებოდათ. შემდგომ კი ამ პროცესს ქალთა №5 დაწესებულებაში მყოფი გოგონებიც შეუერთდნენ. თამარ ლოსაბერიძის ინფორმაციით, ჟურნალის მიხედვით, ამჟამად 123-ე საჯარო სკოლაში 48 არასრულწლოვანი პატიმარი ირიცხება. თუმცა, ეს რიცხვი ხშირად იცვლება, რადგან ზოგიერთი სრულწლოვანი ხდება და საპატიმრო დაწესებულებას იცვლის, ზოგიერთი თავისუფლდება  და ა.შ. ამ ეტაპზე კი, ჩარიცხულია 21 მოსწავლე და ამავდროულად კიდევ 5 ბავშვის საბუთების მოწესრიგება მიმდინარეობს. 

სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, სკოლის შენობაში არის ბიბლიოთეკა და სოციალური მუშაკების სამუშაო ოთახები. სწავლება მიმდინარეობს 12 კლასის ჩათვლით. გაკვეთილების მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 30 წუთი და მაქსიმუმ 5 გაკვეთილი უტარდებათ დღეში, 5-წუთიანი შესვენებით. აღნიშნული განსხვავება გამართლებულია იმით, რომ არ მოხდეს მსჯავრდებულთა გადატვირთა და გადაღლა სწავლების პროცესით. 

2015 წლის 31 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა, ბულგარეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, განახორციელეს მონიტორინგი №11 საპატიმრო დაწესებულებაში, მოინახულეს დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედი სკოლა, გაესაუბრნენ არასრულწლოვან პატიმრებსა და მათ მასწავლებლებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორის, ნინო ცაგარეიშვილის შეფასებით, სკოლაში არის კეთილმოწყობილი და მრავალფეროვანი ლიტერატურით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, რომლითაც ხშირად სარგებლობენ პატიმრები. თუმცა, პრობლემაა ის, რომ ბიბლიოთეკაში ცოტაა წიგნები სხვა ენებზე. „მაგალითად, ბიბლიოთეკაში არ არის წიგნები აზერბაიჯანულ ენაზე, რაც შესაძლებლობას ართმევს დაწესებულებაში მყოფ ეთნიკურად აზერბაიჯანელ პატიმრებს, გაეცნონ სხვადასხვა ლიტერატურას თავიანთ ენაზე. ასევე, სკოლაში არ არსებობს ინდივიდუალური პროგრამა ეთნიკურად აზერბაიჯანელი პატიმრებისათვის, რომლებმაც არ იციან ქართული და რუსული ენები“, - აცხადებს ნინო ცაგარეიშვილი.

განათლების მიღება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნებაყოფლობითია. 123-ე საჯარო სკოლის დირექტორის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი სწავლის სურვილს გამოთქვამს, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან მშობელმა განცხადება უნდა დაწეროს. სწორედ ამის შემდეგ იწყებს სკოლა ბავშვზე ინფორმაციის მოგროვებას. თამარ ლოსაბერიძის თქმით, არასრულწლოვანზე ინფორმაციის მოგროვების ეტაპზე სხვადასხვა სახის პრობლემებს აწყდებიან. 

„ეროვნული სასწავლო გეგმით სავალდებულოა მხოლოდ საბაზო და დაწყებითი კლასები. 9 კლასის შემდეგ განათლების მიღება ბავშვის არჩევანზეა დამოკიდებული, მას ასევე შეუძლია, პროფესიული განათლება მიიღოს. თუმცა, ბევრი არასრულწლოვანი ცდილობს, გააგრძელოს და მიიღოს სრულყოფილი განათლება. პრობლემა ის არის, რომ ზოგჯერ ბავშვებს ოჯახის მხრიდან არა აქვთ მხარდაჭერა. არასრულწლოვანი თვითონ ვერ დაწერს განცხადებას და საჭიროა მშობლის მოსვლა. ამის გამო, ხანდახან გვიწევს 1-2 თვე ლოდინი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულება გვეხმარება. განცხადების ფორმა გვაქვს შემუშავებული და დატოვებული დაწესებულებაში. შესაბამისად, მშობელს განცხადებას დაწესებულებაში მომუშავე ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი აწერინებს. შემდგომ ეს განცხადება გადის ჩვენთან ელექტრონულ საქმის წარმოებაში, ნომერი ენიჭება და მის საფუძველზე სამინისტროს ოფიციალურ ნებართვას ვთხოვთ. ამ ნებართვისა და მშობლის განცხადების საფუძველზე, ჩვენ ვაკეთებთ განაცხადს იმ სკოლაში, რომელშიც არასრულწლოვანი დაწესებულებაში მოხვედრამდე სწავლობდა, გამოვითხოვთ პირად საქმეს და ვადგენთ, სწავლების რა საფეხურზე იმყოფება მოსწავლე“, - აცხადებს თამარ ლოსაბერიძე. 

არასამთავრობო ორგანიზაციის, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ თავმჯდომარის, ტატო ქელბაქიანის თქმით, ასევე პრობლემაა, როცა ბავშვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლა შეწყვეტილი აქვს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრის შემდგომ სურს სწავლის გაგრძელება: „თუ ბავშვს შეწყვეტილი აქვს სწავლა, უნდა მოხდეს სპეციალური შეფასება, უნდა განისაზღვროს მისი აკადემიური მოსწრება და შესაბამის კლასში ჩარიცხვა. ხოლო თუ მისი ასაკი არ შეესაბამება შესაბამის დონეს ან არის სხვა სახის საჭიროებები, სპეციალური პროგრამები უნდა შემუშავდეს მათთვის.  მათ სჭირდებათ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. ჩემი აზრით, ამ კუთხით ნაკლებად არის განათლების სამინისტროს მზაობა, განახორციელოს მსგავსი სახის ინდივიდუალური პროგრამები. ზოგადად, სამოქალაქო სექტორშიც სკოლაში ნაკლებია რესურსი იმისათვის, რომ ინდივიდუალური მიდგომები განხორციელდეს მსგავს შემთხვევებში. ამ კუთხით აუცილებელია, რომ ეფექტური მექანიზმი შემუშავდეს“.

თამარ ლოსაბერიძის თქმით, პრობლემას ხშირად ისიც წარმოშობს, როცა მსჯავრდებულმა ზუსტად არ იცის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხვედრამდე რომელ სკოლაში ირიცხებოდა. ეს გარემოება კი საბუთების მოძიების ეტაპს ართულებს: „ახლა  სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს. ქალთა დაწესებულებაში 17 წლის გოგონა მოიყვანეს, რომელმაც სწავლის სურვილი გამოთქვა. ახლა უნდა დავადგინოთ, რომელ სკოლაში ირიცხებოდა ეს მოსწავლე. გვეუბნება, რომ სწავლობდა 160-ე სკოლაში და შემდგომ სწავლობდა კერძო სკოლა „საკმეველში“. ეს სკოლა კი გაუქმდა და ბაზაში აღარ ჩანს, სად სწავლობდა ეს გოგონა. ამ ეტაპზე უნდა მოვაგროვოთ ინფორმაცია იმ სკოლებიდან, რომლებიც მან დაასახელა. ამის შემდეგ მისთვისაც ჩვეულებრივ დაინიშნება გაკვეთილები და სწავლაც ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, არა აქვს მნივნელობა რამდენი მოსწავლე იქნება კლასში“.

არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ, ასევე, ექსტერნის ფორმით დაძლიონ სასწავლო პროგრამა და შემდეგ საფეხურზე გადავიდნენ.

გვანცა ყუფარაძე 2006 წლის 14 ნოემბერს 14 წლის ასაკში დააკავეს და ქალთა №5 დაწესებულებაში განათავსეს. 2007 წელს მას სასამართლო განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, აქედან 5 წელი გვანცამ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა. როგორც გვანცა ყუფარაძე humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებს, 2006 წლის მდგომარეობით, საპყრობილეში არათუ საგანმანათლებლო დაწესებულება, თავისუფალი საკანიც კი რთულად მოიძია დაწესებულების ხელმძღვანელობამ არასრულწლოვნის განსათავსებლად.

გვანცა ყუფარაძე იხსენებს: „2009 წლამდე განათლების მიღების შესაძლებლობა არ მქონია. პირადად მე ვითხოვდი გარკვეული ტიპის ლიტერატურას, მიგზავნიდნენ ამანათით და ვმეცადინეობდი. ამაში ხელს არ მიშლიდნენ. პედაგოგებმა 2009 წლის სექტემბერში შეძლეს ჩვენთან შემოსვლა. იმ დროს დაწესებულებაში ხუთამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებული ვიმყოფებოდით. 2009 წლიდან 2011 წლამდე გავიარე 4 წლის საგანმანათლებლო პროგრამა, რადგან დაკავების მომენტში, ასაკის შესაბამისად, მე-9 კლასში ვიყავი და სწავლაც სწორედ მე-9 კლასის პროგრამით დავიწყეთ. პედაგოგებმა გადაწყვიტეს, რომ პროგრამა ექსტერნად უნდა დამეძლია, რადგან წლები არ დამეკარგა. 2011 წელს მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდები ე.წ. CAT-ის პროგრამით ჩავაბარე, გავედი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ჩავირიცხე სამართლის ფაკულტეტზე. ამ ხნის მანძილზე ათი პედაგოგი გვასწავლიდა. გავდიოდით სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საგანს. პედაგოგები 10:00 საათიდან, სასწავლო ცხრილის შესაბამისად, გვამეცადინებდნენ. გარკვეული პერიოდის მანძილზე დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდეც კი დარჩენილან, რათა კლასგარეშედ მოვემზადებინეთ, რათა დაკარგული დრო აგვენაზღაურებინა“.

მიუხედავად იმისა, რომ გვანცა ყუფარაძემ უმაღლეს სასწავლებელში სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა, მას სწავლის საშუალება პრაქტიკულად არ მიეცა, რადგან დისტანციური სწავლების სერვისები უმაღლეს სასწავლებლებში დანერგილი არ არის. სახელმწიფომ უარი თქვა ყუფარაძის გათავისუფლებაზე შეწყალების ან ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმით. მსგავსი პრობლემა დღესაც მწვავედ დგას. ამდენად, ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციაა, განათლების სამინისტრომ ხელი შეუწყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების დანერგვას, რაც უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს არასრულწლოვან პატიმრებს. 

„არსებობს შემთხვევები, როცა არასრულწლოვანმა პატიმრებმა ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ სწავლის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ, რადგანაც სრულწლოვნები გახდნენ და სასჯელის მოხდა განაგრძეს სრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც არ არსებობს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, მასწავლებელთა ინფორმაციით, მსჯავრდებულებს აქვთ მოტივაცია, მიიღონ კარგი ნიშნები, რადგანაც, მათი შინაგანი რწმენით, კარგი აკადემიური მოსწრება დაეხმარებათ მათ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებასა და შეწყალების მიღებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა ნაწილის გარკვეული აქტიურობა და სასწავლო პროცესში ჩართულობა ჩვენც დავაფიქსირეთ გაკვეთილებზე დასწრებისას“, - აცხადებს ნინო ცაგარეიშვილი.

123-ე საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, 2007 წელს მასწავლებლები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. შერჩეული მასწავლებლები სხვადასხვა სკოლაში მუშაობენ, ზოგიერთი კი მხოლოდ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არსებულ სკოლაში მუშაობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორის, ნინო ცაგარეიშვილის თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მასწავლებლებს იშვიათად უტარდებათ ტრენინგები პატიმრებთან ურთიერთობის საკითხებზე, სწავლების მეთოდებსა და მიდგომებზე: „როგორც მასწავლებლებმა აღნიშნეს, მსგავსი ტრენინგი ერთხელ ჩაუტარდათ 4 თუ 5 წლის წინ. იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვან პატიმართა განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციისათვის, აუცილებელია, მასწავლებლები უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი გადამზადებითა და ტრენინგებით“.

123-ე საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი თინათინ არჩვაძე არასრულწლოვან გოგონებთან რუსული ენის გაკვეთილებს ატარებს. იგი პროგრამაში დაწყების დღიდან არის ჩართული. მისი თქმით, არასრულწლოვან პატიმრებთან ურთიერთობის შესახებ ტრენინგები მხოლოდ საწყის ეტაპზე ჩაუტარდათ.

„პროგრამის დაწყებისას გავიარეთ ტრენინგი, მაგრამ დიდი ხანია, მსგავსი ტრენინგი აღარ ჩაგვტარებია. ჩაგვიტარდა ფსიქოლოგების ტრენინგებიც არასრულწლოვან პატიმრებთან ურთიერთობის შესახებ. მათ, რა თქმა უნდა, სჭირდებათ სპეციფიკური მიდგომები. მათთან ურთიერთობას ვიწყებთ არა გაკვეთილით, არამედ განტვირთვით. ეს არის მათთან ფსიქოლოგიური მუშაობა, მათთან დაახლოება და ნდობის მოპოვება, რა თქმა უნდა, სითბოთი და სიყვარულით. თითოეული არასრულწლოვნისთვის გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა, მათ შორის ეთნიკურად არაქართველებისთვისაც. ამასთან, სხვადასხვა აქტივობასაც მივმართავთ. აქტიურად ვიყენებთ ვიზუალურ მხარეს, ტექნოლოგიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად საინტერესო გავხადოთ სასწავლო პროცესი“, - განაცხადა თინათინ არჩვაძემ.

თამარ ლოსაბერიძის თქმით, მიმდინარე წელს მეთერთმეტე კლასის 9 მოსწავლე და მეთორმეტე კლასის 8 მოსწავლე CAT-ის პროგრამის გამოცდაზეა დარეგისტრირებული, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 მეთორმეტეკლასელია დარეგისტრირებული. 123-ე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, იგი ყოველდღე იღებს ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და გარკვეული პერიოდულობით, განათლების სამინისტროსაც უგზავნის. 

„პირადად მე, როგორც დირექტორი, ხშირად შევდივარ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ბავშვებს ვესაუბრები. მინდა, რომ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ. 14 მასწავლებელი მუშაობს და ერთ-ერთი მათგანი ჯგუფის ხელმძღვანელია. იგი ყოველდღიურად გვაწვდის ინფორმაციას. ჟურნალის მონიტორინგსაც ვაწარმოებთ. მუდმივი კონტაქტი გვაქვს სამინისტროსთან“, - აცხადებს თამარ ლოსაბერიძე.

 ბრალდებულ არასრულწლოვანთა განათლება

N11 დაწესებულებისგან განსხვავებით, N8 და N2 დაწესებულებებში სასწავლო პროგრამა არ არის მიერთებული არც ერთ საჯარო სკოლასთან. შესაბამისად, არასრულწლოვან ბრალდებულებზე ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაიცემა. ეს გარემოება სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, სწავლის პროცესის მიმართ არასრულწლოვანი ბრალდებულების ინდიფერენტულ დამოკიდებულებას იწვევს. 

„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონული დირექტორის, ცირა ჭანტურიას თქმით, პრობლემაა ბრალდებულ არასრულწლოვანთა განათლება, რადგან სასწავლო პროგრამა მათ საჭიროებებს არ არის მორგებული. მისი თქმით, ბრალდებული ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან და ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებენ. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, განათლების უწყვეტობის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს ბრალდებული არასრულწლოვნებისთვისაც სრულყოფილი განათლების შეთავაზება.

„2012 წლის მეორე ნახევრიდან თბილისის №8 და ქუთაისის №2 დაწესებულებებში ბრალდებულ არასრულწლოვნებსაც აქვთ სასწავლო პროგრამა, მაგრამ უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ზოგადი ან სრული განათლება არ წარმოადგენს ატესტატის გაცემის საფუძველს. პრაქტიკაში, ბრალდებულ არასრულწლოვნებს ხშირად 9 თვით (მაქსიმალური ვადით) უწევთ აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნა. ამას ემატება ის შემთხვევები, როცა უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი ხდება №11 დაწესებულებიდან მსჯავრდებულების №8 ან №2 დაწესებულებაში გადაყვანა. შესაბამისად, არასრულწლოვნები ხანგრძლივი პერიოდით არიან მოკლებული განათლების მიღების შესაძლებლობას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

„ბრალდებული არასრულწლოვანი რამდენ ხანს გაჩერდება დაწესებულებაში, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ამიტომ სრულყოფილი სასწავლო პროცესის ორგანიზება ძალიან რთულია. ამ ეტაპზე მხოლოდ გარკვეულ დისციპლინებში ჰყავთ მასწავლებლები აყვანილი, რომლებიც ბავშვებს სხვადასხვა მიმართულებით ამეცადინებენ, რათა ძლიერი მხარეები შეუნარჩუნონ, არასტანდარტული კურიკულუმებით, ინდივიდუალურად. ეს სისტემა დასახვეწი და გასაუმჯობესებელია. ბავშვების მეტი ჩართულობის უზრუნვეყოფის მიზნით კი, უნდა შეიქმნას მათი მოტივაციის ასამაღლებელი სისტემა“, - აცხადებს „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანი.

123-ე საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, პროგრამაში ჩართული მათი რამდენიმე მასწავლებელი შედის არასრულწლოვან ბრალდებულებთან გაკვეთილების ჩასატარებლად, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ბრალდებულ არასრულწლოვანთა განათლება არ არის სრულყოფილი და სწავლების ამ მოდელს დახვეწა სჭირდება.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC