კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდებები მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მედპერსონალის წინააღმდეგ

29 აპრილი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

2014 წლის 26 მარტს, 3 თვის შვილი გელა დიდებაშვილმა და ნინო თარიმანაშვილმა თემქის კლინიკიდან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში იმ მიზეზით გადაიყვანეს, რომ საჭირო გახდა, ბავშვის სუნთქვის მართვად აპარატზე მიერთება. ბავშვი უკვე წელიწადი და ერთი თვეა, იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება. მშობლების თქმით, ამ ხნის მანძილზე, ექიმების დაუდევრობის გამო, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. დღესდღეობით, მცირეწლოვანს ინვალიდობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„თემქის კლინიკაში რეანიმატოლოგებმა ვეღარ შეძლეს მკურნალობის გაგრელება. სამი თვე ვიყავით იქ, ბავშვის მდგომარეობა რომ დამძიმდა, საჭირო გახდა ინტუბირება ანუ აპარატზე მიერთება, რომელიც მხოლოდ იაშვილის კლინიკაშია შესაძლებელი. რეანიმაციის მანქანით ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადმოვიყვანეთ,  რათა მიერთებულიყო სუნთქვით აპარატზე. თემქის კლინიკაში რატომღაც მიიჩნევდნენ, რომ ესთანდაყოლილი დაავადება იყო, რომელიც გერმანიიდან გამოგზავნილი დასკვნების შედეგად, არ დადასტურდა. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი 5 თვემდე ვერ იცოცხლებდა“, - აცხადებს მცირეწლოვანი ბავშვის მამა, გელა დიდებაშვილი.

მშობლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებაში ბავშვის მკურნალ ექიმს - მაია ფეიქრიშვილს, რეანიმატოლოგიური განყოფილების უფროსს - გია ბიბილაშვილსა და იაშვილის კლინიკის დიექტორის მოადგილეს - ვანიკო ჩხაიძეს ადანაშაულებენ.

მშობლების თქმით, იაშვილის კლინიკაში რეანიმატოლოგიური განყოფილების უფროსმა გია ბიბილაშვილმა ბავშვის სუნთქვით აპარატზე მიერთება საჭიროდ არ ჩათვალა. მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიაერთეს ბავშვი სუნთქვით აპარატს. მაშინ, როცა მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა.

„რეანიმაციის დეპარტამენტის უფროსმა, გია ბიბილაშვილმა მანახა კარდიოგრამა, რა სჭირს ამას სააპარატეო, დავაკვირდებიო. თურმე არავითარი ზომები არ მიიღო. ჩვენ  კი რეანიმაციაში დიდხანს არ გვაჩერებდნენ. ფეიქრიშვილმა ისიც კი განმიცხადა, რომ არ ვიცი თემქაზე რა ხდებოდაო. მოსმენაც არ უნდოდა და დაელოდნენ შეტევას. სამწუხაროდ, ბავშვისთვის ეს შეტევა ცუდი შედეგების მომტანი აღმოჩნდა. იმიტომ რომ ინტუბირება ვერ ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ყელში ყოფილა შევიწროება, რაც ვერცერთ კლინიკაში ვერ აღმოაჩინეს. ამიტომ ჩააყენეს სტომა, ამ დროს გაუჩერდა ბავშვს გული, ეს ოპერაცია იქვე პალატაში ჩატარდა. რამაც გამოიწვია ფილტვის, ხორხის დაზიანება. მერე მისცეს კვება, რომელმაც პერეტონიტი გამოიწვია, ჟანგბადი გავიდა კანქვეშ და ბავშვი ბურთივით გაიბერა“, - განაცხადა გელა დიდებაშვილმა.

„3 თვის იყო ბავშვი იაშვილის კლინიკაში რომ შევიყვანეთ. როცა ბავშვს გაუკეთდა ინტუბირება, დაუზიანდა ხორხი და ჩაეხა ფილტვი. გია ბიბილაშვილმა გვითხრა, რომ ეს თვითონ ჩაეხაო. ბავშვი ამის შემდეგ მდგომარეობიდან გამოვიდა, ისევ ჩვეულებრივ კონტაქტური იყო, მაგრამ ფილტვი ჰქონდა დაზიანებული. ზონდით მისცეს კვება, ბავშვი გაიბერა, გასივდა. ამი გამო ექიმთან შელაპარაკება მომივიდა, ისინი ცინიკურად მელაპარაკებოდნენ და პატრულში დარეკვით მემუქრებოდნენ. ამის შემდეგ ბავშვს ჩაუდგეს დრენაჟი, ნელ-ნელა ბავშვი მდგომარეობიდან გამოვიდა, მაგრამ უჟანგბადობით განუვითარდა ჰიგრომა (ფიბროზული სითხის გროვა სასახსრე პარკში), ჰიდროცეფალია (პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა), ჰემატომა (სისხლის დაგროვება ქსოვილებში სიმსივნის ან კისტის სახით, რომელიც ვითარდება სახსრის დაზიანების და მთლიანობის დარღვევის შედეგად). ერთი კვირის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გაუარესებული დაგვხვდა, მეორე ფილტვიც ჰქონდა გახვრეტილი. კითხვაზე, რა მოხდა, მისმა მკურნალმა ექიმმა გვითხრა, რომ სტომამ არ გაატარაო“, - აცხადებს მცირეწლოვანი ბავშვის დედა, ნინო თარიმანაშვილი.

გელა დიდებაშვილმა, სამართლებრივი დახმარების თხოვნით, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა.
 
„მშობლის ინფორმაციით, მის შვილს იაშვილის კლინიკაში  არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, რამაც ბავშვის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმება გამოიწვია. დღეს ის  რეანიმაციული განყოფილების პალიატიური მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და მოვითხოვეთ სპეციალური კომისიის შექმნა, რათა შესწავლილიყო ის ფაქტები, რაზეც მშობლები საუბრობენ და თუ გამოიკვეთებოდა ექიმების ბრალეულობის საკითხი, შესაბამისი სანქციების გატარების საკითხი განხილულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროდან 1 აპრილს შეტანილ განცხადებაზე დღემდე პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თამარ ავალიანმა.

მშობლების მოთხოვნაა, მედიასაშუალებები ამ თემით დაინტერესდნენ და დადგინდეს სიმართლე. ისინი, ასევე, მიმართავენ ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, პირად კონტროლზე აიყვანოს ბავშვის მკურნალობა.

humanrights.ge მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს, ვანო ჩხაიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, სარჩელის საფუძველზე, მცირეწლოვანის საქმის დეტალებით ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდა. ვანო ჩხაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკაში კომისიაა შესული, რომელიც შეისწავლის მცირეწლოვანი ბავშვის მკურნალობის დეტალებს და დასკვნას, დაახლოებით, მომდევნო კვირის ბოლოსთვის დადებს.

ახალი ამბები