კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში

4 მაისი, 2015
 
ნინო ცაგარეიშვილი,http://humanrightshouse.org/Articles/20893.html
 

2014 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან გამოწვევებთან ბრძოლას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიც არის უმცირესობათა უფლებები, ქალთა უფლებები, რელიგიის თავისუფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება, ეფექტური მექანიზმის შემუშავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად და სხვ... თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციების დაკვირვევები წარმოაჩენს, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პოლიტიკასა და რეალურ მდგომარეობას შორის არსებითი განსხვავებაა. მიუხედავად რიგი პოზიტიური ცვლილებებისა ცალკეული მიმართულებებით, საქართველოს ხელისუფლება კრიტიკულ მარცხს განიცდის ადამიანის უფლებათა სამართლის ფუნდამენტური პრინციპის - ადამიანთა თანასწორობის - უზრუნველყოფის კუთხით. 

ძალადობის გახშირებული ფაქტები უმცირესობების ჯგუფების წინააღმდეგ და ხელისუფლების არასათანადო რეაგირება განსაკუთრებით შემაშფოთებელ ფორმებს იღებს ბოლო წლებში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სტიგმატიზირებული ჯგუფები - ლგბტ და რელიგიური უმცირესობები - მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ისარგებლონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით. 

უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ 2012-2014 წლებში ყოველივე მესამე ლგბტ პირი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო საქართველოში1. სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიება, როგორც წესი, არაეფექტურად მიმდინარეობას, ან არ იწყება ან არაგონივრულად ჭიანურდება. მიუხედავად იმისა, რომ სიძულვილის მოტივი წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას საქართველოს კანონმდებლობით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებში იგი დღემდე არ გამოყენებულა. სამართალდამცავი ორგანოები არ აწარმოებენ სტატისტიკას ლგბტ პირების წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ.2
 
ლგბტ პირები საქართველოში მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დაუბრკოლებლად ისარგებლონ გამოხატვის თავისუფლებითა და მშვიდობიანი შეკრების უფლებით. 2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი აქციის დამბრევი პირები დღემდე არ მიცემულან პასუხისგებაში.3 2014 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტებმა უარი განაცხადეს აქციის გამართვაზე, რადგანაც მათ არ ჰქონდათ დაცვის გარანტიები სახელმწიფოს მხრიდან.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც გახშირებულ ძალადობას განიცდის საქართველოში, რელიგიური უმცირესობაა. ადგილობრივი მუსლიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მრავალჯერ გახდნენ აგრესიის მსხვერპლი 2012 წლიდან დღემდე რადიკალურად განწყობილი იმ ჯგუფებისაგან, რომლებიც თავს მართლმადიდებლებს მიაკუთვნებენ. მუსლიმთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა მოიცავდა გადაადგილების თავისუფლების ხელყოფას, რელიგიური რიტუალის ხელშეშლას, მუქარებსა და ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკურ ძალადობას. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი პოლიცია წარმოდგენილი იყო აღნიშნული ინციდენტების უმრავლეს შემთხვევებში, მათ არ აღუკვეთავთ აგრესორთა დანაშაულებრივი ქმედებები. არავინ მიცემულა პასუხისგებაში იმ ძალადობრივი ქმედებებისათვის, რომელიც საქართველოს სხვადასხვა სოფლებში, ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში დაფიქსირდა 2012-2013 წლებში.4
 
მუსლიმური პანსიონი ქობულეთში ყოველდღიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ შენობა სრულ მზადყოფნაშია სტუდენტების მისაღებად, სწავლა დღემდე არ დაწყებულა, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობა პანსიონის სტუმრებს შენობაში შესვლას უკრძალავს. აღნიშნულის მოწმენი გახდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები, როცა შენობა 2015 წლის იანვარში მოინახულეს და პანსიონში მცხოვრებ ერთადერთ ადამიანს გაესაუბრნენ.5
 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის, თამთა მიქელაძის შეფასებით, 2013-2014 წლებში გაზრდილია იეჰოვას მოწმეთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები, რის მიზეზადაც ის სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტურ გამოძიებასა და პოლიტიკური ნების უქონლობას ასახელებს.
 
„სახელმწიფო რელიგიური უმცირესობების მიმართ არის რეპრესიული. თუ რელიგიური მოტივით დანაშაულს დომინანტური ჯგუფი ჩადის, სახელმწიფო ეფექტურ გამოძიებას არ ახდენს, არ სჯის კონკრეტულ პირებს, გამოძიების პროცესი ჭიანურდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირად შეუწყნარებლობის მიმართ ლოიალურები შსს-ს თანამშრომლები არიან. საქმეების გამოძიება ხდება არა პროკურატურის მხრიდან, არამედ თავად შსს-ს გენინსპექციის მხრიდან, რაც ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპს არღვევს. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა თავად ძალადობის თვისობრიობაც. ბოლო პერიოდის ქეისების მონიტორინგი აჩვენებს, რომ ძალადობას საჯარო და კოლექტიური ხასიათი აქვს“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.6

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ახლახანს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა იეღოვას მოწმის, ლელა შველიძის სამართლებრივი დევნის საგანგაშო შემთხვევა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, სავარაუდოდ, მისი რელიგიური კუთვნილების გამო. მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა, ლელა შველიძის წინააღმდეგ საქმე მეზობლის ცემის გამო აღიძრა, თუმცა, საქმის გარემოებები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებდა. აღსანიშნავია, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ლელა შველიძე უდანაშაულოდ სცნო.7
 
ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს საკითხი, იყო თუ არა ლელა შველიძე ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ქალთა მიმართ დისკრიმინაციამ და ძალადობამ ბოლო წლებში საქართველოში შემაშფოთებელ მაჩვენებელს მიაღწია. 2014 წელს 23 ქალი გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლი გახდა8. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემით, 2014 წლის იანვრიდან ივნისისამდე, 77 ფიზიკური და 122 ფსიქოლოგიური ძალადობის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა ქალთა წინააღმდეგ საქართველოში.9 

გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა 2014 წლის ანგარიშში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტური ზომები მიეღო ქალთა გახშირებული მკვლელობების პრევენციისათვის. კომიტეტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაძლიოს სტერეოტიპული წარმოდგენები ქალთა და მამაკაცთა როლის შესახებ საზოგადოებასა და ოჯახში.10

არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამარ დეკანოსიძის შეფასებით: „2014 წელს ფემიციდის შემაშფოთებელმა მასშტაბმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არ არის ეფექტური. რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლს ჰქონდა მიმართული სათანადო ორგანოებისთვის და ითხოვდა დაცვას, თუმცა, ამ ორგანოების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. ოჯახში ძალადობა კვლავ მიიჩნევა ოჯახის შიდა საქმედ, რომელიც არ არის საკმარისად სერიზული იმისთვის, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად არსებობს კანონმდებლობა, მაგრამ ქალი განსაკუთრებით დაუცველია, თუ ძალადობა ხდება გენდერული ნიშნით, მაგრამ ოჯახის გარეთ. დანაშაულის კვალიფიკაციის დროს გენდერული ნიშანი ასევე არ არის გამოკვეთილი ფემიციდის იმ შემთხვევებშიც - იმის მიუხედავად, ექცევა თუ არა დანაშაული ოჯახური დანაშაულის ფარგლებში. გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და მისი შიდა კანონმდებლობაში სათანადო დანერგვა, რათა აღნიშნული ხარვეზები აღმოიფხვრას როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში”.

საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის თანხმად, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხშირად გამოიყენებოდა ხელწერილი, რა ფორმასაც საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისაგან დასაცავად არსებული სამართალდამცავი მექანიზმები. ომბუდსმენის მონაცემებით, შესწავლილმა შემთხვევებმა აჩვენა, რომ ხელწერილი სრულიად არაეფექტური საშუალებაა და ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის დაცვას, რადგან არ აქვს თანმდევი სამართლებრივი შედეგები, ამასთანავე, ის ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციას, ან მომხდარის შემთხვევაში მოძალადის პასუხიმგებლობის დაყენებას.11

დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში წარმოადგენს კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას, რასაც ქალები განიცდიან საქართველოში. ლიკა ჯალაღანია, პროექტის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე" ადვოკატირების კოორდინატიორი არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში’’ აცხადებს: „გენდერული დისკრიმინაციის კუთხით განსაკუთრებით პრობლემურია ქალთა შრომითი უფლებების მდგომარეობა. ქალები განიციდიან დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების ეტაპზე. აღნიშნული ძირითადად ხდება ქალის ოჯახური სტატუსისა და ვალდებულებებიდან გამომდინარე. დამსაქმებლები ერიდებიან დაასაქმონ ორსული ან მცირეწლოვანი ბავშვის მშობლები, რაც განსაკუთრებით კონტრავერსულია კაც დასაქმებულთან მიმართებით. კაცისათვის შვილების ყოლა მიიჩნევა არათუ დასაქმებისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად, არამედ პოზიტიურ ფაქტად. ასევე ძალიან ხშირია ქალების გათავისუფლება სამსახურიდან დეკრეტულ შვებულებამდე ან მას შემდეგ, რაც არსებითად ხელს უშლის ქალს ჩართოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და კაცთან თანასწორად განავითაროს მისი პოტენციალი’’.

ლიკა ჯალაღანიას შეფასებით, საქართველოში ასევე არსებითად პრობლემურია სექსუალური შევიწიროება, როგორც ქალთა სტრუქტურული ჩაგვრის ერთ-ერთი გამოხატულება. „სექსუალური შევიწროება განსაკუთრებულ ნეგატიურ ხასიათს ატარებს, რადგან ის საკუთარ თავში მოიცავს მრავალშრიან ფაქტორებს. კერძოდ, შევიწროება ერთგვარად ქალთა სექსუალობის ტერორია, საზოგადოება კი არსებითად არატოლერანტულია მსხვერპლი ქალის მიმართ, მიიჩნევა რა, რომ აუცილებლად ქალის მიერ არის პროვოცირებული ქმედება, ხოლო კაცს - შემვიწროებელს ეპატიება, რადგან ვითომდა ეს მისი ბიოლოგიური ბუნებიდან გამომდინარეობს. შევიწროების ისეთი სახე, როგორიც არის ქუჩაში შევწიროება, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება და ყურადღების მიღმა არის დარჩენილი, როგორც თავად მსხვერპლი ქალების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. პრობლემა კი მსგავსი ქმედებების ნორმად აღიარებაში გვევლინება. სამუშაო ადგილზე შევწიროების შესახებ სტატისტიკა არ არსებობს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქალები ირჩევენ არ ისაუბრონ მსგავს საკითხებზე, ეშიანიათ რა გაკიცხვის, საზოგადოების რეაქციის და ცხადია, სამუშაოს დაკარგვის. ამას ემატება ისიც, რომ სექსუალურ შევიწროებას ქართული კანონმდებლობა არ არეგულირებს, რაც ქმნის დაუცველობის შეგრძნებას. სახელმწიფომ უნდა გაიაზროს შევიწროების ნეგატიური შედეგები, ხოლო თითოეულმა დამსაქმებელმა კი უნდა იზრუნოს საკუთარ სამუშაო ადგილზე შექმნას ერთგვარი გაიდლაინი, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი ფაქტების პრევენციასა და სამუშაო ადგილზე ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას’’ - აცხადებს ლიკა ჯალაღანია.

ზემოაღწერილი დარღვევების დიდი ნაწილი დაკავშირებულია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო რეაგირების ფაქტებთან ან ჩადენილია პირდაპირ მათ მიერ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც ხშირად მიანიშნებენ უფლებადამცველები საქართველოში არის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიება. ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოსა’’ და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით შემუშავებული რეკომენდაციებით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც არ დაექვემდებარება არც ერთ თანამდებობის პირს, სამინისტროს თუ პროკურატურას. შემოთავაზებული მოდელის თანახმად, საგამოძიებო მექანიზმი პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და მისი ხელმძღვანელი პარლამენტის წევრთა მინიმუმ 3/5–ის, ანუ 90 დეპუტატის მიერ არჩეული.12
 
აღნიშნულ მოდელს აქვს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უკეთესი გარანტიები, ვიდრე მთავარ პროკურატურაში ახლადშექმნილ ორგანოს, რომლის მიზანი სწორედ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა. გარდა იმისა, რომ ახალი დეპარტამენტი პირდაპირ დაექვემდებარება მთავარ პროკურატურას, რაც მიკერძოების დიდ რისკს წარმოშობს, იგი ასევე სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდება. კერძოდ, მინიჭებული მანდატით, ის მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს განიხილავს. შესაბამისად, მრავალი დაზარალებული პირი დაკარგავს სამართლიანობის აღდგენის შანსს.

„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტი, ფაქტობრივად, ერთადერთი მექანიზმია, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა მართლმსაჯულების ხარვეზების შედეგად დაზარალებულ ათასობით ადამიანს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა არაერთი საჩივრით მიმართა მთავარ პროკურატურას, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებით მოთხოვნით. ახალი დეპარტამენტის შექმნიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა და სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც ამ დეპარტამენტის ქვემდებარეა, ადგილიდან ისევ არ იძვრის. ამ პერიოდში პროკურატურიდან არც ადამიანის უფლებათა ცენტრს და არც ჩვენს ბენეფიციარებს არავინ არ შეხმიანებია. სამაგიეროდ, ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი - 16 თებერვალს შევახსენეთ პროკურატურას ის საქმეები, რომლებიც ამ დეპარტამენტმა უნდა გამოიძიოს. არც ამ წერილზე ყოფილა რაიმე გამოხმაურება’’ - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის მოადგილე, თამარ ავალიანი, ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ახალ დეპარტმანეტს ახასიათებს: „პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ფართო საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაკომპლექტდა ახალი დეპარტამენტი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების დანაშაულებს გამოიძიებს და რამდენად გამჭვირვალედ წარიმართა აღნიშნული პროცესი. უცნობია, თუ რა ნიშნით შეირჩნენ აღნიშნული დეპარტამენტის პროკურორები და მოხვნენ თუ არა მათ შორის ის პირები, რომელთა მიმართ შესაძლოა არსებობდეს შეკითხვები წარსულში ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით.’’

 
2.http://eapnationalplatform.ge/admin/editor/uploads/files/publications/Policy%20Paper_WG1_Umciresobebi_1.pdf
10.იგივე

ახალი ამბები