კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლგბტ პირების სოციალიზაციის პრობლემები

14 მაისი, 2015
 
ნინო ქიმაძე

2005 წლიდან დღემდე, ყოველი წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული ფაქტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ვლინდება. 

ლგბტ პირების მიმართ ძალადობისა და დევნის მასშტაბური შემთხვევა 2013 წლის 17 მაისს დაფიქსირდა. 2013 წლის აქციის შემდეგ, 2014 წელს საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ გამოაცხადა. ამასთან, 2014 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. მანამდე კი, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაცია უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ გაერთიანება მუშაობს, რომლებიც უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს. მათი მიზანია, უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაციული ფაქტების გამოვლენა და ინტერნალიზებული ჰომოფობიის დაძლევა.

„ლგბტ საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით-მიხეილ შუბლაძე Humanrights.ge-სთან საზოგადოების მხრიდან უმცირესობების მიმართ არასწორ დამოკიდებულებაზე საუბრობს. როგორც დავით-მიხეილ შუბლაძე აღნიშნავს, ლგბტ პირები დახმარების თხოვნით ხშირად მიმართავენ.

„შეიძლება, ერთი კვირა გავიდეს და ლგბტ თემის ადამიანებმა დასახმარებლად არ მოგვმართონ, მაგრამ შეიძლება, კვირაში რამდენიმე ასეთი შემთხვევაც იყოს. უმთავრესი პრობლემა მათი უფლებების პოლიციის, სახელმწიფო უწყებების და მოქალაქეების მხრიდან შელახვაა. ჩვენ მათ ვეხმარებით როგორც მორალურად, ასევე იურიდიულ დახმარებასაც ვუწევთ ხოლმე. სულ ახალახანს, ორი ახალგაზრდა ცემეს მუხიანში და ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ, რადგან პოლიცია ამ ფაქტს არ აკვალიფიცირებდა, როგორც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს. პოლიცია ყოველთვის მალავს და წვრილმან ხულიგნობას ადარებს მძიმე თავდასხმებს და შეხლა-შემოხლებს. სისხლის სამართალში არსებობს 53-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც გულისხმობს დამამაძიმებელ გარემოებად ჩათვლას, როდესაც ადამიანს აყენებენ შეურაცხყოფას მისი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო“, - განაცხადა „ლგბტ საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით-მიხეილ შუბლაძემ.

შუბლაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების სუიციდისკენ მიდრეკილებას განაპირობებს. მისი თქმით, დამოკიდებულება 90-იანი წლების შემდეგ შეიცვალა, თუმცა მაინც მძიმე და დამთრგუნველია.

„თუ დღევანდელ მდგომარეობას 90-იან წლებს შევადარებთ, ლგბტ თემის ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაში პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა თუ 2010 წლიდან მოყოლებული ავიღებთ ბოლო 5 წელიწადს, მდგომარეობა ნამდვილად სტაბილურად მძიმეა. განსაკუთრებით სიტუაციამაისის პერიოდში იძაბება, როდესაც 17 მაისი ახლოვდება. ჩვენც ვარიგებთ და რჩევას ვაძლევთ თემის წევრებს, რომ თუ აუცილებელი საქმე არ აქვთ ამ დღეებში   ქუჩაში გამოსვლას მოერიდონ“,-აღნიშნა დავით-მიხეილ შუბლაძემ.

შუბლაძის თქმით, რაც დომინანტი უმრავლესობისკენ გამოარჩევს პირს (გრძელი თმა, განსხვავებული ტანსაცმელი), სამიზნედ აქცევს მას. მისივე თქმით, საზოგადოება ნემისმიერი უმცირესობის სეგრეგაციას ახდენს, რადგან ის დადებითად არ არის განწყობილი განსხვავებული ადამიანების მიმართ. 

 „თუ საზოგადოება მთავაზობს რაიმე სახის კომპრომისებს, არ მჭირდება ასეთი საზოგადოება, ჩემი სამეგობრო წრე მყავს და ჩემს სოციუმს შევიქმნი. ასე რომ, სავსებით გასაგებია, რატომ სურთ ამ ადამიანებს განცალკევება და სეგრეგაცია“, - განაცხადა „ლგბტ საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

საზოგადოების მხრიდან ზეწოლასა და თვითდამკვიდრების პრობლემებზე ლგბტ თემის აქტივისტი ბექა გაბადაძე humanrights.ge-სთან საუბრობს. მისი თქმით, უმცირესობების მიმართ მუდმივად ხდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, ამის მაგალითად მოჰყავს ბოლო დროს მუხიანში თემის წარმომადგენლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ბექა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად შრომით ბაზარზე არსებულ წინააღმდეგობებს მიიჩნევს.
 
„უმცირესობებს ყველაზე მეტად დასაქმების პრობლემა აწუხებთ. მაგალითად, როდესაც ტრანსგენდერი ქალი მიდის სამსახურში და მას პირადობის მოწმობაში მამრობითი სქესი უწერია, ასეთი კადრები სამსახურში არ აჰყავთ. ჩემი მეგობარი იყო ერთ-ერთ ვაკანსიაზე მისული და როდესაც შეამჩნიეს, რომ ის ტრანსგენდერი იყო მიღებაზე უარი უთხრეს“, - აღნიშნა ბექა გაბადაძემ.

ბექა გაბადაძის თქმით, ლგბტ პირების მიმართ არანაკლები ძალადობა ოჯახში, მშობლების მხრიდან ხორციელდება. იგი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის დონეზე, უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით, მეტნაკლებად ნორმალური მდგომარეობაა. თუმცა, მისი თქმით, პოლიცია საზოგადოების ყველა წევრს ერთნაირად არ იცავს.

„ოჯახში და სასწავლო დაწესებულებაში ძალადობაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობლებს სექსუალური გადახრის მქონე ბავშვი ფსიქოლოგთან დაჰყავთ, ჰორმონალური პრეპარატებით მკურნალობენ, ან საერთოდ სახლიდან აგდებენ. სკოლას რაც შეეხება, ბულინგის თემა საკმაოდ აქტუალურია. განსაკუთრებული ზეწოლა ლგბტ თემის არასრულწლოვან წარმომადგენლებზე მოდის“, - აღნიშნა ბექა გაბადაძემ.

„ლგბტ საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით-მიხეილ შუბლაძის განმარტებით, თემის წარმომადგენლები გარკვეულ საფრთხეს გრძნობენ მოახლოებული 17 მაისის გამო და ამ პერიოდში განსაკუთრებით ერიდებიან საზოგადოებასთან და, მით უმეტეს, ჟურნალისტებთან ურთიერთობას.
 
ლგბტ პირების უფლებების დაცვის მოთხოვნითა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით  არასამთავრობო ორგანიზაციები ფერადი ფლაერებითა და დროშებით 17 მაისს სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ, პარალელურად, ამ დღეს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ კონცერტს გამართავს, ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალთან“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა დაადასტურა.

ახალი ამბები