კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეპატრიანტი მესხები და შეფერხებული რეინტეგრაცია

17 აპრილი, 2015
 
გიორგი ჯანელიძე ,humanrightshouse.org

სარვარ საფაროვის  ისტორიული გვარი ლაზიშვილია. ის საქართველოდან გადასახლებული მუსლიმი მესხების შთამომავალია და აზერბაიჯანიდან ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის კანონის მიღების შემდეგ, 2008 წლის მაისში დაბრუნდა. სარვარ საფაროვი ახალციხეში დასახლდა. სახლი საკუთარი ფულით იყიდა და ოჯახიც საცხოვრებლად აქ გადმოიყვანა. საფაროვებმა საქართველოს მოქალაქეობა დღემდე ვერ  მიიღეს, რის გამოც ისინი საზოგადოებაში რეინტეგრაციას  ვერ ახერხებენ:  "მოქალაქეობა ვერ მივიღეთ, ამიტომ ბავშვების სწავლა პრობლემაა, ვინმე ავად გახდება და პრობლემაა, ფეხმძიმობა -პრობლემაა, მუშაობა - პრობლემაა. თუ საქართველოს მოქალაქეობა არ გაქვს, ყველაფერი პრობლემაა",  - ამბობს სარვარ საფაროვი "ადამიანის უფლებათა სახლის" წარმომადგენლებთან საუბარში.  სარვარ საფაროვის მსგავსად საქართველოში კიდევ არაერთი რეპატრიანტის  რეინტეგრაციის პროცესი ფერხდება. 

1944 წელს, საბჭოთა საქართველოდან, "საზღვრის დაცვის გაუმჯობესების მიზნით" 80 ათასამდე "არასაიმედო" ადამიანი, ძირითადად მუსლიმი მესხები, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში გადაასახლეს. მათი უკან დაბრუნების საკითხზე დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 1999 წელს იმსჯელეს -  მაშინ, როცა ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი გახდა და მუსლიმი მესხების უკან დაბრუნების ვალდებულება აიღო. 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რეპატრიაციის შესახებ. კანონი რეპატრიაციის შესახებ იმ პირთა მუდმივი საცხოვრებლის, ან წარმოშობის ადგილზე დაბრუნებას გულისხმობს, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. რეპატრიანტის სტატუსი სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეს მხოლოდ მოქალაქეობის მიღებას უადვილებს, სხვა სახის ვალდებულებები მათ წინაშე ქვეყანას არ აუღია.
 
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოში დაბრუნებაზე  განაცხადი  1500-ზე მეტმა ადამიანმა შეიტანა, რეპატრიანტის სტატუსი კი მხოლოდ 1533-მა პირმა მიიღო. მსურველთა განაცხადის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა 2010 წლის პირველ იანვარს დასრულდა.

ამჟამად საქართველოში ცხრაასამდე ე.წ თვითრეპატრიარებული მუსლიმი მესხი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ისტორიულ სამშობლოში აზერბაიჯანიდან დაბრუნდა. მათ შორის არის აბამუსლიმ არიფოვიც. მისი ქართული გვარი თავდგირიძეა. ის საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩამოვიდა. ამბობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ენდნენ საქართველოს მთავრობას, კანონს  და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაც ამიტომ  გადაწყვეტეს. "თავიდან ასეთი პრობლემები არ გვქონია. ნეგატიური პროცესები 5 წლის შემდეგ დაიწყო. ჩემი ვაჟიშვილი 2 წლით გაადეპორტეს, 2 წელი სახლში ვეღარ ბრუნდებოდა. მადლობა კარგ ადამიანებს, მათ შორის მამა ტიმოთეს და პატრიარქს, ილია მეორეს, რომლებიც  ინტეგრაციის პროცესში ძალიან დამეხმარნენ," -აცხადებს აბამუსლიმი. ის ამჟამად ახალციხეში, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურს ხელმძღვანელობს და იმედი აქვს, რომ  საქართველოს ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს. 

ასოციაცია “ტოლერანტი” რამდენიმე წელია რაც  რეპატრირებული მესხების პროლემებს იკვლევს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ,  ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების  მსურველთათვის მთავარი  პრობლემა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაა. არანაკლებ რთულია აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურაც. რეპატრიარებულთა თქმით, აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარის თქმისთვის სახელმწიფო მათ ჯარიმას უწესებს  - ერთ ადამიანს 160 მანათის ოდენობით. არაოფიციალურად კი, ბაქომდე ჩასვლისა და ამ საკითხის ადგილზე მოგვარების საფასური ერთ ადამიანზე 400 მანათია. ოჯახს, რომელსაც 4 შვილი ჰყავს,  აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარის თქმა სოლიდური თანხა უჯდება.
 
„ტოლერანტის“ ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი მიიჩნევს, რომ რეპატრიაციის ღირსეულად განხორციელებას ხელს კანონმდებლობა უშლის: "კანონი რეპატრიაციის  შესახებ არასრულყოფილია. ადამიანს, რომელიც რეპატრიანტის სტატუსს მიიღებს, უფლება აქვს ორი წლის განმავლობაში მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას და  გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღება მოითხოვოს. პირველ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება მას პირობადებული მოქალაქეობის უფლებას აძლევს. რეპატრიანტი საქართველოს მოქალაქე ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის უარს იტყვის იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, საიდანაც აქ უნდა გადმოსახლდეს. მოქალაქეობაზე უარის თქმა საკმაოდ რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვის ურთულეს პროცესში, შესაძლოა, პირობადებულ მოქალაქეობას 2-წლიანი ვადა გაუვიდეს და რეპატრიანტი კვლავ დეპორტირებული მოქალაქის სტატუსის დაუბრუნდეს. ამ პერიოდში ისინი სოციალურ დახმარებასაც მოკლებულები არიან  ". 

მესხიშვილის ინფორმაციით, იმის გამო, რომ რეპატრიარებულ მუსლიმ მესხებს საქართველოს მოქალაქეობა არა აქვთ, მათი შვილები ვერ იღებენ მოსწავლის სტატუსს და შესაბამის ვაუჩერს, სკოლის დამთავრების შემდეგ კი  - ატესტატს.
ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს რეპატრიაციის პროცესის  საკუთარი კონცეფცია არ აქვს. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი კი შესაბამისი უწყების მხრიდან  რეპატრირებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმაა: 

"ვიცი, რომ სტატუსის მინიჭება ჰაერზე არ ხდება. ძალიან კარგად მოწმდება პირის კრიმინალური წარსულიც, ჯანმრთელობის მდგოამრეობაც და თუ ადამიანს რეპატრიანტის სტატუსს აძლევენ, ე.ი. ის ყველანაირად შეამოწმეს. როგორც ჩანს, სამინისტროები არკოორდინირებულად მუშაობენ: ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ადამიანს აძლევს რეპატრიანტის სტატუსს, იუსტიციის სამინისტრო კი ასეთ ადამიანს ცხოვრების/ბინადრობის უფლებას არ აძლევს. იუნუს არიფოვი და მისი დედა 7 წელია საქართველოში ცხოვრობენ. მათ საქართველოში ცხოვრების უფლება არ მისცეს, რადგან თურმე  "საფრთხის შემცველი"  ყოფილან  საქართველოსთვის. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, " -  ამბობს ცირა მესხიშვილი.

ასოციაცია „ტოლერანტის“ მთავარი მენეჯერი, გოჩა ნათენაძე  ამბობს, რომ რეპატრიანტის სტატუსის მიღებით ადამიანის მორალური რეაბილიტაცია ხდება. "ისინი ჩამოდიან ისეთი განწყობით, რომ არიან  ჩვენ თანასწორები და ძალიან სწყინთ, როცა ჩვენგან სამაგიეროდ იგივეს ვერ იღებენ. საბოლოო ჯამში, ალბათ ეს ჩამოყალიბდება, როგორც წყენა საქართველოს მიმართ," - აცხადებს გოჩა ნათენაძე.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ იურისტი, ეკა ქობესაშვილი  პრობლემას სამართლებრივად აფასებს: "ახალციხეში მცხოვრებ იუნუს არიფოვს და დილარა არიფოვას, რომლებიც  ერთი ოჯახის წევრები არიან და რეპატრიანტის სტატუსი აქვთ, შესაძლოა, საქართველო დაატოვებინონ: იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ბინადრობის ნებართვის მიცემაზე მათ უარი უთხრა სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით. არიფოვების ოჯახის ერთ-ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა და თუ დანარჩენ წევრებს საქართველოს დააატოვებინებენ, ოჯახის ერთიანობის პრინციპი და შესაბამისად, ადამიანის ფუნდამენტური უფლება დაირღვევა".

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დეპორტირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს რეპატრიანტის სტატუსი, უფლება აქვს ჩამოვიდეს საქართველოში და შეიძინოს საცხოვრებელი ფართი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. 
 
რეპატრიაციის და ლტოლვილთა დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი კოკაია აცხადებს, რომ: „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რეპატრიანტის სტატუსი მიენიჭა 1533 პირს. აქედან საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნით საქართველოს საკონსულოს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განაცხადით მიმართა 418-მა პირმა და ყველა მათგანს მიენიჭა საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა, რომელიც ძალაში შევა თავიანთი მოქალაქეობის დატოვების შემდგომ". 

რაც შეეხება „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით ჩამოსულ პირებს, ისინი არ ითვლებიან რეპატრიანტებად და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, მათთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს კი  საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ არეგულირებს. სამინისტროს წარმომადგენელი ოფიციალურ პასუხში  იმ  „გამოსასყიდზეც“ საუბრობს, რომელიც აზერბაიჯანის მხარეს მისი მოქალაქეობიდან გასვლის მსურველთათვის აქვს დაწესებული: "შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, რთული სათქმელია. ასეთ საკითხზე რეაგირების მექანიზმი არ გვაქვს - აზერბაიჯანმა ეს, შესაძლოა, მის საშინაო საქმეებში ჩარევად განიხილოს". 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფომ 2014 წლის სექტემბერში მიიღო რეპატრიაციის სტრატეგია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მათ კომპეტენციაში არ შედის იმის გარკვევა, ვის და რა მიზეზით ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.
  
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ შესაბამისი უწყების განმარტებას დღემდე უიმედოდ ელოდება.

ახალი ამბები