კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სათანადო საცხოვრისის უფლებას მოკლებულნი

25 მარტი, 2015
 
გიორგი ჯანელიძე,humanrightshouse.org                                                                                    
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის  - „სათანადო საცხოვრისის უფლება“ თანახმად, თბილისში არსებული 401 ობიექტი 9 805 ოჯახს წლების განმავლობაში  თვითნებურად აქვს დაკავებული. აქედან 4 170-მა ოჯახმა შენობაში დაკავებული ფართი დაიკანონა, 5 635 ოჯახი კი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აგრძელებს იქ ცხოვრებას. ობიექტებში თვითნებურად შეჭრილ მოქალაქეთა უმეტესობა სოციალურად დაუცველია. იმ შენობების ნაწილი, მოქალაქეები თვითნებურად შესახლდნენ,  სახელმწიფოს ეკუთვნის, ნაწილი კი კერძო მესაკუთრეთა მფლობელობაშია. რას აკეთებს ხელისუფლება უსახლკარობის პრობლემის აღმოსაფხვრელად და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის?

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ალექსეევკას დასახლებაში, ხვედელიანის ქუჩის 2 ნომერში ერთი მიტოვებული ნაგებობა დგას, რომლის მშენებლობაც შუა გზაზე დაახლოებით 20 წლის წინ შეჩერდა. ორსართულიან ნაგებობას არც კარ-ფანჯარა აქვს, არც იატაკი და არც სახურავი. ეკატერინე გულიშვილი და მისი მეუღლე, ბადრი ქობულაშვილი ამ დაუსრულებელ ნაგებობაში თვითნებურად ოთხი თვის წინ შევიდნენ.  მანამდე 15 წლის განმავლობაში ქირით ცხოვრობდნენ. ამ ხნის განმავლობაში ექვს შვილთან ერთად არა ერთი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალეს. ამბობენ, რომ 200-ლარიანი ქირის გადახდას ვეღარ აუდიან და მათთვის ერთადერთი გამოსავალი ნახევრად დაუსრულებეულ, მიტოვებულ შენობაში შესვლა იყო. “იუსტიციის სახლში გავარკვიე, რომ ეს ნაგებობა არავის ბალანსზე არ არის, არც კერძო საკუთრებად ირიცხება და არც სახელმწიფო ქონებად. მხოლოდ ამის შემდეგ შემოვედით აქ. რამდენიმე თვის სოციალური დახმარება წინასწარ ავიღე და ოთახი შეძლებისდაგვარად მოვაწყვეთ,” - ამბობს ეკატერინე გულიშვილი.

ხვედელიანის ქუჩის 2 ნომერში  ამჟამად სოციალურად დაუცველი 3 ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანს განსხვავებული ისტორია აქვს და მათი უსახლკარობაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. ლუსია გასოევა აცხადებს, რომ აეროპორტის დასახლებაში მდებარე საკუთარი ბინა ავადმყოფი შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად გაყიდა, შვილი სამკურნალოდ უცხოეთში გაუშვა, თვითონ კი უბინაოდ დარჩა: „შვილის წასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩი. ხან ერთ მეგობართან მეძინა, ხან - მეორესთან. ბოლოს აქ შემოსვლა გადავწყვიტე, რადგან წასასვლელი არსად მქონდა. ჩვენი თხოვნაა, რომ ხელისუფლებამ  წყალი, დენი და კანალიზაცია გამოგვიყვანოს, დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთ,“ - ამბობს ლუსია. 

თვითნებურად შესახლებული ოჯახები უმძიმეს სცხოვრებელ პირობებში ცხოვრობენ: რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართის ოთახებს ნავთის ლამფით ანათებენ, ღუმელისთვის საჭირო შეშას კი ეზო-ეზო აგროვებენ. „თვის ბოლოს ნაქირავები ბინა უნდა დავცალო, ქირას ვეღარ ვიხდი. ბანკში ვალი მაქვს, სოციალური დახმარება  და ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის პენსია წინასწარ ავიღე. გამგეობა მთავაზობს ქირის გადახდას, მაგრამ ქირა დროებითია და არ მაწყობს. არ მინდა, ისე მოვკვდე, რომ ჩემს 6 შვილს საკუთარი ჭერი არ დავუტოვო“, - ამბობს ეკა.
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხვედელიანის ქუჩის 2 ნომერში  არსებული შენობა სახელმწიფოს საკუთრება არ  არის.  დაუკანონდებათ თუ არა ამ შენობაში თვითნებურად შეჭრილ ადამიანებს საცხოვრებელი ფართი, ან შესთავაზებს თუ არა მათ სახელმწიფო ალტერნატიულ საცხოვრისს?  - ამ კითხვაზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობიდან შემდეგი პასუხი მივიღეთ: „გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა ხელძღვანელობს „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189-ე დადგენილებით. შესაბამისად, მოქალაქემ ზ/აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობაში, რათა კონკრეტულ მოქალაქეზე (განმცხადებელზე) მოხდეს ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა“.
 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა ( EMC ) 2014 წელს თბილისში, სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი, სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების უფლებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფი პოლიტიკის შესწავლის  მიზნით ჩაატარა კვლევა - „არაღიარება, უმოქმედობა და რეპრესია საცხოვრებლის სანაცვლოდ“.

EMC -ს სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი, ლინა ღვინიანიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189-ე დადგენილება პირთა სრულიად სხვა წრეს ეხება და ის  2012 წლის შემდეგ შენობების თვითნებური დაკავების შემთხვევებზე არ ვრცელდება. 

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის  - „სათანადო საცხოვრისის უფლება“ მიხედვით, უსახლკარო პირების მხრიდან სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების დაკავება წლების განმავლობაში ხდებოდა, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, სტიქიით ან/და უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით იყო გამოწვეული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უსახლკარო და სოციალურად დაუცველი პირების მხრიდან გახშირდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების თვითნებურად დაკავების ფაქტები. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ობიექტებს ჯგუფურად იკავებდნენ ისეთი ოჯახები, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ. 

დედაქალაქის გარდა,  ობიექტებში თვითნებური შეჭრის მხრივ  კიდევ ერთი პრობლემური რეგიონი აჭარაა. სახელმწიფოს და კერძო მფლობელთა კუთვნილ შენობებში თვითნებურად შეჭრის შემთხვევების მომრავლებას ლინა ღვინიანიძე ასე ხსნის: „უსახლკარობის მიზეზები სისტემურია და განპირობებულია, არსებული სოციალური დაცვისა და  ჯანდაცვის არაეფექტური სისტემით. უმეტეს შემთხვევაში უსახლკარობა პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკურ დაუცველობასა და სიღარიბესთან. საცხოვრებლის დაკარგვის მიზეზებს შორის განსაკუთრებით პრობლემურია განქორწინების შემდეგ, მარტოხელა ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და უსახლკაროდ დარჩენის საკითხი, რომელიც  განქორწინების შემდეგ ქონების მიღების პრობლემას და მშობლების მხრიდან განქორწინებული ქალების მიუღებლობას უკავშირდება“.
 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, უსახლკარობასთან ბრძოლისა და ობიექტების თვითნებური დაკავების პრევენციის მიზნით ხელისუფლება არასისტემურ და არაეფექტურ პოლიტიკას ატარებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით შენობებში შეჭრილ პირებს ან იძულებით ასახლებენ, ანდა სოციალურ დახმარებას უწყვეტენ და ფაქტობრივად, მინიმალური საარსებო შემწეობის გარეშე ტოვებენ.

„სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე არ აღიარებს ამ ჯგუფების პრობლემას და არ აქვს თანმიმდევრული მიდგომა მათი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით. ეს ოჯახები დაკავებულ ობიექტებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ და მუდმივად გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებას, ამასთან არ გასწევს ძალისხმევას მათი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აღნიშნულ ობოექტებზე ცხოვრების დროს,“ -  ამბობს EMC-ის წარმომადგენელი.
 
საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, აღიაროს უსახლკარობის პრობლემა, დაადგინოს მისი მასშტაბი და შეიმუშავოს შესაბამისი კანონმდებლობა  და სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის შესრულებაზეც მუნიციპალიტეტებთან ერთად პასუხისმგებლობას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიც აიღებენ. 

ახალი ამბები