კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მუსლიმთა პრობლემები საქართველოში“ - ფილმის ჩვენება გაიმართა

19 მაისი, 2015
 
ნინო წოწორია

15 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფილმის „მუსლიმთა პრობლემები საქართველოში“ ჩვენება გამართა. დოკუმენტურ ფილმში ჭელაში, ფლატესა და მოხეში მომხდარი რელიგიური შეუმწყნარებლობის ფაქტები იყო ნაჩვენები. ფილმის ჩვენებას არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და რელიგიური უმცირეობების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ რელიგიური უმცირესობების საკითხების შესახებ დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ  მუსლიმი თემის შევიწროება და დევნა დღესაც მიმდინარეობს.

„ფილმის გადაღების შემდეგ 6 თვე გავიდა, თუმცა, ამ სოფლებში არსებული ვითარება უცვლელია. კონფლიქტი მართლმადიდებელ მრევლსა და მუსლიმ თემს შორის კვლავ არსებობს. სახელმწიფო მოხელეები კი ისევ არაფერს აკეთებენ მუსლიმთა შევიწროების ფაქტების გამოსაძიებლად და იმ ადამიანების დასასჯელად, რომლებმაც დაპირისპირების გაღვივებაში ნეგატიური როლი შეასრულეს. როგორც აღმოჩნდა, ფლატის მეჩეთის დაზიანების შესახებ გამოძიებაც მხოლოდ ფორმალურად დაიწყო და ამ დროისთვის წინგადადგმული ნაბიჯები არ ჩანს. ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმთა შევიწროებისა და დევნის ფაქტები დღესაც პრობლემური, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესწავლას საჭიროებს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

მუსლიმი თემის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას შორის პრობლემები კვლავ არსებობს, თუმცა, ეს მხოლოდ ხელისუფლების უმოქმედობისა და მართლმადიდებელი და მუსლიმი მორწმუნეებისთვის არათანაბარი პირობების შექმნის გამო ხდება.

„პრობლემის მიუხედავად, ჩვენ ყველაფერს ვითმენთ და მშვიდობიან თანაცხოვრებას ვახერხებთ. უბრალოდ გვინდა, რომ ცენტრალური ხელისუფლება არსებულ სიტუაციაში აქტიურად ჩაერთოს და ხალხის უფლებები დაიცვას. იმედი გვაქვს, რომ არანაირ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს ადგილი არ ექნება“, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის მუფთმა, მამუკა ვაშაყმაძემ.
არსებული მდგომარეობის სიმწვავეზე საუბრობს ჭელას იმამი, ჯამბულ აბულაძეც. მისი თქმით, სახელმწიფო ვერ აგვარებს პრობლემებს და ამის გათვალისწინებით, მოსახლეობას შორის ხდება  კონფლიქტიც.

„სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რელიგიურ უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით ვერაფერ სანუგეშოს ვერ ვხედავთ. თუ არ ჩავთვლით არასამთავრობოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორდეს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არანაირი შედეგი და პოზიტივი არ არის. მთავარია, სახელმწიფომ თავისი მოვალეობა შეასრულოს და კანონის წინაშე ყველა თანაბარ პირობებში დაგვაყენოს და ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან არასდროს არ გვექნება პრობლემა“, - განაცხადა ჭელას იმამმა, ჯამბულ აბულაძემ.

რელიგიური უმცირესობების პრობლემები მხოლოდ მუსლიმი თემის საკითხებით არ შემოიფარგლება, როგორც სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები აცხადებენ, არამართლმადიდებელი ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება უარყოფითია, სახელმწიფო კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.

„ქართველი მართლმადიდებელი საზოგადოების ნაწილი უფრო დაუნდობელია არამართლმადიდებელი ქართველების მიმართ, ეს არაერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზეც. ჩვენი საზოგადოება რელიგიური კუთვნილებისა და ეროვნების იდენტიფიცირებას ახდენს და უმრავლესობისთვის წარმოუდგენელია ქართველი მიიღოს არამართლმადიდებლური აღმსარებლობით. სამწუხაროდმ, ეს პრობლემა მწვავედ დგას ჩვენს რეალობაში და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით ხდება უმცირესობების უფლებების დაცვა“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა, ლელა ხონელიძემ.
  
მუსლიმთა პრობლემების შესახებ ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. 

ახალი ამბები