კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელთა მიერ მოქალაქეთა ცემის ფაქტები

20 მაისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

19 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა, პოლიციელთა მიერ მოქალაქეთა ცემის ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართეს. უფლებადამცველებმა პოლიციის მხრიდან მოქალაქეების - თორნიკე მარგიანისა და ალექსანდრე ახალკაცის, წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე ისაუბრეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, საჭიროა, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო შეიქმნას, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს გამოიძიებს: „როდესაც ადამიანის უფლებათა ცენტრი, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია, ერთვება საქმეებში და მოითხოვს ამ საქმეების დროულ და ეფექტურ გამოძიებას, სამართალდამცველების მხრიდან არ ხდება დროული და ეფექტური ჩარევა და ეს საქმეები ხშირად გაუმართლებლად ჭიანურდება. ადამიანის უფლებათა ცენტრი, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, საუკეთესო გამოსავლად ვხედავთ, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც მსგავსი ტიპის საქმეებს გამოიძიებს. ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც შსს სამინისტროს გენერალური ინსპექცია ასეთი ტიპის საქმეებს  სრულიად არაობიექტურად იძიებს და ხშირად ეს გამოძიება არც მთავრდება“.

„ადამანის უფლებათა ცენტრს, და მე პირადად, ბოლო პერიოდში შვიდი საქმე მაქვს პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეების ცემისა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ შემაშფოთებელი ტენდენციაა. რაც შეეხება ბოლო ორ საქმეს, ეს ეხება თორნიკე მარგიანისა და ალესანდრე ახალკაცის საქმეებს. თორნიკე მარგიანი ოთხმა პოლიციელმა სასტიკად სცემა ძველი თბილისის რაიონული პოლიციის მე-3 განყოფილებაში. იგი რკინის სკამზე დააბეს და უმოწყალოდ ურტყამდნენ მუცლისა და თავის არეში“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, თამარ ავალიანი.

„როდესაც მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, შეიყვანეს სპეციალურად იმ ოთახში, სადაც კამერები არ არის დამონტაჟებული. ამის შემდეგ ოთხმა ადამიანმა უმოწყალოდ სცემა. თორნიკე ორი მათგანის ამოცნობას თავისუფლად შეძლებს. მათ შორის ერთ-ერთის სახელი და გვარი ვიცით, ეს არის გიორგი დავითაძე. მეორე ფიზიკურად იყო ძალიან დიდი და ამიტომ მის გარეგნობას თორნიკეს ამოცნობისას აუცილებლად გაიხსენებს. დანარჩენი ორის ამოცნობას ვერ შეძლებს, რადგან მძიმედ იყო ნაცემი“, - აცხადებს თორნიკე მარგიანის დედა, ნატა თარხან-მოურავი.

ალექსანდრე ახალკაცის განმარტებით, 9 მაისს, იგი და მისი მეგობარი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა გურამიშვილის გამზირზე სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ახალკაცის განმარტებით, სამართალდამცავები გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში მუშაობენ. მისი თქმით, მას ყველა პოლიციელის  ამოცნობა შეუძლია.

„კონსტიტუციით გარანტირებული სრული უფლება მაქვს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადავაადგილდე თბილისის ქუჩებში და არც კრიმინალურ პოლიციას ევალება რეიდის ჩატარება. მათ მე, ფაქტობრივად, ნახევარი საათის მანძილზე უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება, ვიყავი ადამიანების წრეში მოქცეული, რომლებიც მირტყამდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ყველანი დამნაშავეები არიან  და აბსოლუტურად ყველას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მანამ, სანამ პროკურატურა გამოიებას არ დაასრულებს“, - აცხადებს ალექსანდრე ახალკაცი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, თამარ ავალიანის თქმით, პარლამენტი, და კერძოდ, ადამიანის უფლებათა კომიტეტი არ ახორციელებს ეფექტურ საქარლამენტო კონტროლს პოლიციელების მხრიდან დაფიქსირებული გადაცდომების გამოძიებებზე. 

„ჩვენ მიგვაჩნია, ეს ფაქტები სახელმწიფომ დროულად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს. მინდა, ამ შემთხვევაში გამოვყო ადამიანის უფლებათა კომიტეტის ძალიან პასიური როლი და არაეფექტურობა, რაც ეხება საპარლამენტო კონტროლს იმ ფაქტების გამოძიებაზე, სადაც, სავარაუდოდ, ბრალდებული პოლიციელები არიან“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ორგანოებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი დანაშაული. 

ახალი ამბები