კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულები

22 მაისი, 2015
 
ნინო ქიმაძე

„2006 წელს დიდ დიღომში, ბინის შეძენის მიზნით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტში“ განაცხადი შევიტანე. ბინის ღირებულება - 40 000 დოლარი 24 თვეში კომპანიის მიერ შედგენილი გრაფიკით გადავიხადე. შეთანხმების თანახმად, 2008 წლის 30 სექტემბერს თეთრი კარკასი უნდა ჩამბარებოდა, თუმცა, დღემდე უშედეგოდ ველოდები“,- განაცხადა შეჩერებული მშენებლობით დაზარალებულმა, ნათია ვახტანგაძემ.
 
ვახტანგაძის თქმით, 2008 წელს მასთან კომპანია „დექსუსის“ წარმომადგენელი მივიდა და დღგ-ს გადახდაზე ხელი იძულებით მოაწერინა.

„ბინას საჯარო რეესტრში ვერ ვატარებ, რადგან დღგ მაქვს გადასახდელი. ამ უსამართლობის წინააღმდეგ უკვე 7 წელია ვიბრძვი. „ცენტრ პოინტს“ ყოველ დაგვიანებულ დღეზე 0.02% უნდა გადაეხადა, რაც, რა თქმა უნდა, არ გადაუხდია. თეთრი კარკასის ნაცვლად შავი კარკასი ჩაგვაბარეს, ამასთან, კომუნიკაციების თანხა ცალკე უნდა გადავიხადოთ“,- აღნიშნა ნათია ვახტანგაძემ.

ნათია ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც humanrights.ge -სთან საუბრისას თავს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულს უწოდებს. იათამზე ღონღაძეც 7 წელია, დიღმის ოაზისში  კომერციული ფართის დასრულებას ელოდება. 

„კომერციული მიზნებისთვის შევიძინე ფართი, რომლის საფასური 28 640 დოლარს შეადგენდა. თუმცა, დღევანდელი სახით ჩემი კუთვნილი კომერციული ფართის ღირებულება 5 000 დოლარიც არ არის“,- განაცხადა იათამზე ღონღაძემ.

ითამზეს თქმით, აშენებული ფართი არ აკმაყოფილებს შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: „კედლები ზედმეტად თხელია, არასაკმარისია ჭერის სიმაღლე, ამასთან კომერციულ ფართს არ აქვს კომუნიკაციის სისტემა შეყვანილი“.
 
აღნიშნული ბრალდებებით იათამზე ღონღაძემ სასამართლოს მიმართა.

„დიღმის ოაზისის“ დაზარალებულების მსგავსად, კომპანია „ცენტრ პოინტს“ აკისრებენ პასუხისმგებლობას ხოშარაულის 29 ნომერში ფართის მფლობელებიც.
 
ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ელიკო ბულბულაშვილმა სავაჭრო ცენტრ „უნი მოლში“ 22 კვადრატიანი ფართის შესაძენად „ცენტრ პოინტს“ 55 000 დოლარი 2005-06 წლებში გადაუხადა. აღნიშნული ფართის მშენებლობა ნაწილობრივ დასრულებულია, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს შიდა კომუნიკაციები. დაზარალებულებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და საკუთარი სახსრებით ცდილობენ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ ბრძოლას.

შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულთა დიდი რიცხვის გათვალისწინებით,  სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისაგან, კერძოდ, დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისგან, გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის 19 თებერვალს გააკეთა.

საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ადვოკატის, როინ მიგრიაულის განცხადებით, სახელმწიფოს მხირდან დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადასახადის მოხსნის შესახებ კანონი სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო იმ დეველოპერული კომპანიების მიმართ, რომლებსაც მშენებლობები დაწყებული ჰქონდათ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაასრულეს. 

„მიღებული კანონის თანახმად, დეველოპერებს გარკვეული თანხები გამოუთავისუფლდებათ და მშენებლობისთვის გამოიყენებენ. „ცენტრ პოინტს“ 6 500-ზე მეტი დაზარალებული ჰყავს, ამასთან, კრედიტორებს უხდის თანხას. თუ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები და „ცენტრ პოინტი, კრედიტორები და მენაშენეები მიიღებენ მონაწილეობას, პრობლემა მოგვარდება“,- განაცხადა როინ მიგრიაულმა.

Humanrights.ge თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც არქიტექტურის სამსახურში განგვიმარტეს, მერია მხოლოდ მშენებლობის ნებართვას გასცემს, მისი შემდგომში ექსპლუატაციაში მიღება ან შეჩერებული მშენებლობა სამსახურის კომპეტენციას სცილდება. მათი თქმით, მშენებლობაში ჩარევის უფლება მხოლოდ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს აქვს.

„თუ შენობა საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიას ან მოსახლეობას, ამ შემთხვევაში ერთვება ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, რომელიც წერს მითითებას სამართალდამრღვევზე, შედეგად კი, იწყება ადმინისტრაციული საქმის წარმოება. რაც შეეხება შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულებს, მათ სასამართლოს უნდა მიმართონ“,- განაცხადა ქალაქ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა humanrights.ge -სთან საუბრისას.

საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ადვოკატი, როინ მიგრიაული სამშენებლო კომპანიებსა და დაზარალებულებს შორის არსებულ დავაში მერიის ჩაურევლობას გაუმართლებლად მიიჩნევს. მისი თქმით, ქალაქის იერ-სახის შენარჩუნების მიზნით მშენებლობის დასრულებაზე სწორედ მერიამ უნდა იზრუნოს და გარკვეული ვალდებულებებიც იკისროს, კერძოდ, კომპანიებს შუამავლად, გარანტად დაუდგნენ. მიგრიაულის განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ კერძო სამართლებრივი დავა, ეს საზოგადოების პრობლემაა.

ახალი ამბები