კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე

1 აპრილი, 2015
 
გიორგი ჯანელიძე,humanrightshuose.org

ჭიათურის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს.  „ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონში მარგანეცის მოპოვებითა და დამუშავებითაა დაკავებული. ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ წერეთელის თქმით, 2014 წელს საქართველოში გარემოს 327, 5 მლნ  ლარის ზიანი  მიადგა, აქედან  324 მლნ, ანუ  ზიანის 98% მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭათურელთა კავშირი“ რაიონის გარემოსდაცვით კამპანიაში აქტიურადაა ჩართული. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, შოთა გაფრინდაშვილი  აცხადებს, რომ ჭიათურაში გარემოს დაბინძურებას მადნეულის ღია კარიერული წესით მოპოვება და მისი ტრანსპორტირება იწვევს -  თვითმცლელებიდან გადმოყრილი ნედლეული აბინძურებს როგორც სამანქანო გზას, ისე გარემოს.

"წლების წინ „ჭიათურმარგანეცი“ მარგანეცის გაცილებით დიდ რაოდენობას მოიპოვებდა, მაგრამ მაშინ მოპოვებული მადნის გადაზიდვა ძირითადად საბაგირო გზით ხდებოდა. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათ ქალაქის გზით სარგებლობა არ სჭირდებათ. არსებობს შემოვლითი გზა. კეთილი ინებონ, შეაკეთონ ეს გზა და მოპოვებული წიაღისეული მისი მეშვეობით გადაზიდონ",  -ამბობს შოთა გაფრიდნაშვილი. 
ჭიათურის პროფკავშირების თავმჯდომარე, ამირან მაჩიტიძე  კომპანიის მხრიდან გარემოს დაბინძურების კიდევ ერთ მიზეზზე მიუთითებს: "არანაკლები პრობლემაა ის, რომ კომპანია ნიადაგის აღდგენაზე თანხას ზოგავს. კომპანია ვალდებულია, მადნის ამოღების შემდეგ ტერიტორია მოასწოროს და იქ ხეები დარგოს. ეს არის ნიადაგის რეკულტივაცია - აღდგენა  და ის  საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია. მიუხედავად სირთულისა და სიძვირისა, საბჭოთა პერიოდში ამ საქმეს მაინც აკეთებდნენ". 

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე ჭიათურის პროფკავშირების თავმჯდომარის მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ კომპანია მადნეულის მოპოვების წესს თანხის დაზოგვის მიზნით არღვევს:  "რა ტექნოლოგიური წესების დაცვით უნდა ხდებოდეს წიაღისეული საბადოს დამუშავება, ეს ყველამ იცის,  მაგრამ ამ წესების დაცვა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ფულის ხარჯვას ყველა გაურბის. თუ ტექნოლოგიურად ყველა წესი დაცული იქნება, მაშინ პრობლემაც აღარ იარსებებს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჭიათურის პრობლემა არ არის. ასეა კაზრეთშიც".
 
ჭიათურის ქარხნის თანამშრომელი მიხეილ იმედაძე მდინარე ყვირილას დაბინძურებაზე საუბრობს და კოლეგებთან ერთად გამოსავალს ეძებს: "საშინელება ის არის, რაც  მანგანუმით დაბინძურებული წყალი მდინარეში ჩაედინება. ამაზე თვალს ხუჭავს როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება და გარემოს დაცვის სამსახურიც. ვაბინძურებთ შავ ზღვასაც, რადგან მანგანუმით დაბინძურებული ყვირილა შავ ზღვაში ჩადის და ვწამლავთ ყველას დაყველაფერს".

მიხეილ იმედაძე პრეტენზიას სახელმწიფოს უყენებს და მიიჩნევს, რომ საკუთარი მოქალაქეები პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა დაიცვას: "მთავრობამ უნდა დამიცვას. მხოლოდ არჩევნების დროს  კი არ უნდა ჩამოვიდნენ, რომ  ხმები მოაგროვონ... ჩვენ ადამიანები ვართ და არავისაა აქვს უფლება, სიკვდილი მოგვისაჯოს". 

ადგილობრივების განცხადებით, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო მოსახლეობა რაიონს ტოვებს. გვირაბგამყვანი ლაშა მიროტაძე  აცხადებს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში 64 სოფელი ირიცხება, მაგრამ მათი უმრავლესობა  უკვე სანახევროდ დაცლილია. მოსწავლეთა კონტიგენტი შემცირდა საჯარო სკოლებშიც. შოთა გაფრინდაშვილის  თქმით, თუ ადრე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლებში ყოველწლიურად 10 000 პირველკლასელი ირიცხებოდა, წელს მათი რიცხვი 341-მდე შემცირდა.
 
„ჭიათურელთა კავშირის“ წევრები მოითხოვენ, რომ კომპეტენტური ორგანოების მიერ საბოლოოდ დადგენილი და კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმის დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩაირიცხოს და ის დაზიანებული ეკოსისტემის აღდგენას მოხმარდეს. ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატი, მალხაზ წერეთელი აცხადებს, რომ 2014 წელს საქართველოში გარემოს 327, 5 მლნ  ლარის ზიანი  მიადგა, აქედან  324 მლნ,  ანუ  ზიანის 98% მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის.  მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა 2013 წლის 15 ივნისს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოსთვის მიყენებული ზარალი 2 079 000 ლარად შეაფასა, საქმე გამოძიებისთვის  პროკურატურას გადაეცა, თუმცა საქმე გამოძიებული დღემდე არ არის. "გვრჩება შთაბეჭილება, რომ მოსწრებაზე არიან და ცდილობენ, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების  და კანონის დარღვევით, რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე გაიტანონ," - ამბობს წერეთელი.
 
2015 წლის 9 თებერვალს მოსახლეობამ სოფელ ზოდისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. როგორც გაირკვა, მძიმე სატრანსპორტო საშუალებებიდან გადმოყრილმა ნედლეულმა გზის სავალი ნაწილი დაფარა და იქ ფეხით კი არა, მანქანით გავლაც შეუძლებელი გახდა. მდგომარეობის გარკვევის მიზნით მოსახლეობას „ჯორჯიან მანგანეზის“ მთავარი ინჟინერის მოადგილე, კოტე ყიფშიძე შეხვდა. ყიფშიძემ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ  კომპანია დაზიანებულ გზასაც აღადგენდა და შემოვლით გზასაც გაიყვანდა. 

CENN-ის პროექტის მენეჯერი ნინო გაფრინდაშვილი ჭიათურის გარემოს დაბინძურების საკითხებს 2011 წლიდან სწავლობს. მისი თქმით, ატმოსფერული ჰაერისა და სასმელი წყლის ერთჯერადმა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ ატმოსფერულ ჰაერში მტვრის შემცველობა სამჯერ აღემატება სრულად დასაშვებ კონცენტრაციას, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ასთმა და სასუნთქი სისტემის ანთება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს გარემოსთან დაკავშირებულ ერთ-ერთ უმთავრეს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
 
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბოლო წლებში რაიონში ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის შემთხვევებმა იმატა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი,  ლელა სტურუა  ამ ინფორმაციას არ ადასტურებს:  "ზოგადად, ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საკმაოდ გავრცელებულია. სიკვდილის შემთხვევების 14% განპირობებულია სწორედ ონკოლოგიური დაავადებებით. ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების მხრივ ჭიათურის ზონა საქართველოს სხვა რეგიონებსგან არაფრითაა გამორჩეული", -აცხადებს სტურუა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის, ნელი კორკოტაძის განცხადებით, შემოწმებულია „ჯორჯიან მანგანეზის“  მფლობელობაში არსებული მთელი სალიცენზიო ფართობი. "ძირითადი პრობლემაა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დეგრადირება. სახეზეა მიწის ფუჭი ქანებით დაბინძურება. ”ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი დაანგარიშებულია. ვინაიდან მასალები შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,  საქმე გადაეგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს,"- ამბობს კორკოტაძე. 
 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, მათ შეამოწმეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედი გამამდიდრებელი საწარმოები და დარღვევების აღმოფხვრის მიზნით კომპანიას შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს: “ჯორჯიან მანგანეზის” კუთვნილი გამამდიდრებელი საწარმოს შემოწმების შედეგად  აღმოჩნდა გარკვეული დარღვევები. დარღვევების აღმოსაფხვრელად მათ გარკვეული დრო მივეცით.  გარდა ამისა, დაანგარიშებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. უახლოეს პერიოდში სასამართლოს მივმართავთ და ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვოთ".
 
მას შემდეგ, რაც ჭიათურის რაიონში არსებული მძიმე ეკოლოგიურო მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია „იმედის“  ეთერშიც გავიდა, "ჯორჯიან მანგანეზმა" საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს დაგეგმილია 5 ჰექტარი ტერიტორიის ბიოლოგიური რეკულტივაცია. კომპანია მდინარე ყვირილას დაბინძურების საკითხსაც შეეხო და ეს პრობლემა სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის წარსულ საქმიანობას დაუკავშირა. განცხადებაში ნათქვამია, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" 2016 წელს ახალ, მადნის დახურული გადამუშავების ციკლის მქონე სამთო-გამამადიდრებელ კომპლექსს აამოქმედებს, რაც  მდინარე ყვირილის შემდგომ დაბინძურებას გამორიცხავს.
 
"ჯორჯიან მანგანეზი" მანგანუმით გარემოს დაბინძურებასა და ონკოლოგიურ დაავადებებს შორის კავშირსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქიმიური ელემენტი, მანგანუმი არ წარმოადგენს ონკოდაავადებების გამომწვევ ელემენტს და ნებისმიერი სხვა მიზეზობრივი კავშირი მძიმე დაავადებების სტატისტიკური ზრდის მაჩვენებლებთან უნდა წარმოადგენდეს შესაბამისი კომპეტენტური სახელმწიფოებრივი ორგანიზაციების კვლევის საგანს". 

ახალი ამბები