კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ინიცირებული სარჩელი დააკმაყოფილა

28 მაისი, 2015
 
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური სარჩელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესის კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით. 

კონსტიტუციური სარჩელი 2012 წლის 4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა და ორგანიზაციის იურისტმა, კონსტიტუციონალისტმა მიხეილ შარაშიძემ შეიტანეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პროცესის გრძელვადიან მონიტორინგს აწარმოებდა. ამ პროცესში გამოიკვეთა საარჩევნო კანონმდებლობის სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტად მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი. გასაჩივრდა საქართველოს ორგანული კანონის -„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით(1) გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესის კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან(2)  და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან (3) მიმართებით.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპთან შეუსაბამოდ არის მიჩნეული ის გარემოება, რომ საქართველოში არსებულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებებია. მაგალითად, #29 ყაზბეგის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს 5,810 ამომრჩეველი, როცა საბურთალოს #3 ოლქში, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა 128,545 ამომრჩევლის მიერ. ამრიგად, ყაზბეგის ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა, შეიძლება ითქვას, თითქმის 22-ჯერ უფრო წონადია, ვიდრე საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა.  ამ გზით კი ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის, მათ შორის ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის - თანაბარწონადობის პრინციპი, რაც წარმოადგენს ამომრჩევლების დისკრიმინაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2015 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები