კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფლები სტიქიამ დააზარალა

4 ივნისი, 2015
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში მცხოვრებ ოლია ბერუაშვილს 31 მაისს მოსულმა სეტყვამ მოსავალი გაუნადგურა. მისი ძირითადი შემოსავალი პენსიაა, საპენსიო თანხა კი, კრედიტის სახით, წინასწარ გამოიტანა ხილის ბაღისთვის შხამქიმიკატების შესაძენად. ბერუაშვილი ხელისუფლებას სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლასა და ანაზღაურებას სთხოვს. 

„76 წლის ვარ და ასეთი სეტყვა პირველად ვნახე. სეტყვამ ხილის ბაღი გაგვინადგურა, დაგვიზიანა სახურავიც. პენსია 23 თვის წინასწარ მაქვს აღებული და წყალში ჩამეყარა შრომა“,- განაცხადა ოლია ბერუაშვილმა. 
სეტყვამ სოფელ ხელთუბანშიც გაანადგურა მოსავალი. სოფლის მცხოვრებთა თქმით, სტიქიამ მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

„დაზიანდა სოფლის მეურნეობის კულტურები, ხილი და ბოსტნეული. ასეთი სეტყვა არასოდეს გვინახავს“,- აღნიშნა სოფელ ხელთუბნის მკვიდრმა, გიორგი ბაშინჯაყელმა. 
სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა გორის მუნიციპალიტეტის სოფლები: მერეთი, გუგუტიანთკარი, ზარდიაანთკარი, კოშკა, კარბი და სობისი.
სობისის მოსახლეობის განცხადებით, თუ სახელმწიფო ზარალს არ აუნაზღაურებთ, ისინი ბანკის კრედიტებს ვერ დაფარავენ და მოსავალთან ერთად საცხოვრებელი სახლების გარეშეც დარჩებიან.

სტიქიიდან მესამე  დღეს, სობიში, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გორის მაჟორიტარი დეპუტატი მივიდნენ. ადგილობრივებმა სოფელში მისულ ხელისუფლების წარმომადგენლებს სეტყვის შედეგად განადგურებული ხილის  ნაყოფი აჩვენეს,  ბაღები დაათვალიერებინეს და მიყენებული ზარალის ანაღაურება მოითხოვეს. 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობას განუცხადა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს ზარალის ასანაზღაურებლად თანხები არ გააჩნია და მათ მოსავლის დაზღვევა შესთავაზა, რომლის 95 %-ს სახელწიფო გადაიხდის.
„ბევრს არ აქვს მოსავალი დაზღვეული და ეს პრობლემას ქმნის. ზარალს ვითვლით, რათა შემდგომი რეაგირებისთვის მთავრობას გადავუგზავნოთ“,- განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ხათუნა ხათაშვილს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების იმედი არ აქვს. 

,,გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის 40-მდე სოფელი სეტყვის შედეგად დაზარალდა. შემდეგ შეიქმნა კომისია, რომელმაც  ზარალი შეისწავლა, თუმცა ერთი თეთრიც არავის აუნაზღაურებია. ამიტომ ვფიქრობ,  რომ მოსახლეობამ მოსავალი უნდა დააზღვიოს“,- განაცხადა ხათუნა ხათაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობას შესთავაზა, რომ თავად შექმნან საინიციატივო ჯგუფი, რომელიც კომისიასთან ერთად ზარალს დაითვლის.

ახალი ამბები