კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი ქალების ჯანდაცვის პრობლემები

8 ივნისი, 2015
ნათია გოგოლაშვილი

პატიმართა გეგმიური ოპერაციების ელექტრონული რიგი, სამედიცინო გამოკვლევები, პოსტოპერაციული მკურნალობა, არაეფექტური მედიკამენტების მიწოდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აფთიაქის არარსებობა - ეს იმ პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია, რაზეც ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები საუბრობენ. 

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეფერალთა ბაზა ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულებისათვის საერთოა, რაზეც ქალი პატიმრები ჩივიან და მიაჩნიათ, რომ მათთვის ცალკე ბაზა უნდა არსებობდეს. საქართველოს მასშტაბით სასჯელს 288 ქალი მსჯავრდებული და 10 000-მდე მამაკაცი მსჯავრდებული იხდის. ქალ მსჯავრდებულებს ხშირად მკურნალობა სჭირდებათ სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მაგრამ რადგან არ არის გამოყოფილი ცალკე ქალი მსჯავრდებულების რეფერალთა ბაზა, სამედიცინო რეფერალთა  საერთო ბაზიდან ქალ მსჯავრდებულებს სამკურნალოდ რიგში თვეობით ლოდინი უწევთ. ეს მძიმედ აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შესაბამისად, მითითებული პროგრამით იგნორირებულია ქალ მსჯავრდებულთა სპეციალური საჭიროებები“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ლუკავა.

სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამთა დემურიშვილის განცხადებით, პატიმართა შერჩევა სქესის მიხედვით არ ხდება, რადგან ელექტრონული რიგი ქალ და მამაკაც პატიმრებს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს: „ელექტრონული რიგი ერთია. არ არსებობს ცალკე ქალთა და ცალკე მამაკაცთა, რადგან ამოსავალი წერტილია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მართალია, პატიმარს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯებით გაიკეთოს ოპერაცია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ იგი უპირატესია რიგითობის მხრივ. ეს იქნება მატერიალური ნიშნით დისკრიმინაცია, იმ პატიმრების მიმართ, ვისაც არა აქვთ საშუალება, ოპერაცია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ. აგრეთვე პაციენტის შესახებ უფლებების მე-14 მუხლით პოტენციური პაციენტის შერჩევა ხდება მხოლოდ სამედიცინო კრიტერიუმებით, სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლად“.

თამთა დემურიშვილის თქმით, რეფერირების პროცესი შემდეგნაირია: დაწესებულების ექიმი მიმართავს სამედიცინო დეპარტამენტს, შემდეგ კი სამედიცინო დეპარტამენტი შუამდგომლობას გონივრულ ვადაში განიხილავს. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პატიმარს ენიჭება რიგითი ნომერი, რაც განისაზღვრება: ტერიტორიული პრინციპის, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ გეგმიური რეფერირების დროს პატიმარი, რიგითობის შესაბამისად, იქნება გაყვანილი. გადაუდებელი შემთხვევებისას კი ხდება პატიმრის დაუყოვნებლივ გაყვანა. ამასთან, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ფარგლებში ელექტრონული რიგი გამიჯნულია და დამოუკიდებლად რეგულირდება.

სახალხო დამცველი 2014 წლის საპარლამეტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ აუცილებელია სამედიცინო რეფერალის ელექტრონული ბაზის დახვეწა, რათა პაციენტს მაქსიმალურად მოკლე დროში გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. 

„სამედიცინო დეპარტამენტი რიგითობას განსაზღვრავს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შესაბამისად. სამწუხაროა, რომ არ იქნა გაზიარებული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია სამედიცინო რეფერალის სისტემის შემდგომი დახვეწის შესახებ, რათა მაქსიმალურად თავიდან ყოფილიყო აცილებული სამედიცინო მომსახურების მიწოდების დაყოვნება. შეთავაზებული იყო ელექტრონული რიგის შემდგომი დიფერენციაცია დაავადებების მწვავე და ქრონიკული ხასიათის, დაავადების მიმდინარეობის დინამიკის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მათი ზეგავლენისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სამედიცინო რეფერალის ელექტრონული ბაზის შემდგომი დახვეწა, ვინაიდან რიგითი ნომრის განსაზღვრისას მხვედველობაში არ მიიღება პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებები. რიგითობა დამოკიდებულია არა კლინიკურ ფაქტორებზე, არამედ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა სამედიცინო მომსახურების მომლოდინე პაციენტთა რაოდენობა და სამედიცინო დაწესებულების გამტარიანობა“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპისთვის 2015 წელს მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს 39 პატიმარი (ურგენტული - 11; ამბულატორული - 20; სტაციონარი - 8), ხოლო სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში - 91 პატიმარი (ურგენტული - 18; ამბულატორული - 61; სტაციონარი - 18).

„ჩვენ მიერ გამოკითხული ქალი პატიმრების დიდი ნაწილი ჩივის სამედიცინო მომსახურების შესახებ, კერძოდ, აღნიშნავენ, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება დაგვიანებით უტარდებათ. ასევე მათ არ მიეწოდებათ ბრენდული მედიკამენტები და უკმაყოფილებას გამოთქვამენ მიწოდებული გენერიკული პრეპარატების ხარისხთან დაკავშირებითაც“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი.

„ოპერაციის შემდგომ საჭიროებისამებრ ხდება პაციენტის დაყოვნება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, საშუალოდ 2-4 დღემდე, გამონაკლის შემთხვევებში დღენახევრიდან ხუთ დღემდეც. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან პატიმრები, ძირითადად, სამედიცინო დეპარტამენტის №18  მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ამასთან, სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში არის სამედიცინო ნაწილი, სადაც შესაძლებელია პოსტოპერაციული და მედიკამენტოზური მკურნალობა“, - აცხადებს თამთა დემურიშვილი.

ქალ პატიმართა თქმით, პრობლემას წარმოადგენს პოსტოპერაციული მკურნალობისას ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფა. სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ მედიკამენტების ხარისხზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება: „სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებული პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება ექიმის დანიშნულების საფუძველზე, პენიტენციური ჯანდაცვის ბაზისური ნუსხის ფარგლებში. ყველა წამალს, რომელიც მიეწოდებათ პაციენტებს, მინიჭებული აქვთ სახელმწიფოში რეგისტრაციის ნომერი, შესაბამისად, მათ ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და აღნიშნული სცდება სამედიცინო დეპარტამენტის კომპეტენციას“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, პრობლემური რჩება დანიშნული მედიკამენტების ჩანაცვლების საკითხი.

„პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის შემუშავებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განსაზღვრა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელთა საკუთარი ხარჯებით მიწოდების ვალდებულებას ის იღებს. ამავდროულად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2011 წლის 30 მაისის ბრძანებით, დარეგულირდა საგამონაკლისო შემთხვევა, რა დროსაც პატიმარს სამინისტროს ხარჯზე შეიძლება მიეწოდოს მედიკამენტი, რომელიც ბაზისური მედიკამენტების ნუსხაში არ არის შეტანილი. როგორც მონიტორინგმა აჩვენა, სასჯელაღსრულების სამედიცინო პერსონალი პატიმრებს უნიშნავს იმ გენერიკმედიკამენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია დაწესებულებაში სახელმწიფოს ხარჯზე, რის გამოც პატიმრებს ეზღუდებათ ბრენდული სახელწოდების მედიკამენტების საკუთარი ხარჯით შეძენის უფლება“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიში.

„ყოველთვიურად მედიკამენტებისთვის გამოყოფილია 10 000 ლარი. თუ ექიმი იტყვის, რომ ჯენერიკი არ იძლევა შედეგს, ამ შემთხვევაში ვყიდულობთ ბრენდულ მედიკამენტებს. პაციენტს ასევე აქვს უფლება, საკუთარი ხარჯებით შეიძინოს მედიკამენტი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის #31 ბრძანების მე-3 დანართი ეხება პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხას. საჭიროების შემთხვევაში ხდება არაბაზისური მედიკამენტების შეძენა, თუმცა თუ დანიშნული მედიკამენტის შემცვლელი ბაზისური მედიკამენტების სიაშია და იგივე ჩვენება აქვს, მიეწოდება ეს უკანასკნელი“, - განმარტავს თამთა დემურიშვილი.

№5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების მიერ მედიკამენტების საკუთარი ხარჯებით შეძენას აფთიაქის არარსებობა აფერხებს. სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, კერძო კომპანიები თავიანთი სურვილით გავიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.

„ქალთა №5 დაწესებულებაში ერთი წლის წინ ფუნქციონირებდა „ავერსის“ აფთიაქი, მაგრამ მან ფუნქციონირება შეწყვიტა, რადგან პატიმრები აფთიაქს არ იყენებდნენ. პატიმრებს საჭიროება აღარ აქვთ, რომ წამლები დაწესებულების აფთიაქებში შეიძინონ. ამიტომ კერძო კომპანიების მხრიდან დაინტერესება ნაკლებია“, - აღნიშნავს თამთა დემურიშვილი.

სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, პენიტენციალურ სისტემაში მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება, კერძოდ: იმის გათვალისიწნებით, რომ წლევანდელი წელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წლად არის გამოცხადებული, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. თამთა დემურიშვილის თქმით, შშმ პირებისთვის ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთი ადაპტირებული საკანი გაკეთდება.

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობით, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები