კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ახალი ფაქტებისა და სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი მანკიერი პრაქტიკის თაობაზე

25 ივნისი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს სასჯელაღსრულების სისტემაში დანერგილი მანკიერი პრაქტიკის თაობაზე, რა დროსაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ პატიმრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ საკუთარი ნებით უარყონ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და ხელი მოაწერონ დოკუმენტს პრეტენზიის არქონის შესახებ. 

გარდა ამისა, მსჯავრდებულებს აიძულებენ შეცვალონ პირვანდელი ჩვენებები და დაწერონ, რომ დაზიანებები მიიღეს არა ცემის შედეგად, არამედ იატაკზე „დაცემის“ ან/და კიბეზე „უნებლიედ დაგორების“ დროს. 

მსჯავრდებულებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის დამატების მუქარა. ხოლო არასათანადო მოპყრობის უარყოფის შემდეგ, მსჯავრდებულთან ფორმდება საპროცესო შეთანხმება, რა დროსაც იგი მოკლებულია სრულფასოვან იურიდიულ კონსულტაციას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს მსჯავრდებულების - თამაზ რასოიანისა და  პაატა სურამელის ინტერესებს, რომლებიც ამჟამად სასჯელს იხდიანის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მსჯავრდებულმა პაატა სურამელმა ადვოკატს განუცხადა, რომ 2014 წლის 14 სექტემბერს იმყოფებოდა სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში, სადაც იგი ცემეს და აწამეს, შემდეგ კი გადაიყვანეს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში. შემთხვევა მოხდა ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ვიდეოკონტროლი.

მსჯავრდებულის თქმით, მიყენებული დაზიანებების გამო, მან მოითხოვა ექიმის პირველადი დახმარება, რაზეც უარი მიიღო. ხოლო მას შემდეგ, რაც საჩივრის დაწერა განიზრახა, ჯაჭვით შებოჭეს და მთელი ღამის განმავლობაში აბანოს ოთახში ამყოფეს, დილით კი გადაიყვანეს ბათუმის #3 დაწესებულებაში. მსჯავრდებული აცხადებს, რომ მასზე მუდმივად მიდიოდა ზეწოლა, რათა არ დაესახელებინა არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე თანამდებობის პირები. აიძულებდნენ, უარი ეთქვა გასაჩივრებაზე. იგი ჩასვეს სამარტოო საკანში 19 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გადაიყვანეს #7 დაწესებულებაში.

მსჯავრდებულის ცნობით, ამჟამად იგი იმყოფება სამარტოო საკანში, სადაც არაადამიანური პირობებია, საკანი ნესტიანია, ჩამოდის წყალი, საჰაერო ფანჯარა დალუქულია და საკანი არ ნიავდება. მსჯავრდებულს 3 თვით შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარები, პირადი კორესპოდენცია და ამანათით, ტელევიზორით, რადიოთი სარგებლობის უფლება. 

მსჯავრდებულ თამაზ რასოიანს ადამიანის უფლებათა ცენტრი წლებია, იცავს. იგი არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში. 2014 წ. 3 დეკემბერს კი, როგორც მსჯავრდებული აცხადებს, სასჯელაღსრულების  #8  დაწესებულებაში იგი კვლავ სასტიკად ცემეს. ამ ფაქტის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენჯერმე მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე - პროკურატურას, მოეხდინათ რეაგირება მსჯავრდებულის ინფორმაციაზე, სადაც იგი აცხადებს, რომ არაადამიანური მოპყრობა სხვა პატიმრებზეც განხორციელდა  . 

მიუხედავად ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთგზის მიმართვისა, არც პროკურატურას და არც სამინისტროს აღნიშნულ შემთხვევაზე ეფექტური რეაგირება არ მოუხდენია. საპირისპიროდ, რასოიანზე ასევე განხორციელდა ზეწოლა, რათა მას აღარ გაეგრძელებინა ჩივილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამდებობის პირების წინააღმდეგ. კერძოდ, თავდაპირველად მას წარუდგინეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის I ნაწილით, რომლის თანახმად, #8 დაწესებულებაში თამაზ რასოიანმა ისარგებლა აკრძალული საგნით - ალკოჰოლური სასმელით და დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის თრობა. მოგვიანებით, მსჯავრდებულის ინფორმაციით, მას მუქარით აიძულეს, რომ ამ ბრალდებით მას დაუმატებდნენ სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, თუ გააგრძელებდა ჩივილს მის მიმართ განხორციელებული ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. საბოლოოდ იგი დაითანხმეს, მიეცა ჩვენება, თითქოსდა დაზიანებები მიიღო „კიბეზე დაგორების“ შედეგად. ამის სანაცვლოდ კი, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით დაემატა არა 2 წელი, არამედ 6 თვე.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: 

საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე და უზრუნველყოს მსჯავრდებულთა კანონიერი უფლებების დაცვა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი პაატა სურამელისა და თამაზ რასოიანის საქმეთა გამოძიებებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები