კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები

29 ივნისი, 2015
 
ნინო ქიმაძე

26 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა რეპორტიორის პრეს-კლუბში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული წამების პრაქტიკის შესახებ პრესკონფერენცია გამართეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, 26 ივნისი წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღეა. წამება ასზე მეტი ქვეყნისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას.
 
„წამება საქართველოში არ არის ახალი თემა. ცოტა ხნის წინ ეს იყო სისტემური ხასიათის დანაშაული. ამჟამად, საპატიმროებში სისტემური დანაშაული  აღარ არსებობს, თუმცა, შემაშფოთებელია, რომ ბოლო წლებში მზარდი სტატისტიკა შეინიშნება, რასაც სახალხო დამცველიც მიუთითებს თავის ანგარიშებში“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეების მაგალითზე წამების ფაქტების მატება შეინიშნება.

„წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ პატიმრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ შეწყვიტონ ჩივილი და გარკვეული მეთოდებით ცდილობენ, ხელი მოაწერინონ დოკუმენტს რომ მათ პრეტენზა არ აქვთ და დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის შედეგად არის აღწერილი, თითქოს მათ მიიღეს იატაკზე დაცემის ან კიბეზე უნებლიედ დაგორების შედეგად“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პატიმრების სამართლებრივი და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია არ ხდება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი დანაშაულების შიდაუწყებრივი მოკვლევის პრაქტიკაც, რაც გულისხმობს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი დანაშაულებების მათ მიერვე გამოძიებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდრიძის განცხადებით, ამჟამად ცენტრი იცავს მსჯავრდებულების - თამაზ რასოიანისა და  პაატა სურამელის ინტერესებს, რომლებიც სასჯელს იხდიან #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

იურისტის განცხადებით, მსჯავრდებულმა პაატა სურამელმა ადვოკატს განუცხადა, რომ 2014 წლის 14 სექტემბერს იმყოფებოდა სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში, სადაც იგი ცემეს და აწამეს, შემდეგ კი გადაიყვანეს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში. შემთხვევა მოხდა ტერიტორიაზე, სადაც ხორციელდება ვიდეოკონტროლი.

მსჯავრდებულის თქმით, მიყენებული დაზიანებების გამო, მან  ექიმის პირველადი დახმარება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. ხოლო მას შემდეგ, რაც საჩივრის დაწერა განიზრახა, ჯაჭვით შებოჭეს და მთელი ღამის განმავლობაში აბაზანაში ამყოფეს, დილით კი გადაიყვანეს ბათუმის #3 დაწესებულებაში. მსჯავრდებული აცხადებს, რომ მასზე მუდმივად მიდიოდა ზეწოლა, რათა არ დაესახელებინა არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე თანამდებობის პირები. აიძულებდნენ, უარი ეთქვა გასაჩივრებაზე. იგი ჩასვეს სამარტოო საკანში 19 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გადაიყვანეს #7 დაწესებულებაში.

მსჯავრდებულის ცნობით, ამჟამად, იგი იმყოფება სამარტოო საკანში, სადაც არაადამიანური პირობებია: საკანი ნესტიანია, ჩამოდის წყალი, საჰაერო ფანჯარა დალუქულია და საკანი არ ნიავდება. მსჯავრდებულს 3 თვით შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარები, პირადი კორესპოდენცია და ამანათით, ტელევიზორით, რადიოთი სარგებლობის უფლება. 

მსჯავრდებულ თამაზ რასოიანს ადამიანის უფლებათა ცენტრი წლებია, იცავს. იგი არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში. 2014 წ. 3 დეკემბერს კი, როგორც მსჯავრდებული აცხადებს, სასჯელაღსრულების  #8  დაწესებულებაში იგი კვლავ სასტიკად ცემეს. 

ლონდარიძის თქმით, რასოიანთან იმყოფებოდა გამომძიებელი, რომლის მიერ ხდებოდა ზეწოლა, რათა შეეწყვიტა მსჯავრდებულს თანამდებობის პირების დანაშაულებრივი მხილება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენჯერმე მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე - პროკურატურას, მოეხდინათ რეაგირება მსჯავრდებულის ინფორმაციაზე, სადაც იგი აცხადებს, რომ არაადამიანური მოპყრობა სხვა პატიმრებზეც განხორციელდა. მიუხედავად ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთგზის მიმართვისა, არც პროკურატურას და არც სამინისტროს აღნიშნულ შემთხვევაზე ეფექტური რეაგირება არ მოუხდენია“, - აცხადებს ნესტან ლონდარიძე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე და უზრუნველყოს მსჯავრდებულთა კანონიერი უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მიმართავს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რათა განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი პაატა სურამელისა და თამაზ რასოიანის საქმეთა გამოძიებებზე.

ახალი ამბები