04:50, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თაღლითობის მსხვერპლი პენსიონერი დახმარებას ითხოვს

29.06.2015

ლია ხუროშვილი, ადვოკატი
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

„პენსიონერი და სოციალურად დაუცველი ვარ, ყოველდღე მეშინია, რომ გამოგვასახლებენ და ქუჩაში დავრჩებით. არ ვიცი სიბერე სად გავატარო. შვილითა და ორი მცირეწლოვანი შვილიშვილით გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ“,- განაცხადა ჟუჟუნა ჯობაძემ.

11 წლის წინ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ჟუჟუნა ჯობაძე საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა, რათა ოჯახი ერჩინა. საცხოვრებელი სახლი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს, კარის მეზობელს, დუანშერ ტურიაშვილს დაუტოვა. საქართველოში დაბრუნებულ ჟუჟუნა ჯობაძეს მეზობელმა სახლის უკან დაბრუნებაზე უარი უთხრა. ამასთან, ჯობაძის განცხადებით, დუანშერ ტურიაშვილს მისი კუთვნილი ვაშლის ბაღი გაუკაფავს და მის ადგილზე ატმის ბაღი გაუშენებია. ბინის გადაფორმებაზე უარის მიღების შემდეგ ჯობაძემ ატმის ბაღის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია მოითხოვა. აუდიტმა ატმის ბაღი 10 000 ლარად შეაფასა, თუმცა გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 25 დეკემბერს ჟუჟუნა ჯობაძეს 5000 ლარის გადახდა დაეკისრა.
 
ჟუჟუნა ჯობაძემ დახმარებისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს მიმართა.
 „ეს სახლი ბებიისგან მქონდა ანდერძით გადმოცემული, საბუთებით დავამტკიცე რომ სახლი ჩემი იყო და სასამართლომ მე დამაკისრა 5 000 ლარის გადახდა, რადგან ატმის ბაღი ჩემს საკუთრებაში გადმოდიოდა“,- განაცხადა ჟუჟუნა ჯობაძემ.
ჟუჟუნა ჯობაძეს მეზობელმა ზაურ ქართლელიშვილმა თანხის გადასახდელად დახმარება შესთავაზა და 5 000 ლარი ასესხა, რომლის უკან დაბრუნება 1 კვირაში მოსთხოვა. ჯობაძის განცხადებით, მან თანხის გადახდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო უმოკლეს ვადაში ვერ შეძლო, რის გამოც მეზობელმა სასამართლოს მიმართა და სახლის მასზე გადაფორმება მოითხოვა.

ჯობაძის პრობლემებს ბინის იპოთეკით დატვირთვაც დაემატა. როგორც თავად აღნიშნავს, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად სიძემ, გიორგი მაისურაძემ, ბინის იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ დახმარება შესთავაზა, რომლის საშუალებითაც  მაისურაძეს ბანკის სესხი უნდა დაეფარა და შემდეგ ახალი სესხი გამოეტანა ჟუჟუნა ჯობაძის ვალის გადასახდელად.

„ჩემმა სიძემ მართლაც გამოიტანა სესხი საქართველოს ბანკიდან, მაგრამ აზარტულ თამაშებში წააგო. ამ ყველაფრის შემდეგ კი ჩემი შვილი, ია ძინძიბაძე ორ შვილთან ერთად (ბავშვები10 და 7 წლის არიან) შუა ზამთარში ქუჩაში გამოყარა და მე შევიფარე იპოთეკით დატვირთულ სახლში,“ - აღნიშნა ჟუჟუნა ჯობაძემ.

ჯობაძე 17 აპრილს უნდა გამოესახლებინათ სახლიდან, მიუხედავად იმისა, რომ გამოსახლების ვადა გადაუწიეს, მისი თქმით, მას უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება.

ჟუჟუნა ჯობაძემ დახმარების თხოვნით შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართა, თუმცა, მათგან უარყოფითი პასუხი მიიღო. დახმარებაზე უარი უთხრეს თელავის საოლქო პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებშიც.

მისივე თქმით, ამ ამბის შემდეგ იპოთეკარი დაუკავშირდა მის სიძეს - გიორგი მაისურაძეს და მისი თანხმობით იპოთეკარმა - ეთერი ქიტესოვმა, აუქციონის წესით, თვითონვე შეისყიდა ჟუჟუნა ჯობაძის  საცხოვრებელი სახლი.

„ჩვენი გამოსახლების თარიღი 17 აპრილი იყო, რომელიც გადამიწიეს, მაგრამ ჩვენ მაინც ვრჩებით უსახლკაროდ, ყოველდღე ვცხოვრობთ იმის შიშით, რომ გამოგვასახლებენ და დავრჩებით ქუჩაში. ჩემი შვილით და ორი მცირეწლოვანი შვილიშვილით გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ. საცხოვრებელი სახლი დავკარგეთ, სად წავიდეთ არ ვიცით“- განუცხადა humanright.ge-ს დაზარალებულმა.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტმა, ლია ხუროშვილმა აღნიშნა, ჟუჟუნა ჯობაძის შვილმა, ია ძინძიბაძემ ადრეც მიმართა დახმარებისათვის.

მისი თქმით, ია ძინძიბაძე წლების განმავლობაში იყო მეუღლის მხრიდან ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი.  წლების მანძილზე ოჯახს მატერიალურად ჟუჟუნა ჯობაძე უზრუნველყოფდა. სიძე კი აზარტულ თამაშებში აგებდა ფულს და ოჯახს მძიმე მდგომარეობაში აყენებდა. არც ფიზიკური ძალადობა იყო უცხო.
 
„იპოთეკის საკითხზე მომხდარი უსიამოვნების გამო კი, გიორგი მაისურაძემ მეუღლის ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა და დაუწვა, რაც სისიხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა გიორგი მაისურაძე არავის დაუსჯია. პირიქით, როდესაც ახლობელმა ია ძინძიბაძის დაცვა და პრობლემის მოგვარება სცადა, მაისურაძემ ახლობელიც და მისი ორი მეგობარიც პროვოკაციაზე წამოაგო, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა სამი წელი გაატარეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამის შემდეგ ოჯახის დახმარებას ვეღარავინ ბედავს. ია ძინძიბაძეს ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელის შედგენაშიც დავეხმარეთ, თუმცა მამას შვილებისთვის არასოდეს მიუხედავს. ამდენად ია ძინძიბაძე და დედამისი ჟუჟუნა ჯობაძე ძალადობის და თაღლითობის  მსხვერპლი არიან, თუმცა მიუხედავად ჯობაძის მიერ შეტანილი განცხადებისა, პოლიციას მისი საქმე რატომღაც სამოქალაქო დავის საგნად მიაჩნია, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი არასწორად მიიჩნევს”- აცხადებს ლია ხუროშვილი.

ჟუჟუნა ჯობაძე შესამაბის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართავს, რათა დაინტერესდნენ მისი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC