კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრების წესად ქცეული ძალადობა

29 ივნისი, 2015
 
ნინო ქიმაძე

„ყოველ დილით ცოლი უნდა ცემო, თუ გინდა შენს ჭკუაზე გყავდეს - ეს ჩემი მეუღლის დევიზია, რომელსაც წლების განმავლობაში არაჩვეულებრივად ასრულებდა და ამის გამო ბედნიერი იყო“, - ამ განცხადებას humanrights.ge- სთან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი აკეთებს. 

სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. ანგარიშის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის განსხვავებული ასპექტები ვლინდება. ქალთა უფლებები ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური თვალსაზრისით ილახება. „პრობლემის სიმძაფრე მთელი სიცხადით  2014 წელს შევიგრძენით, როდესაც ოჯახში ძალადობის შედეგად 17  ქალი იქნა მოკლული“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში.
 
ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც პირობითად ნათელას დავარქმევთ, მოძალადე ქმართან 45 წელი ცხოვრობდა და მისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას წლების განმავლობაში განიცდიდა. მისი თქმით, ოჯახში არსებული კონფლიქტის დამალვას სირცხვილის გრძნობა აიძულებდა.

„წლების განმავლობაში ქმრის დაუკითხავად წყლის დალევა და საპირფარეშოში შესვლაც კი არ შემეძლო. მას ვემსახურებოდი, როგორც მონა, და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ყველაფერს უკვე საკუთარი სურვილით ვაკეთებდი. არ მინდოდა, ჩვენი ოჯახური მდგომარეობა სხვა ადამიანებსაც გაეგოთ, მრცხვენოდა. ვეხვეწებოდი, ჩუმად მცემე, მეზობლებმა არ გაიგონ-მეთქი“, - განაცხადა ქალბატონმა ნათელამ.

ქალბატონ ნათელას ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ხერხემალი დაუზიანდა, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. როგორც თავად აცხადებს, ბოლო ძალადობის დროს მეუღლეს სახლში ჰყავდა გამოკეტილი და ფიზიკურად უსწორდებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ ქალბატონი თავშესაფარში გადაიყვანა. ძალადობის მსხვერპლ ქალბატონს ამჟამად „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ მფარველობს. 

humanrights.ge ფონდსაც ესტუმრა და ქეთი ბეროშვილს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს გაესაუბრა. მისი თქმით, ტრეფიკინგის ფონდის ორგანიზებით, საგანმანათლებლო-ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები იმართება, რადგან ძალადობის ფაქტები ძირითადად საზოგადოების არასწორი ცნობიერების შედეგია.

„ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით არის დაკავებული. კერძოდ, კამპანიებს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან ვაწარმოებთ.  შეხვედრებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით, საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან და პედაგოგებთან ვმართავთ. მათ ინფორმაციას ვაწვდით იმ სერვისების არსებობის შესახებ, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად არსებობს. მივიჩნევთ, რომ საზოგადოების ინფორმირება და მათთვის ამ პრობლემის რაობის ახსნა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთი ბეროშვილმა.
 
ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესებს ფონდის იურისტები იცავენ. ამჟამად,  სასამართლოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, რომლებსაც ფონდის იურისტები უძღვებიან. 

 „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ იურისტი, ირაკლი ჭყონია  მიიჩნევს, რომ ძალადობრივი ფაქტების აღკვეთის კუთხით კანონმდებლობაში გარკვეული დადებითი პროცესები შეინიშნება.

„2012 წლიდან ოჯახში ძალადობამ მიიღო სიტემატიური ხასიათი და სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა ისეთი ხერხებით, რომლებიც ითვალისწინებდა ადამიანთა დასჯას სისხლის სამართლებრივი წესით. სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა ახალი, 126-ე პრიმა მუხლი, რითაც ოჯახში სისტემატიური ძალადობა ისჯება. ბოლო ცვლილებებით, საკმაოდ გაიზარდა სანქცია მოძალადის მიმართ, თავისუფლების აღვეთა სამ წლამდე არის გაზრდილი“, - აცხადებს ირაკლი ჭყონია.

კავშირი „საფარი“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია აცხადებს, რომ,  ქალზე ძალადობის ფაქტების სიმრავლის მიუხედავად, ძალადობის დანაშაულებების ძალიან მცირე ნაწილია გამოვლენილი. მისი თქმით, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი ძალადობის მსხვერპლია, თუმცა, მისივე თქმით, რამდენად სარწმუნოა ეს რაოდენობა, საეჭვოა, რადგან ხშირად არ ხდება ძალადობრივი ფაქტების გამოაშკარავება.

„ჩვენს ორგანიზაციას კვირაში მინიმუმ ერთი ადამიანი მომართავს დახმარებისთვის. ძალადობის სხვადასხვა ფორმა არსებობს, თუმცა ძალადობის მსხვერპლები უფრო ხშირად მაშინ მოდიან ჩვენთან, როცა მათზე ფიზიკურად ძალადობენ. ოჯახში სექსუალური ძალადობის შესახებ ძალიან იშვიათად საუბრობენ და ისიც მხოლოდ თერაპიული კურსის გავლის შემდეგ. ფიზიკური ძალადობის აღიარებაც ზოგჯერ უჭირთ;  ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორც წესი, ყოველთვის შესამჩნევია, რადგან რომ არა ფსიქოლოგური ტრავმა, არც მოგვმართავდნენ დახმარების თხოვნით“, - აცხადებს ბაია პატარაია. პატარაიას თქმით, ოჯახში ძალადობა გენდერული უთანასწორობის შედეგია, რომელიც გამართლებულია საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ.

საზოგადოების არასწორ დამოკიდებულებაზე საუბრობს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი რუსუდან მირცხულავაც. მისი თქმით, თითქმის ყველა ქალი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პარტნიორი მამაკაცისგან აგრესიას განიცდის და ხშირად ეს საქციელი სოციუმის მხრიდან გამართლებულია, განსაკუთრებით სტერეოტიპული და პატრიარქალური იდეოლოგიის მატარებელ საზოგადოებაში. 

„ქალების ძალიან დიდი პროცენტი მალავს ძალადობის ფაქტებს, რადგან გარკვეული დოგმაა ჩამოყალიბებული საზოგადოებაში, რომ ქალმა უნდა ითმინოს ყველაფერი, უნდა შეინარჩუნოს ოჯახი და ყველაფერზე თვალი დახუჭოს. საზოგადოება ავალდებულებს ქალებს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ოჯახი“, - აცხადებს რუსუდან მირცხულავა.

რუსუდან მირცხულავა მიიჩნევს, რომ ძალადობასთან შეგუების და მისი დამალვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ფინანსური დამოუკიდებლობის არქონაა. ხშირ შემთხვევაში ქალები მატერიალურად მამაკაცებზე არიან დამოკიდებული და ეს აიძულებს მათ ძალადობის ფაქტების დამალვას.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობს აღკვეთის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ქალის მიმართ უკანონო თვალთვალი, სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაცია, რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს და მუქარისშემცველია ორ წლამდე თავისუფლების აღვეთით ისჯება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქალთა მიმართ ძალადობს აღმოსაფხვრელად.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ახალი ამბები