კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა დასრულდა

17 ივლისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს სახალხო დამცველისა და უმცირესობათა საკითხებში ეუთოს  უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი პროექტი - ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა - 10 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 

საქართველოში ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლაში ტრენინგების შვიდდღიანი კურსი 15-20 წლამდე ასაკის ოცმა ახალგაზრდამ გაიარა. პროექტის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებიდან შეირჩნენ.

„ბავშვების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდი იყო. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის 100-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა. ეუთოს ოფისმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეარჩია 30-მდე საუკეთესო კანდიდატი, მათთან ინტერვიუები ჩატარდა და, საბოლოოდ, 20 ადამიანი შეირჩა. შერჩეულ მონაწილეებს შორის სტუდენტები და მოსწავლეები იყვნენ. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი  მათი მოტივაცია, პრობლემების სწორი ხედვა და ადამიანის უფლებებზე მათი წარმოდგენები იყო. აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ახალგაზრდა  საღად აზროვნებს, ძალიან კარგად ხედავს ადამიანის უფლებების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, უმცირესობების უფლებებს, ტოლერანტობის პრობლემას საქართველოში და ა.შ.“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნინო ტლაშაძემ.

არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრის „მზიანი სახლის“ ტრენერი ნოდარ მამინაიშვილი ტრენინგს დადებითად აფასებს. მისი თქმით, მონაწილეთა მხრიდან ინტერესი და ჩართულობა მაღალი იყო.
„ტრენინგში ბავშვების მონაწილეობა და ჩართულობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ტრენინგი ძირითადად ადამიანის უფლებების თემატიკას ეხებოდა. იგი  საბაზისო საკითხებით გავხსენით, როგორიცაა დემოკრატია და მისი დანიშნულება და სამოქალაქო საზოგადოების რაობა. განვიხილეთ ისეთი საჭირბოროტო საკითხები, როგორიც არის გენდერი, ბავშვთა უფლებები, შშმ პირთა უფლებები და ა.შ. გავიაზრეთ, თუ რა არის სამოქალაქო საზოგადოება, მისი როლი, მისი დანიშნულება და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა ამ სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში. ტრენინგი საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ მასში მონაწილეობა საკმაოდ ცნობილმა და მნიშვნელოვანმა ექსპერტებმა მიიღეს. საინტერესო იყო რეალური მაგალითები, კონკრეტული ქეისები, რომლებიც მათ გააცნეს ბავშვებს. ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს ბავშვებს. შესაბამისად, ბავშვებმა მიიღეს  ინფორმაცია არა მარტო გარკვეული თეორიული საკითხების შესახებ, არამედ გაეცნენ ექსპერტთა შეფასებებს, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა ნოდარ მამინაიშვილმა.

humanrights.ge ტრენინგის მონაწილეებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.
ლაზარე ჯიბლაძე (თსუ, იურიდიული ფაკულტეტი): „როდესაც პროექტისა და მისი  მიზნების შესახებ გავიგე, დავინტერესდი ამ პროექტით. დღესდღეობით, ადამიანის უფლებები ერთ-ერთი მწვავე საკითხია, რაც საქართველოს საზოგადოებისათვის გამოწვევაა. ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა კი მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლასა და უნივერსიტეტშიც მსგავს საკითხებს გვასწავლიან, არაფორმალური განათლების ეს ფორმატი, ჩემი აზრით, ყველაზე ნაყოფიერი იყო“.

საბა სიჭინავა (სკოლის მოსწავლე): „გაოცებული ვარ, არ მეგონა, ასე თუ გამიადვილდებოდა ასეთი რთული საკითხების შესწავლა. ძალიან მომწონს ეს საზაფხულო სკოლა და იმედი მაქვს, მსგავს პროექტებში მონაწილეობის საშუალება კიდევ მექნება“.

თეონა ღერკენაშვილი (თსუ, სოციოლოგი, მე-2 კურსი): „პროექტში მონაწილეობა რამდენიმე მიზეზის გამო მინდოდა: პროექტი გათვლილი იყო არა მხოლოდ თბილისელ ბავშვებზე, არამედ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზეც, რაც ძალიან კარგია და ასევე ტრენინგი ბევრ ჩემთვის საინტერესო თემატიკას მოიცავს“.

ხალიდ მურადოვი (თსუ, მედიცინის ფაკულტეტი): „პროექტი ძალიან საინტერესო იყო. ასეთი პროექტების არსებობას მივესალმები. კარგი იქნება, თუ ასეთი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, რათა მოხდეს ახალგაზრდების ინტეგრაცია. ჩვენ აქ ერთმანეთს საკუთარ აზრებს ვუზიარებთ. ტრენინგების შედეგად, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ამასთან, ჩემი ცოდნაც სხვებსაც გავუზიარე“.

მარიამ ვარაზაშვილი (თსუ, ჰუმანიტარული ფაკულტეტი): „ჩვენ ყველას ამ ინტეგრაციამ ძალიან ბევრი რამ მოგვცა. აზრებსა და მოსაზრებებს ვუზიარებდით ერთმანეთს. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ აფხაზ ახალგაზრდებზე. ამასთან, ძალიან კარგი ტრენერები გვყავდნენ, ისინი მოწყენის საშუალებას არ გვაძლევენ, მათი დახმარებით პროექტი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა“.

მონაწილე გალის რაიონიდან (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი): „პროექტით კმაყოფილი ვარ, ადამიანის უფლებების შესახებ დიდი ცოდნა შევიძინე. საინტერესო ტრენინგები გვაქვს და ასევე ძალიან კარგი ტრენერები გვყავს, ისინი საინტერესოდ წარმართავენ პროცესს“.

შოთა ბელთაძე (თსუ): „პროექტი იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ხასიათის, რაც კარგია. ჩემს მაგალითს მოვიყვან: ზოგადად, არ ვცვლი ჩემს გადაწყვეტილებებს, ტრენინგის მიმდინარეობისას კი სხვისი აზრებისა და არგუმენტების გაზიარება ვისწავლე.“

ნინო ტლაშაძის თქმით, პროექტი მოიცავს ოთხთვიან აქტივობას, რომელშიც ორი საზაფხულო სკოლის მოწყობაა დაგეგმილი. ერთი საქართველოში ჩატარდა, მეორე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა კი - სტამბულში გაიმართება.

„2015 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისომდე სტამბულში საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ჩატარება იგეგმება, რომელში მონაწილეობას ადამიანის უფლებათა ადვოკატები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები მიიღებენ. მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან, მათ შორის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ისინი 6 დღეს ერთად გაატარებენ, საერთო პრობლემებზე ისაუბრებენ, ერთმანეთში გაცვლიან ინფორმაციას, შესაბამის საზოგადოებაში არსებულ ადამიანის უფლებებზე. პროგრამას მათთვის წარუძღვებიან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ადამიანის უფლებების სფეროში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტების ლექტორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად ევროპიდან, ასევე ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები და ექსპერტები ჩაატარებენ ლექციებს“, - განაცხადა ნინო ტლაშაძემ.

ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლის პროექტი გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების მიერ არის დაფინანსებული.

ახალი ამბები