კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრგვალი მაგიდა - საქართველოში მცხოვრებ ბოშათა პრობლემები

24 ივლისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

20 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში საქართველოში მცხოვრებ ბოშათა პრობლემებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. უფლებადამცველებმა და ბოშათა თემის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს. 

უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის პროექტების ასისტენტის, ელენე პროშიკიანის განცხადებით, დღესდღეობით, ორი ათასამდე ბოშა საქართველოს ხუთ რეგიონში ცხოვრობს: ქუთაისში, აჭარაში, თბილისში, სოფელ გაჩიანსა და კახეთის რაიონის სოფელ ჭოეთში. მისი თქმით, ამ რეგიონებში ბოშებს, განსაკუთრებით, სოციალური პრობლემები აწუხებთ.

„საქართველოში ბევრ ბოშას არ აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, ამის გამო ისინი სოციალურ დახმარებებს ვერ იღებენ. ასევე, ძალიან დიდი პრობლემაა ბოშათა განათლების საკითხი. აუცილებელია, სახელმწიფო სტურუქტურებმა ამ მიმართულებით იმუშაონ, რათა ბავშვებმა მიიღონ ელემენტარული განათლება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ინტეგრაციისთვის, იმისათვის, რომ ბავშვმა ნახოს სხვა ცხოვრება. ასევე პრობლემურია ოჯახში ძალადობა. უნდა აღინიშნოს, რომ თემში ამ საკითხის შესახებ არ ვლაპარაკობთ. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ქალები ძალადობის მსხვერპლები არიან და მათ დახმარება აუცილებლად სჭირდებათ“, - აცხადებს ელენე პროშიკიანი.

სახალხო დამცველთან არსებული უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, იზაბელა ოსიპოვას შეფასებით, საქართველოში ბოშები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეთნიკური უმცირესობაა: „ბოშათა თემის წარმომადგენლებისთვის რთულია ამ მდგომარეობაში ყოფნა. ელემენტარულად, ბავშვებს არ აქვთ დაბადების მოწმობები, ამის გამო კი ისინი  სკოლებში ვერ დადიან. უძრავ ქონებასთან აქვთ უამრავი პრობლემა, ვერ სარგებლობენ სოციალური დახმარებებით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბოშები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეთნიკური უმცირესობა არის, რომლებსაც  დახმარება სჭირდება.“

აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის წარმომადგენელი შორენა კობაიძე კი აცხადებს, რომ ბოშების პრობლემები წლების განმავლობაში არ იცვლება და დღემდე გადაუჭრელ საკითხად რჩება: „პრობლემები, რომლის წინაშეც ბოშები რამდენიმე წლის წინ იდგნენ დღევანდელ პრობლემებთან აბსოლუტურად იდენტურია. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროა უფრო მეტი ჩართულობა და კოორდინაცია იმ ორგანიზაციებისა და უფლებადამცველებისა, რომლებიც მუშაობენ ბოშათა პრობლემების მოგვარებაზე. რათა შედეგი უფრო ეფექტური იყოს.“

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯომარის, ნინო ელბაქიძის განცხადებით, ორგანიზაციის იურისტები ბოშათა პრობლემატიკაზე აქტიურად მუშაობენ. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ბოშათა დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცესი.

„ჩვენ ვახორციელებთ პროექტს „ადამიანის უფლებები რეგიონებში“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რაიონში გავდივართ და ადგილზე ვსწავლობთ ადამიანის უფლებათა პრობლემებს. ერთ-ერთი ასეთი გასვლის შედეგად, შევხვდით გაჩიანში, გარდაბნის რაიონში, მცხოვრებ ბოშებს. მათ ბევრი პრობლემა აქვთ. ბევრ მათგანს არ აქვს პირადობის მოწმობები, რაც უკვე შემდეგ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისას პრობლემებს უქმნით. პირველ ეტაპზე ჩვენი იურისტები ბოშებს პირადობის მოწმობების აღებაში ეხმარებიან. შემდეგი ეტაპი იქნება საკუთრების უფლების დარეგისტრირება. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ბოშებს აშენებული აქვთ სახლები და ამ სახლებში ცხოვრობენ, ოჯახების ნაწილს დარეგისტრირებული საკუთრება არ აქვთ. შესაბამისად, მათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სჭირდებათ“, - აცხადებს ნინო ელბაქიძე.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „ადამიანის უფლებები რეგიონებში“ უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. უფლებადამცველები მოწყვლად ჯგუფებს უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. 

ახალი ამბები