კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ უნდა გამოიძიოს პოლიციელთა შესაძლო დანაშაული

30 ივლისი, 2015
 
ნინო ხარაძე, რადიო „თავისუფლება“

პოლიციის განყოფილებებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სათანადო გამოძიებისკენ მოუწოდებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოქალაქე მაია კეკელიას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თაობაზე ისაუბრეს, რომლის თანახმადაც, მაია კეკელიას ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაშინ როცა ორგანიზაციათა წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციელები თავად იყვნენ ნასვამები და მაია კეკელიას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მაია კეკელიამ ადამიანის უფლებათა ცენტრს მას შემდეგ მიმართა, რაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 9 ივნისს დამნაშავედ ცნო სამეგრელო-ზემო სვანეთს სამხარეო მთავარი სამმართველოს მარტვილის რაიონული სამმართველოს ბანძის განყოფილების თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. მაია კეკელია კი ამბობს, რომ დანაშაული მის მიმართ ჩაიდინეს გასული წლის 16 ოქტომბერს ამავე რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მას. მაია კეკელიას თქმით, პოლიციაში თავისი დისშვილის საძებნელად მივიდა, ვინაიდან ახლობელმა აცნობა, რომ მას რაღაც შეემთხვა, პოლიციაში მისულს კი შემდეგი სცენა დახვდა:

„შენობის ფოიეში შევესწარი, რომ შავ მაისურში ჩაცმული მამაკაცი სცემდა ძირს დაგდებულ ადამიანს და ვცადე მისთვის ეს ადამიანი მომეშორებინა. ეს ადამიანი მოტრიალდა და თავში მუშტი ჩამარტყა. წამივიდა გული. მერე ისევ დავბრუნდი პოლიციის შენობაში. მარტვილის პოლიციის უფროს ალექსანდრე გაგუასთან მომივიდა სიტყვიერი შელაპარაკება. პოლიციელები იმ საღამოს იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, კერძოდ, ალექსანდრე გაგუა და კახა ძიძიგური იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. ეს შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რადგან ისინი ახლოს, ფიზიკურ კონტაქტში მოდიოდნენ ჩემთან“.

მაია კეკელიას მონათხრობით, ამ ვითარებას შეესწრნენ მისი თანასოფლელებიც, რომელთაგან ხუთი ახლა პატიმრობაშია, ვინაიდან მათ ბრალად ედებათ პოლიციის შენობიდან დაკავებულის გაპარება. მაია კეკელიას და კიდევ ერთ პირს ჯარიმა შეეფარდათ. მაია კეკელიას ადვოკატის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის თამარ ლუკავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არაერთხელ მიმართა პოლიციის განყოფილებას, აგრეთვე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას, გენერალურ ინსპექციას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ:

„მის მიერ შეტანილი ყველა განცხადება, საჩივარი, წერილი, განხილვისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, იგზავნებოდა ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, სადაც განსახილველად ეწერებოდა იმ გამომძიებელს, რომელიც მისი ძირითადი საქმის გამომძიებელი იყო და, რა თქმა უნდა, იგი თავის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების წინააღმდეგ არ აღძრავდა სისხლის სამართლის საქმეს“.

ამ საქმისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ შესული მომრავლებული განცხადებების გამო, რომლებიც პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და მათი საქმის გამოუძიებლობის საკითხებს შეხება, ალეკო ცქიტიშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, ხელისუფლებას მოუწოდებს შეიქმნას სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულთა გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმი:

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას დაუბრუნდნენ ამ ფაქტს, კარგად შეისწავლონ თვითონ მაია კეკელიას და მისი მეგობრების განცხადებები და ობიექტურად გამოიძიონ ეს ფაქტი, თუმცა ამის იმედი არ გვაქვს. ამავე დროს მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რომ კიდევ უფრო ეფექტურად განახორციელოს ე. წ. გენერალური ინსპექციების საქმიანობაზე ზედამხედველობა“.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, უნდა დასრულდეს უწყებების მიერ თავიანთი თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულთა გამოძიების პრაქტიკა, მით უფრო, როცა ასეთი გამოძიება ემსახურება არა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, არამედ პოლიციელთა ქმედებების კვალის წაშლას.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის გარეშე საქართველოში ძალადობა ვერ აღმოიფხვრება:

„პოლიციელის, სასჯელაღსრულების მუშაკის და პროკურორის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევები უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ, რომელიც, როგორც, მაგალითად, ბელგიაშია, ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე“.

რაც შეეხება სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას, როგორც 29 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის მიხედვითაც, პროკურატურის გარდა, სხვა რაიმე საგამოძიებო სტრუქტურის შექმნა არ მოიაზრება. არჩილ თალაკვაძის თქმით,უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების მექანიზმი და ეს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყოს პროკურატურა.

პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მაია კეკელიას განცხადებები მიღებული აქვთ და ყველა განცხადებაზე კომპეტენტური პასუხია გაცემული.

რაც შეეხება მაია კეკელიას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, ის სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

ახალი ამბები