კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელთა სავარაუდო გადაცდომის მორიგი ფაქტი

31 ივლისი, 2015
 
ნათია გოგოლაშვილი

29 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების გენერალური ინსპექციები თვითონ იძიებენ თავიანთი თანამშრომლების სავარაუდო გადაცდომის ფაქტებს. ეს არის არაეფექტური და მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას და ქვეყანა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, როდესაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებსა და გადაცდომებს ნეიტრალური, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

„დღევანდელი ხელისუფლება გადავიდა უაზრო და გაუმართლებელ ნაბიჯებზე მოქალაქეებთან მიმართებაში. კვირა არ გავა, რომ ადამიანის მიმართ არ განხორციელდეს ძალადობრივი ქმედებები. რამდენიმე დღის წინ კიკიანის საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ ორ დღეში დადო დასკვნა, რომ პოლიციელები იყვნენ მართლები. ერთადერთი, რაც საქართველოს გადაარჩენს, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნაა. აუცილებელია, რომ პოლიციელის, სასჯელაღსრულების მუშაკისა და პროკურორის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევები გამოიძიოს დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ“, - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

პრესკონფერენციას ესწრებოდა მოქალაქე მაია კეკელია, რომელმაც დახმარების თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. მიმდინარე წლის 9 ივნისს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს  განაჩენით, მაია კეკელია დამნაშავედ ცნეს მარტვილის რაიონული სამმართველოს ბანძის განყოფილების თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მაია კეკელია აღნიშნავს, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უსაფუძვლოა, რადგან 2014 წლის 16 ოქტომბერს თავად სამართალდამცავებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. კეკელიას განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„პოლიციის შენობის ფოიეში შევესწარი, რომ შავ მაისურში ჩაცმული მამაკაცი ძირს დაგდებულ ჩემს დისშვილს სცემდა. ვცადე ამ მამაკაცის ჩემი დისშვილისთვის მოშორება. იგი მოტრიალდა  და თავში მუშტი ჩამარტყა. მე წამივიდა გული. ამის შემდეგ აირია სიტუაცია და, პოლიციელებისვე ბრძანებით, გარეთ გამომიყვანეს. გარეთ გამოსულმა ვნახე, რომ ჩემს დისშვილს ხელბორკილები ედო. შევშფოთდი, დავბრუნდი პოლიციის შენობაში, რათა სიტუაცია გამერკვია. მარტვილის პოლიციის უფროს, ალექსანდრე გაგუასთან შევედი, რა დროსაც მასთან  სიტყვიერი შელაპარაკება მომივიდა. იგი, საერთოდ, არ არის მიჩვეული იმას, რომ ვინმე შეეპასუხოს“, - ამბობს მაია კეკელია.

მაია კეკელიას უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ლუკავა იცავს. მისი თქმით, მაია კეკელიამ არაერთხელ მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს, აგრეთვე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას, გენერალურ ინსპექციას და მოითხოვა გამოძიების დაწყება მარტვილის რაიონული სამმართველოს ბანძის განყოფილების  თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, თუმცა უშედეგოდ.

„მაია კეკელიას მიერ შეტანილი ყველა განცხადება თუ საჩივარი განხილვისა და შემდგომი რეაგირების მიზნით ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში იგზავნებოდა, სადაც განსახილველად ეწერებოდა იმ გამომძიებელს, რომელიც მისი ძირითადი საქმის გამომძიებელი იყო და, რა თქმა უნდა, იგი მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავდა და მათ არ დასჯიდა“, - აცხადებს თამარ ლუკავა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას, შეისწავლონ მაია კეკელიას საქმე და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტებზე. 

ახალი ამბები