კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასება

13 აგვისტო, 2015
 ადამიანის უფლებათა ცენტრის  შეფასება მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიმდინარე მუშაობასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის #62 ბრძანებით, შეიქმნა საქართველოს  მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში  ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი (შემდეგში - ახალი დეპარტამენტი). 

დეპარტამენტის დებულების თახმად, მას დაევალა სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების, მათ შორის - წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტების გამოძიება.

მიმდინარე წლის 28 ივლისს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ნადარეიშვილს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: 
                                          
· რამდენი საქმეა შესული ახალ დეპარტამენტში (რამდენი ეხება საკუთრების უფლების ხელყოფას, რამდენი არასათანადო მოპყრობას და სხვა, ინფორმაცია კატეგორიების მიხედვით)  შექმნის დღიდან დღემდე;
· დღეის მდგომარეობით, რამდენ საქმეზე დასრულდა გამოძიება, რა შედეგით და რომელი უფლების/უფლებების დარღვევას ეხებოდა იგი;
· დღეის მდგომარეობით, რამდენ საქმეზე მიმიდინარეობს გამოძიება, რა კატეგორიის საქმეებია და რომელი უფლებების დარღვევას ეხება ეს საქმეები;
·   გთხოვთ, მოგვაწოდოთ საქმეთა პრიორიტეტულობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები წერილობითი დოკუმენტის სახით (მისი არსებობის შემთხვევაში);
· დღეის მდგომარეობით, რამდენი საქმე გაქვთ გამოძიებული, რა კონკრეტული შედეგი დადგა კონკრეტული პირების დარღვეული უფლების აღდგენის კუთხით და მიეცნენ თუ არა პასუხისგებაში სავარაუდო დამნაშავე პირები.
· დღეის მდგომარეობით, რამდენი პირის (ფიზიკური და იურიდიული პირები, ინფორმაცია ცალ-ცალკე)  მიმართ იქნა აღდგენილი დარღვეული უფლება, რა ტიპის უფლებების დარღვევას ეხებოდა საქმეები;
· რა ნიშნითა და კრიტერიუმებით აირჩნენ პროკურორები და გამომძიებლები თქვენდამი რწმუნებულ დეპარტამენტში და მუშაობენ თუ არა ის პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც  2004 წლიდან ან უფრო ადრინდელი პერიოდიდან მუშაობენ სისტემაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ სამართალწარმოების პროცესში  ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 27 ივლისის მდგომარეობით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება 172 სისხლის სამართლის საქმეზე. აქედან, სამართალდამცავ ორგანოებსა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ჩადენილი ცემა-წამების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის  ფაქტებზე, დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 8 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო ქონების იძულებითი დათმობის, ჩამორთმევის, ჩუქების, მოქალაქეთა საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებზე დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება 121 სისხლის სამართლის სამეზე. 

დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეებიდან სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ, 5 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, 1 პირის მიმართ შეწყდა გამოძიება პასუხისგებაში მისაცემი ბრალდებულის გარდაცვალების გამო. 

კონკრეტული პირების დარღვეული უფლებების აღდგენის კუთხით, 10 პირი იქნა ცნობილი დაზარალებულად. დაბრუნებულ იქნა 10 ავტომანქანა და 1 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება.

კადრების შერჩევა მოხდა განსაკუთრებული სიფრთხილით. დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება.

სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახალი დეპარტამენტიდან დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს დეპარტამენტის გამჭვირვალე და განჭვრეტად მუშაობასთან დაკავშირებით: 

· საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია,  რა კრიტერიუმების საფუძველზე ანიჭებს კონკრეტულ საქმეებს პრიორიტეტს დეპარტამენტი ამა თუ იმ საქმეზე გამოძიების დაწყების კუთხით და არის თუ არა ეს კრიტერიუმები წერილობითი ფორმით  გაწერილი;

· საზოგადოებისათვის დღემდე ბუნდოვანია, რა სამართლებრივი პროცედურების საფუძველზე განახორციელა მთავარი პროკურატურის ახალმა დეპარტამენტმა 10 ავტომანქანისა და 1 მიწის ნაკვეთის დაბრუნება, წართმეული ქონების დაბრუნება განხორციელდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ მის გარეშე, ასევე, იყო თუ არა დაცული მესამე პირთა კანონიერი ინტერესები;

·საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია, რა განჭვრეტადი კრიტერიუმების საფუძველზე დაკომპლექტდა პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი უფროსით, მოადგილით, პროკურორებითა და გამომძიებლებით. არის თუ არა სადმე გაწერილი თითოეული მათგანის საკვალიფიკაციო კრიტერიუმები და კეთილსინდისიერების ამსახველი ცენზები. საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია დეპარტამენტის თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქართველოს  მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში  ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი ვერ პასუხობს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მინიმალურ  სტანდარტებს, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს მათი მუშაობის ეფექტურობის კუთხით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას,  მოახდინოს საზოგადოების მუდმივი ინფორმირება ახალი დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებით და არსებითად გააუმჯობესოს საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების სტანდარტები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი თავის მხრივ გააგრძელებს კომუნიკაციას ახალ დეპარტამენტთან და მისი კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებას მიაწვდის მუდმივ ინფორმაციას დეპარტამენტის მუსაობასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
13.08.15.

ახალი ამბები