კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში მევენახეები ყურძნის ჩაბარების სავარაუდო ფასს აპროტესტებენ

24 აგვისტო, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

კახეთში რთველი  აგვისტოს ბოლოს, ტრადიციულად,  დედოფლისწყაროს რაიონის ალაზნისპირა სოფლებიდან დაიწყება. ბიუჯეტიდან სუბსიდია გამოიყოფა, მაგრამ რა ფასად ჩაიბარებენ ღვინის ქარხნები მოსავალს, ამ საკითხზე კომპანიები კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახეთში 200 000 ტონა ყურძენს ელოდებიან. შარშან აქ ყურძენს 90-ზე მეტი ღვინის კომპანია იბარებდა.  ყურძნის ღირებულება 1 ლარიდან იწყებოდა და 3 ლარსაც აღწევდა. მევენახეები უპრობლემოდ აბარებდნენ მოსავალს. წახალისებულებმა ახალი ვენახების გაშენებაც დაიწყეს. ბოლო წელიწადში კახეთში გაშენებული ვენახების ფასმაც საგრძნობლად მოიმატა. თუ ადრე 1 ჰექტარი ვენახის ღირებულება 2000-დან 3000 ლარამდე იყო წელს 10-15 ათასი ლარი ღირდა. ეს პროცესები სწორედ ყურძნის შარშანდელმა მაღალმა ფასმა გამოიწვია.

წელს ღვინის კომპანიები ოფიციალურად არ აკონკრეტებენ, ყურძენს  რა ფასად მიიღებენ. მევენახეები ვარაუდობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ყურძნის ჩასაბარებელი ფასი შესაძლოა, უფრო ნაკლები იყოს, რაც უკავშირდება რუსეთსა და უკრაინაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისს, ამ ბაზრებზე ღვინის ფასის კლებას და ღვინის ექსპორტის შემცირებას. კომპანიებს წინა წლის მარაგები ჯერ კიდევ გასაყიდი აქვთ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყურძნის სუბსიდირება წელსაც მოხდება. სოფლის მეურნების მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, თითო კილოგრამ „რქაწითელსა“ და „მწვანე კახურში“ სახელმწიფო დამატებით 35 თეთრს, ხოლო 1 კგ „საფერავში“ 15 თეთრს გადაიხდის. ხოლო ყურძნის ჯამურ ფასს, როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ბაზარი დაარეგულირებს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს სიახლეა ისიც, რომ სუბსიდირება არა ღვინის კომპანიებს, არამედ პირდაპირ მევენახეებს შეეხება. ჩაბარებულ ყურძენზე გლეხი სუბსიდირებულ თანხას ორი კვირის ვადაში ბანკში მიიღებს.

მართალია, ყურძნის ჩაბარების ფასს ოფიციალურად არავინ ამბობს, მაგრამ არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებმა რქაწითელი შეიძლება, 80 თეთრად ჩაიბარონ, საფერავი - 1.50 ლარად. 

მევენახეები ყურძნის სავარაუდო ფასს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ ყურძნის ჩაბარების მინიმალური რაოდენობა ერთ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყურძნის თვითღირებულებას ვერ ამოიღებენ.  

როგორც  სოფელ სამთაწყაროში გამგებლის წარმომადგენელმა, გულო ნადირაშვილმა განაცხადა, რთველი რომ  დაიწყოს, ყურძენში შაქრის შემცველობა 24 გრადუსი მაინც უნდა უნდა იყოს. ჯერ ყურძენი მჟავეა. ერთ კვირაში კი უკვე დატკბება. 

„შარშანდელთან შედარებით ვერ მოვიყვანეთ კარგი მოსავალი, რადგან გვალვაა და ვენახები ვერ მოვრწყეთ. 1 ჰექტარი ვენახი მაქვს. შარშან 10 ტონა ავიღე. ზოგმა 15 ტონაც აიღო. წელს, ყურძნის მოყვანა ძალიან ძვირი დამიჯდა. ვენახი 9-ჯერ შევწამლე. კულტივაცია რამდენჯერმე ჩავატარე. ერთხელ მოვრწყე მარტო. ვენახის მოყვანის ხარჯები დიდია. ბანკის ვალი ავიღე. ეხლა რომ ყურძენს ჩავაბარებ, აღებული თანხით ჯერ ბანკის ვალს დავფარავ და შემდეგ დანარჩენებს. ყურძნის ფასი არ ვიცით, ჯერ არავინ ჩამოსულა. ამბობენ, წელს ნაკლები ფასი ექნებაო. ჯერ თავს შევიკავებ, ადრე არ ჩავაბარებ, იქნებ მერე მოუმატონ. თუ არადა ხომ არ გადავყრი?!“ – ამბობს სამთაწყაროს მაცხოვრებელი ნიკოლოზ სარდალაშვილი.

სამთაწყაროში მცხოვრები კიდევ ერთი მევენახის, სულიკო ცინცაძის თქმით, 1 ჰექტარი ვენახის ხარჯი წელიწადში საშუალოდ 3 000 ლარია: „მე მაქვს 1,5 ჰექტარი ურწყავში. ერთხელ რომ მოვრწყა  700–800 ლარი მჭირდება. წელს დიდი გვალვა იყო და მეორედ ვრწყავ. ამიტომ საშუალო მოსავალს ავიღებ. ერთხელ და ორჯერ მორწყვა არ შველის თუ კარგი მოსავალი გინდა მიიღო. ყურძნის ჩაბარების ფასები ჯერ არ ვიცით. მარტო სახელმწიფოს სუბსიდია ვიცით. ჩვენ რომ აგვინაზღაურდეს შრომის ფასი, ყურძენს უნდა იბარებდნენ ისე, როგორც შარშან იყო. 85 თეთრი რომ იყოს რქაწითელი და 1,50 ლარი  საფერავი, მაშინ შეიძლება, გაასწოროს შრომა, მაგრამ მარტო ეგ ხომ არ არის? ვენახის წამლები ნისიად გვაქვს გამოტანილი ძალიან ბევრ ოჯახს. გარდა ამისა სკოლაა, ბაღია, შვილები გვყავს... ყველაფერი ძვირია. წლიდან წლამდე თავი როგორ გავიტანოთ?!“

ყურძნის სავარაუდო ფასზე უკმაყოფილებას გამოთქვავენ სხვა რაიონის მევენახეებიც: „ამბობენ, რქაწითელს  80–90 თეთრად ჩაიბარებენო. ასე ძალიან ვიზარალებთ. შარშან კარგი ფასი მოგვცეს და იმ იმედით, რომ წელსაც ასე იქნებოდა ვენახს ზედ გადავყევი, ისე მოვუარე, 13-ჯერ შევწამლე, სამჯერ მოვხანი, ვაზის ძირები გავთოხნე, მწვანე ოპერაციები არ მოვაკელი, ძალიან ძვირი დამიჯდა ყურძნის მოყვანა. აკი ამბობდნენ, ყურძენზე მოთხოვნა წელსაც დიდი იქნება,  ღვინის ექსპორტია გაორმაგებულიო?! ახლა რთველი კარზეა მომდგარი და ამბობენ, ღვინის ქარხნებმა ღვინო ვერ გაყიდეს და ცოტა ყურძენს თუ  ჩაიბარებენ, იმასაც 80 თეთრადო. გლეხი კაცისთვის არავინ არ ფიქრობს“, - აცხადებს გურჯაანელი მევენახე ალექსანდრე სოლომნიშვილი. 

როგორც  humanright.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სოლომონ ღორაშვილმა განუცხადა, ამ თვის ბოლოს სამთაწყაროდან დაიწყება რთველი. ყურძნის შესყიდვის ფასებს კომპანიები განსაზღვრავენ და სუფსიდიებს სახელმწიფო გაიღებს. რომელი ქარხნები ჩაიბარებენ ყურძენს რამდენს და რა ფასად, უცნობია. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მევენახეებს ყურძნის ჩაბარებაზე ხელი არ შეეშლებათ.

„ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და დეტალურად გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმაც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია – დაბინავების პრობლემა არც ერთ მევენახეს არ შეექმნას“, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილმა განაცხადა 19 აგვისტოს თელავში,  როდესაც რთველის საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით, ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

 სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს შარშანდელთან შედარებით ყურძნის მოსავალი თითქმის 30%-ით მეტია. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, ყურძენზე მოთხოვნის შემცირება განაპირობა. შესაბამისად, დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კვლავ მოხდება როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. 2015 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერავზე - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბი აგვისტოს ბოლოს თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანის რაიონშიც განთავსდება. ამოქმედდება ცხელი ხაზი 2 47 01 01; შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვებით ერთიან ელექტრონულ ბაზაში და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ-რეჟიმში შეეძლება.

ახალი ამბები