კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მირცხულავას 9/11 ნომრიდან მობინადრეები იძულებით გაასახლეს

15 სექტემბერი, 2015
 
   გიორგი ჯანელიძე, humanrightshouse.org

მირცხულავას 9/11 ნომერში მდებარე ბარაკებიდან მობინადრეები იძულებით გაასახლეს. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც აღსრულების პოლიცია, ისე მათივე კუთვნილი გადაზიდვის სერვისი. მობინადრეთა ავეჯი და ნივთები აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი მანქანებით გაიტანეს. მწოლიარე მოხუცები შენობებიდან საკაცით გამოიყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი გამოსახლების შესახებ ძალადობის გარეშე აღსრულდა.
   
მირცხულავას 9/11 ნომერში მდებარე უსახური და ერთსართულიანი ამორტიზებული ნაგებობები საბჭოთა პერიოდში მაუდის ქარხანას ეკუთვნოდა. 90-იან წლებში, უკვე მოძველებულ და ნგრევის პირას მისულ აგურით ნაშენები სახლების ნაწილში ქარხნის აქციონერები შევიდნენ, ნაწილში კი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები შესახლდნენ. ზოგიერთმა მათგანმა თავისუფალ ადგილზე სახლიც კი ააშენა. ახლა ეს დასახლება ცარიელია და მძიმე ტექნიკის დახმარებით, სავარაუდოდ, ძალიან მალე მიწასთან გასწორდება. 
მობინადრეთა ერთი ნაწილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დავით ჯალაბაძე: „სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოსახლების თაობაზე 2010 წლის 30 ივნისსაა გამოტანილი. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში მითითებული მონაცემები არ ემთხვევა დღევანდელ მონაცემებს. კრედიტორს მირცხულავას ქ. 9/11-ში რეგისტრირებული ჰქონდა 36 675 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთს ჰქონდა სრულიად სხვა საკადასტრო კოდი.  ამჟამად კი, კრედიტორად ცნობილ „გეომერიდიანს“ სრულიად სხვა საკადასტრო კოდებით ურეგისტრირდება ორ ნაწილად დაყოფილი მიწის ნაკვეთი - 5540 კვ.მ და 25 139 კვ.მ ფართობით. როგორც ჩანს, ნაწილი „გეომერიდიანს“ გასხვისებული აქვს და სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ დარჩენილ 995 კვ.მ ფართობზე რეგისტრირდება სულ სხვა სუბიექტი: შპს „თითისი“-ს სახით“. ანუ, საკადასტრო კოდები და მესაკუთრეები არ ემთხვევა სააღსრულებო საბუთში მითითებულ მონაცემებს“. 

როგორც ადვოკატი აცხადებს, არსებობს აღსრულების ბიუროს თავმჯდომარის  2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება, რომელშიც  ამავე სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით მითითებულია, რომ აღსრულების განხორციელების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.                                                                
მირცხულავას 9/11 ნომერში მცხოვრებ ნოდარ ქარუმიძეს ერთი თვის წინ სიმსივნით დაავადებული შვილი გარდაეცვალა. ქარუმიძე ამბობს, რომ მიუხედავად მისი არაერთი თხოვნისა, შვილის ორმოცამდე ბინაში დაეტოვებინათ, ტერიტორიის მეპატრონემ მისი გასახლება მაინც გადაწყვიტა: „10 დღეა, შვილი დავკრძალე. ამ სახლში ჩემთან და ჩემს მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. წასასვლელი არსად მაქვს. გამგეობის  მადლობელი ვარ, რომ 3 წლის განმავლობაში ქირას გადამიხდიან. ვითხოვ, 1-2 კვირა მაინც დამტოვონ აქ, რომ შვილს ორმოცი  გადავუხადო. აქამდე ვერ ვიპოვე ბინა, სადაც ამ ნივთების გადატანას შევძლებ. ამ ქარხნის აქციონერი ვარ, არ ვარ შემოჭრილი. შპს მქონდა ამ ეზოში  -1992 წელს გამგეობის მიერ გაცემული ორდერიც მაქვს“.  

ლოლიტა მამისაშვილმა  მაუდის ქარხნის ეზოში პატარა სახლი 1993 წელს  ააშენა. მამისაშვილი აცხადებს, რომ მერიამ იმ დროს „ნაგავსაყრელზე“ სახლის აშენებისთვის ნებართვაც მისცა, თუმცა ქარხანა „გეომერიდიანი“ ფართის გამო მათ სისტემატურად ედავებოდათ. „ჩვენი მისამართი გადააკეთეს და ახლა 9 ნომრის ნაცვლად 9/11-ია, როცა გადასახადებიც ძველ მისამართზე მოგვდის. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქუჩაში გაგვყარონ. გვპირდებიან 300 -ლარიანი ქირის გადახდას 6 თვის განმავლობაში და სულ ეს არის. სახლის დაშლისა და წაღების ნებართვაც მომცეს“, - ამბობს  მამისაშვილი, რომელიც ბინაში ავადმყოფ, ინფარქტგადატანილ მეუღლესთან და გათხოვილი ქალიშვილების ოჯახებთან ერთად ცხოვრობს. 

„გეომერიდიანის“ წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მენეჯერი, ნინო ფოფხაძე  კი ჩვენთან საუბარში ამბობს: „აღნიშნული საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსულია 2012 წლის აგვისტოში. ინტენსიურად მიმდინარეობდა შეხვედრები მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებთან, ვხვდებოდით მოსახლეობას, მოვალეებს და კერძო მესაკუთრეებს. ჩვენი პოლიციელები არაერთხელ მივიდნენ ადგილზე. მირცხულავას 9/11 ნომერშიცხოვრობდნენ როგორც სოციალურად დაუცველი, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები.  იმისთვის, რომ არცერთი ადამიანი გარეთ არ დარჩენილიყო,  შევხვდით როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებს. გამგებლის მოადგილემ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ აქ მცხორვებ მოსახლეობას გაიყვანს ქირით. აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეებს ყველანაირად უწყობს ხელს, რომ არ დარჩნენ გარეთ და ჰქონდეთ ალტერნატიული ფართი“. 

 მოსახლეობის დიდ ნაწილისთვის გამოსახლება მოულოდნელი არ ყოფილა. აღსრულების ბიუროს წარმომადგენელთა განცხადებით, ოჯახებს საკმარისი დრო ჰქონდათ მიცემული ძველი სახლების დასატოვებლად და ახალი ბინების მოსაძებნად. ლოგინად ჩავარდნილი მობინადრეები აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა საკაცეებით გამოიყვანეს. გასული წლებისგან განსხვავებით, გამოსახლების დროს ძალის გამოყენებას ან სხვა რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

როგორც გაირკვა, გასახლებულ მობინადრეთა დიდ ნაწილს დროებითი საცხოვრებელი უკვე ნაშოვნი აქვს. რამდენ ხანს გადაუხდით მათ ბინის ქირას ადგილობრივი თვითმმართველობა, ან როდემდე ეყოფათ 300 ლარი ბინის დასაქირავებლად - ამ კითხვებზე პასუხი არავის აქვს. 

ახალი ამბები