კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უპრეცენდენტო საქმე

17 ნოემბერი, 2015
 
რატი ხარატიშვილი

12 ნოემბერს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორ მელიტონ ბენიძესა და ადვოკატ მუხრან ღურწკაიასთან შეხვედრა გამართეს.

მდინარაძის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მდინარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილების თანამშრომლები. მუხრან ღურწკაიას თქმით, 2015 წლის 8 ნოემბერს, დილის 3 საათსა და 15 წუთზე მდინარაძე ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში გამოცხადდა არასრულწლოვანის დაკითხვაზე.  კონსულტაციის მიღების შემდეგ არასრულწლოვანმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გადაწყვიტეს, დუმილის უფლება გამოეყენებინათ, რამაც სამართალდამცველების გაღიზიანება გამოიწვია.

„გაბრაზებულმა პოლიციელებმა განყოფილების უფროსის ოთახში შეიყვანეს მდინარაძე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ცემის დროს გიორგი მდინარაძეს ხელზე ბორკილები ჰქონდა დადებული. აღნიშნულ ფაქტს ასევე ესწრებოდა არასრულწლოვანი“, - აღნიშნა მუხრან ღურწკაიამ.
პოლიციის მე-5 განყოფილებიდან გიორგი მდინარაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მან 48 საათი გაატარა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ტვინის შერყევა აქვს.

როგორც გიორგი მდინარაძის ადვოკატმა აღნიშნა, სამართალდამცავები გიორგი მდინარაძეზე ძალადობდნენ ფიზიკურად, სიტყვიერად და მიმართავდნენ სხვადასხვა დამამცირებელ მეთოდს. 

მუხრან ღურწკაიას განმარტებით, მათ უკვე მიმართეს ევროკომისარს, რომელიც თავის მხრივ დაჰპირდა ადვოკატის ცემის ფაქტის დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას. 

„ევროკომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, გვითხრა რომ ის შეხვდებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს და მოითხოვდა მათგან დაუყონებლივ და ეფექტურ გამოძიებას“, - აღნიშნა ღურწკაიამ.
გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მისი თქმით, ადვოკატის ცემის ფაქტი გაუგონარია და აუცილებელია,  დამნაშავის უმკაცრესად და სამაგალითოდ დასჯა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ. იგი სოლიდარობას უცხადებს გიორგი მდინარაძესა და მთელ ინსტიტუტს, და მოითხოვს, გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტში დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის დაყენებას, განურჩევლად ამ პირთა რანგისა.

ადვოკატის ცემის ფაქტს უპრეცენდენტოს უწოდებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე. ბენიძის თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილი პირების სამსახურიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის, როცა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულსა და არაადამიანურ მოპყრობას ეხება: „დანაშაულში მონაწილე პირების მიმართ უნდა განხორცილედეს სისხლისსამართლებრივი დევნა“. 

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 13 ნოემბერს, ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მინდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის სახით დაკავებულია შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია. სამსახურიებრივი უფლებამისიელების გადამეტებისთვის დაკავებული პოლიციელი 15 ნოემბერს შიმშილობის ფონზე საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც კვირკვაია აცხადებს, დაპირისპირება ადვოკატ გიორგი მდინარაძის პროვოცირებული იყო და  მას ბრალს უსამართლოდ უყენებენ. პროტესტის ნიშნად კვირკვაია, საკვებსა და წყალთან ერთად, უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც. 

თავად ძალადობის მსხვერპლი ადვოკატი გიორგი მდინარაძე კი იმედოვნებს, რომ გამოძიება ბოლომდე გამოიძიებს საქმეს და დადგება თითოეული პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ინტერესებს მუხრან ღურწკაიას გარდა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს. იურისტი ეკა ქობესაშვილი გმობს ადვოკატის ცემის ფაქტს და მოითხოვს, მომხდარს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს და უმოკლეს ვადაში გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთან, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები მოითხოვენ, პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას.

ახალი ამბები