კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მესაკუთრის ინტერესების ხელყოფის თაობაზე

20 ნოემბერი, 2015
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს მესაკუთრის ინტერესების ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც მესაკუთრე სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად კარგავს საკუთრებას და შემდეგ მისივე საკუთრებით უწევს თაღლითური გზით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების შესრულება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაში არის საქმეები, სადაც საკუთრების უფლების ხელყოფაა გამოკვეთილი. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მერაბ ჯიქიას საქმე.

2004 წლის ნოემბრიდან მერაბ ჯიქიას საკუთრებაში ჰქონდა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ბინა, რომელიც 2006 წელს გააქირავა ცოლ-ქმარზე - მ. ლ-სა და ა. ხ.-ზე. ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონის სრული დაცვით. დამქირავებლებმა თაღლითური გზით ბინა გადაიფორმეს საკუთარ სახელზე და შემდეგ იპოთეკით დატვირთეს 37 000 აშშ დოლარად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, 2010 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, მ.ლ. და მისი მეუღლე დამნაშავეებად ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება დაბრუნდა მესაკუთრე მერაბ ჯიქიას  სახელზე, სასამართლომ ბათილად არ ცნო თაღლითურად გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება. 

დაზარალებულის სტატუსის მიუხედავად, დღესდღეობით მერაბ ჯიქია  დგას საფრთხის წინაშე, რომ დაიწყება აღსრულება და მისი ბინა აუქციონზე  გაიყიდება. ბინის აუქციონზე გატანის თაობაზე მას აღსრულების ბიუროდან წერილი უკვე მიუვიდა, სადაც ბიუროს წარმომადგენელმა განუმარტა, რომ უფლებამონაცვლე პირია და იპოთეკარებისთვის კუთვნილი თანხების დასაბრუნებლად მისი ბინა აუქციონზე უნდა გავიდეს. 

ჩნდება კითხვა:  რამდენად არის საქართველოში დაცული კერძო საკუთრება? 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ იძულებითი აღსრულების წარმოება ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის - მერაბ ჯიქიას მიმართ, რომელიც არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე, არის დაუშვებელი.

საკუთრება სახელმწიფოებრიობის განუყოფელი ნაწილია. საკუთრების უფლება, უპირველეს ყოვლისა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით: „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს: 

საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზოს სასამართლო პრაქტიკა და შეიმუშაოს სათანადო სახელმძღვანელო განმარტებები საკუთრების უფლების დაცვის, მესაკუთრისა და ე. წ. კეთილსინდისიერი შემძენის  ინტერესების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტს, დახვეწოს კანონმდებლობა იმგვარად, რათა პრაქტიკაში არ არსებობდეს მსგავსი სამართლებრივი კაზუსები, როცა სასამართლო ითვალისწინებს ე. წ. კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს, ხოლო მესაკუთრის ინტერესები ზარალდება სხვა პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები