კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ალეკო ელისაშვილის საქმის ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს

16 იანვარი, 2016
 
 
რატი ხარატიშვილი

14 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. 

პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა, ეკა ბესელიამ დაუყოვნებლივ დატოვოს საპროკურორო საბჭო, რადგან მისი მხრიდან საფრთხე არ შეექმნას საგამოძიებო პროცედურების ობიექტურად წარმართვას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის განცხადებით, მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების პროცესი ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს.

„ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს ორი მიმართულებით: ერთია სამოქალაქო დავა, რომელიც ეკა ბესელიამ წამოიწყო და მეორეა გამოძიება, რომელიც მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს დატოვება მაშინ მოსთხოვა, როდესაც სარჩელის შეტანის შესახებ გახდა ცნობილი.

 თამარ ავალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პარლამენტს არ აქვს სათანადოდ გააზრებული და გაცნობიერებული მისი როლი და მნიშვნელობა მთელ ამ პროცესში.
 
„აღნიშნული საქმე აკმაყოფილებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ორ მოთხოვნას: ერთი, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ არსებობს ეჭვი და ინფორმაცია, რომ ისინი კორუფციულ სამართალდარღვევებში გარკვეული ტიპის დანაშაულებში შესაძლოა, იყვნენ ჩართულნი. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და მეორე - როდესაც საქმე არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე და საქმეზე არსებობს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი“,- აღნიშნა თამარ ავალიანმა. 

რაც შეეხება თავად ალეკო ელისაშვილს, მან შეწყალების კომისიის საქმის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიებას ყველა ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობა. რადგან სამართლებრივად ის არის მოწმე, ქალბატონი ბესელია კი ეჭვმიტანილი და ამავდროულად, საპროკურორო საბჭოს წევრი. 

„კომისიის შექმნა იმიტომ მსურს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოისმინოს ღიად და არა „ცხრაკლიტურიდან“, ანუ პროკურატურიდან. ჩემს სიმართლეში დარწმუნებული არ ვიყო, ამოვეფარებოდი არასწორად მიმდინარე გამოძიებას“,- განაცხადა ელისაშვილმა.  

ელისაშვილი ასევე გამოეხმაურა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებას.
„ყველაფერი თუ მე გამოვიძიე შოთაძე რაში იღებს ხელფასს და რას აკეთებს ამხელა უწყება?!  მათ მივაწოდე ინფორმაცია, ვინ აიღო ფული, ვისგან აიღო და გამოძიება უკვე მათი საქმეა. თუკი მე დავიჭირე ფაქტზე ბესელია და კობახიძე და ხელები გადავუგრიხე, ციხეში წავიყვანე, მაშინ რას აკეთებს უწყება“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს, მისი თქმით ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდა „თავისუფალ დემოკრატებთან“, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან და მიიღო პასუხი, რომ ისინი დააყენებენ უახლოეს სესიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტისგან მოითხოვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რადგან საფრთხე არ დაემუქროს ალეკო ელისაშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოძიებას.

ახალი ამბები