კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმადიდებელ ქალბატონს საყუნეთის მეჩეთის მოვლა-პატრონობა აუკრძალეს

20 იანვარი, 2016
 
ნათია გოგოლაშვილი

„აქ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. ხალხი მოდის და შესაწირი მოჰყავს. ერთხელ ერთმა აწყურელმა კაცმა გიორგობის დღესასწაულზე აქ ცხვარი დაკლა. შემდეგ სიზმარში ხმა ჩაესმა - მე რა დაგიშავეო... მეორე დღეს მოვიდა და აქვე, მეჩეთსაც შემოატარა ცხვარი და დაკლა“, - ასეთ ისტორიებს ხშირად მოისმენთ სოფელ საყუნეთში, სადაც მეჩეთსა და მართლმადიდებლურტაძარს ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრი აშორებთ. დღეს ტაძარი მოქმედია, მეჩეთი კი - მიტოვებული. საყუნეთის მეჩეთს 2012 წელსკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. წარწერის მიხედვით, იგი1927 წელსაა აგებული.

„სოფელ საყუნეთში გვერდიგვერდ დგას ორი ისტორიული ძეგლი: ერთი მართლმადიდებლური ეკლესია და მეორე მეჩეთი, რომელსაც ახლახან ჩვენმა სახელმწიფომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ქართველ ხალხს შეეძლო ასე ტოლერანტულად ეცხოვრა გვერდიგვერდ და სოფლის ცენტრში არსებობდა განსხვავებული რელიგიების წარმომადგენელთა ორი სალოცავი“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

საყუნეთში მდებარე მეჩეთს ოდესთაც წინ აივანი ჰქონდა, რომელიც ამჟამად მონგრეულია. კედლები და სვეტები - დაბზარულია და დაზიანებული. ადგილობრივი გლეხების თქმით, მეჩეთის ახლოს მდებარე ტერიტორიაზე წინა წლებში ფეხბურთის მოედანი იყო, რის გამოც მეჩეთს აივანი მოანგრიეს. მათივე თქმით, საბჭოთა პერიოდში მეჩეთს სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ, მაგალითად - საწყობად და მასში ხორბალს ინახავდნენ.

საყუნეთის მეჩეთი მაჰმადიან მესხებს ეკუთვნოდა. გასული საუკუნის 40-იან წლებში საყუნეთელი მესხები სტალინურმა რეჟიმმა შუა აზიაში გადაასახლა, როგორც „არასანდო ელემენტები“. მას შემდეგ საყუნეთის მეჩეთმა სარიტუალო ფუნქცია დაკარგა და მას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიზნით იყენებდნენ.

მუსლიმი მრევლი საყუნეთში მდებარე მეჩეთის რესტავრაციას ითხოვს, რათა შენობა არ დაინგრეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შენარჩუნდეს. „აუცილებელია საყუნეთის მეჩეთის რესტავრაცია, რათა შენობა არ განადგურდეს. მით უფრო, რომ ეს მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუ რესტავრაცია არ ჩაუტარდება, ისტორიული მეჩეთი განადგურდება და ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილი იქნება“, - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

უნდა აღინიშნოს, რომ მეჩეთის რესტავრაციას სოფლის მართლმადიდებელი მოქალაქეების ნაწილიც ითხოვს. თუმცა, მათი თქმით, გამგეობის წინაშე აღნიშნული საკითხი თვითონ არ დაუყენებიათ. „ერთხელ მოვიდნენ, ნახეს, გაზომეს შენობა. რესტავრაცია უნდა გავუკეთოთო, ამბობდნენ, მაგრამ მას შემდეგ სამი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა“, - აცხადებენ საყუნეთში მცხოვრები მართლმადიდებლები.

დღესდღეობით მეჩეთი მიტოვებულია. მეჩეთის მეზობლად მცხოვრები ქალბატონი, მედიკო გელაშვილი, ერთადერთი იყო, ვინც უანგაროდ უვლიდა მეჩეთს და პერიოდულად ასუფთავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მისი ტოლერანტული ენთუზიაზმის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელეს, ქალბატონს უსაყვედურეს - „თათრების სალოცავს“ რატომ უვლიო. ოჯახის წევრებმაც ურჩიეს, სოფელში პრობლემები რომ არ შეგვექმნას, მეჩეთის მოვლას შეეშვიო.

„საყუნეთში ვიზიტისას ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ჩნდება საზოგადოებაში ფობიები და როგორ უხეშად ერევიან სახელმწიფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები საზოგადოების ცხოვრებაში. აქ იყო მართლაც კარგი მაგალითი იმისა, რომ მართლმადიდებელი ქალბატონი უვლიდა ამ მეჩეთს, პერიოდულად ასუფთავებდა მას. ეს როცა ჟურნალისტებმა გააშუქეს, როგორც კარგი მაგალითი, აქ მოვიდნენ გაურკვეველი სტატუსის ადამიანები და ამ საქციელის გამო ქალბატონს უსაყვედურეს. ჩვენ როგორც გვითხრეს, ის ადამიანები პოლიციისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ. კიდევ ერთხელ წავაწყდით პრობლემას, როდესაც საზოგადოებაში ფობიები და აგრესიული განწყობები სახელმწიფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებიდან შემოდის. სახელმწიფო უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, უპატრონოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ შორის - რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების ისტორიულ საკულტო ნაგებობებს და, მეორე მხრივ, წაახალისოს ის ადამიანები, რომლებიც ენთუზიაზმით უვლიან ამ სალოცავებს. დღეს კი ხდება საპირისპირო: ასეთ ადამიანებს აშინებენ“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ საყუნეთის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მიმდებარე ტერიტორიაზე ძეგლის აღმნიშვნელი ბანერი არ დგას და არც მისი რესტავრაცია განხორციელებულა. 

საქართველოს კულტურული დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პატრონობა სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაგრამ ყველა ძეგლის რესტავრაცია და რეაბილიტაცია ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება. ამავე დროს, მათ მოვლა-პატრონობასაც არ ყოფნის მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები. საჭიროა, საზოგადოებაც მონაწილეობდეს ძეგლების დაცვის საქმეში. ამავე დროს, სასურველია, უძრავი ძეგლების დიდ ნაწილს ჰყავდეს მესაკუთრე.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდ ნაწილს უნდა ჰყავდეს მესაკუთრე ან მოსარგებლე, რომელიც ვალდებული იქნება, შეინარჩუნოს და მოუაროს ამ ობიექტებს. რა თქმა უნდა, მას სახელმწიფომაც ხელი უნდა შეუწყოს ძეგლის მოვლა-პატრონობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მარტო დარჩება ამ უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობის წინაშე, რომლის შენარჩუნებას ქვეყნის ბიუჯეტი ვერ აუვა. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით უნდა ხარჯავდეს ფულს, მაგრამ ძირითადად, ზედამხედველობა უნდა გაუწიოს მოსარგებლეს, რათა მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სწორად ჩაუტაროს რეაბილიტაცია და იყოს მისი კარგი განმკარგავი“, - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

სამცხე-ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის თქმით, სამცხე-ჯავახეთში ამ ეტაპზე მხოლოდ მირაშხანის მეჩეთი არის მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობაში. ბოლო პერიოდში რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ეგიდით მიმდინარეობს მუსლიმი თემისთვის მეჩეთების სარგებლობაში გადაცემა, მაგრამ სამცხე-ჯავახეთში ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

ფოტორეპორტაჟი - გოგა ჩანადირის

სტატია მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები