კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს

1 თებერვალი, 2016
 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) და საქართველოში მისი წევრი  ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი პრეს-რელიზი

პარიზი, თბილისი, ჰააგა, 2016 წლის 1 თებერვალი -  FIDH და ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 27 იანვარს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC)  პროკურატურის ოფისს გამოძიების დაწყების ნებართვა დართო.  საქართველო-რუსეთის ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას და დანმაშავე პირთა მსჯავრდებას. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის არც ერთი სახელმწიფოს ოფიციალური პირი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

„ომიდან 7 წლის მერეც, არცერთი დამნაშავე არ დასჯილა და მსხვერპლები ისევ ელიან სიმართლის დადგენას. იმედი გვაქვს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აღასრულებს სამართალს და საქართველო-რუსეთის ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისათვის დასჯის ყველა დამნაშავეს,“ აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორის მოთხოვნის და დამატებითი მასალების შესწავლის შედეგად, რომელიც მოიცავს 6 335 მსხვერლის მონაცემებს, მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ ,,არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ სამხრეთ ოსეთსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულები ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის.“ აღნიშნული მასალები მოიცავს დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგალითად მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში დაფიქსირდა. 

„ჩვენ მოვუწოდებთ ჰააგის პროკურატურას გამოიძიოს კოდორის ხეობიდან ქართველების გამოსახლებისა და მათი ქონების განადგურების ფაქტები; ასევე წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სექსუალური სახის დანაშაულები რომლებიც განხორციელდა ქართველი პატიმრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ,“ აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე. 

ჩვენი ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს  მაქსიმალურად გამჭვირვალედ  აწარმოოს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ პირთა დარღვეული უფლებების აღსადგენად; უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულების ინფორმირებულობა გამოძიების მიმდინარეობასთან და შედეგებთან  დაკავშირებით. 

მოვუწოდებთ სასამართლოს მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყოს კომუნიკაცია მსხვერპლებთან და დაზარალებულ მოსახლეობასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. გამოძიების პროცესში,  სასამართლომ აქტიურად ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით, მიაწოდოს მათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

მივმართავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავარ პროკურატურას აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან (ICC) საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიების ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით; სასამართლოს მიაწოდონ მათ ხელთ არსებული საგამოძიებო მასალები და უზრუნველყოს ჰააგის სასამართლოს პროკურორებისა და გამომძიებლების შეუფერხებელი მუშაობა საქართველოს ტერიტორიაზე. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან ერთად, გაატაროს შესაბამისი ზომები დაზარალებულთა და მოწმეთა უსაფრთხოების დასაცავად. ადგილობრივმა ხელისუფლებებმა და რეგიონალურმა ორგანიზაციებმა უნდა ითანამშრომლონ სასამართლოსთან ეჭვმიტანილების დაკავების უზრუნველსაყოფად.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ჩვენ დღეს ვხდებით ახალი ეტაპის დაწყების მოწმე.  საქართველოში გამოძიების წარმოებით და უკრაინაში, პალესტინაში, ავღანეთსა და ერაყში წინასწარი მოკვლევით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გლობალური შედეგის მიღებას აპირებს,“  განაცხადა ფედერაციის (FIDH) პრეზიდენტმა კარიმ ლაჰიდიმ. „მონაწილე მხარეებმა უნდა გაზარდონ მათი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა სასმართლოს მიმართ რომ საშუალება მიეცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეფექტურად ებრძოლოს მსოფლიო მასშტაბით ჩადენილი დანაშაულებისათვის დაუსჯელობას.“

წინაისტორია 

საქართველოს ჯარსა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ სამხედრო ძალებს შორის შეტაკება დაიწყო 2008 წლის აგვისტოს პირველ დღეებში, რასაც მოჰყვა 10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემოსვლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. 12 აგვისტოს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ დანაშაულების ჩადენა კვლავ გრძელდებოდა. რუსეთმა პირობა დადო, რომ 2008 წლის 10 ოქტომბრამდე გაიყვანდა ჯარებს. 

2008 წელსვე სასამართლოს პროკურატურამ დაიწყო საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარე კონფლიქტის წინასწარი გამოძიება. კონფლიქტის შედეგად ათი ათასობით ეთნიკური ქართველი გახდა იძულებით დევნილი. ამ მასობრივი იძულებითი გადაადგილების გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იქნება საერთაშორისო სასამართლოსთვის.

2015 წლის 13 ოქტომბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ამავე სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულების გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. 

საქართველოს კონფლიქტის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის (IIFFMCM) მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 850 ადამიანი დაიღუპა, 100 000-მდე ადამიანი კი იძულებული გახდა, მიეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები.

რუსულ და ქართულ საგამოძიებო უწყებებს შორის თანამშრომლობის მცდელობის არარსებობამ და იმ ფაქტმა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია, გამოძიება ჩაატაროს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მძიმე დანაშაულებია ჩადენილი, ხელი შეუშალა საქართველოს, თუნდაც სურვილის შემთხვევაში, ეფექტურად გამოეძიებინა 2008 წლის ომის ყველაზე სერიოზული დანაშაულების ნაწილი მაინც. ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობამ თუ სურვილის არქონამ, ჩაეტარებინათ მიუკერძოებელი გამოძიება რომის სტატუტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, შექმნა სიტუაცია, როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე დანაშაულები, ვინაიდან მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ბოლო იმედის სასამართლოს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
არტურ მანე - (ფრანგული, ინგლისური, ესპანური) ტელ: +33 6 72 28 42 94 (პარიზი)  -press@fidh.org
ოდრი კუპრიე (ფრანგული, ინგლისური, ესპანური) ტელ: +33 6 48 05 91 57 (პარიზი) press@fidh.org 
ნინო ტლაშაძე (ქართული, ინგლისური, რუსული)  ტელ:+995 599 24 74 41 (თბილისი) hridc@hridc.org 

ახალი ამბები