კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის კათოლიკურ ტაძარში მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა გრძელდება

8 თებერვალი, 2016
 
ნათია გოგოლაშვილი

კათოლიკეები მას ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მარიამის სახელობის ტაძრად მოიხსენიებენ, მართლმადიდებლები - ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრად. მისი მშენებლობა 1897 წლის 12 აპრილს დაიწყო და 1902 წლის 30 ივნისს დასრულდა. მშენებლობისთვის სახსრები ცნობილმა მეცენატმა, მრწამსით კათოლიკე სტეფანე ზუბალაშვილმა გაიღო. ტაძარი 1903 წელს ეპისკოპოსმა ბარონ ედვარდო როპპმა აკურთხა.1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა და შიგნით მაღალი ძაბვის ქვესადგური მოაწყო. 1989 წლის 15 მარტის აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს 240-ე დადგენილებით, ბათუმის კათოლიკური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა მფლობელობაში.

„1989 წელს ქართველმა კათოლიკეებმა ბევრჯერ მიმართეს მთავრობას. თავიდან დაგვპირდნენ, რომ ტაძარს ჩვენ დაგვიბრუნებდნენ, მაგრამ შემდეგ იგი მართლმადიდებლებმა მიისაკუთრეს. კათოლიკეების წირვა-ლოცვა ამ ტაძარში აღარ აღდგენილა. თავიდან, სანამ ტაძარი გაიხსნებოდა, იმასაც დაგვპირდნენ, რომ კვირის დღეების ნაწილი მართლმადიდებლების განკარგულებაში იქნებოდა, ნაწილი კი - კათოლიკეების, მაგრამ ასე აღარ მოხდა“, - გვიყვება კათოლიკე კლესიის მრევლი ნანა გეგენავა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ კათოლიკური ეკლესიისათვის ტაძრის დაბრუნებას არ გეგმავს.

„თუკი ამ ტაძარს ვიზუალურად შეხედავთ, არქიტექტურული თვალსაზრისით, მართლაც კათოლიკურს ჰგავს. თუმცა, ისტორიულ ექსკურსს თუ გავაკეთებთ, მივხვდებით, რასთან გვაქვს საქმე. ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში ყველაზე მეტად მართლმადიდებლები დავზარალდით. ბოლშევიკებმა საქართველოში 3000 ეკლესიიდან მხოლოდ 50 მოქმედი ეკლესია დატოვეს. დანარჩენი ეკლესიები დაანგრიეს, გადააკეთეს ან დახურეს და სასულიერო პირთა დიდი ნაწილი დახვრიტეს. ბოლშევიკური მმართველობის დასასრულს სპონტანურად ხდებოდა ტაძრების გადაცემა. იმ პერიოდში კათოლიკეები და სხვა აღმსარებლობის ადამიანები, პრაქტიკულად, თითზე ჩამოსათვლელი იყვნენ. ამიტომ აუცილებლობა არ იყო, მათთვის ტაძარი გადაეცათ. შესაბამისად, ეს ტაძრები გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს, სადაც დღეს ღვთისმსახურება მიმდინარეობს“, - აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს მდივანი მამა მიქაელი (ბოტკოველი).

განსხვავებული პოზიცია აქვთ ადგილობრივ კათოლიკეებს, რომლებიც როგორც არქიტექტურულად, ისე ისტორიულადაც ბათუმის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარს კათოლიკეთა კუთვნილებად მიიჩნევენ. თუმცა, მათი თქმით, ამ ტაძრის დაბრუნების მოთხოვნით შესაბამისი ორგანოებისთვის ბოლო პერიოდის განმავლობაში აღარ მიუმართავთ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, არჩილ მეტრეველის განცხადებით, სადავო ტაძრებთან დაკავშირებით, კათოლიკურ ეკლესიას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის არასდროს მიუმართავს. 

„იმისათვის, რომ შესაბამისმა კომისიამ განიხილოს სადავო ეკლესიების კუთვნილების საკითხი, აუცილებელია, რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა კომისიას მიმართონ. სახელმწიფო ამგვარ დავებში არ უნდა ერეოდეს, განსხვავებით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული ქონებისა. კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებლებს შორის სადავო ტაძრების თემა მუდმივი მსჯელობის საგანია, მაგრამ პროცედურულად ამ საკითხზე მუშაობა არ დაწყებულა. ამ ეტაპზე კათოლიკური ეკლესიის პრიორიტეტს  ახალი სალოცავების აშენება წარმოადგენს“, - აცხადებს არჩილ მეტრეველი.

საქართველოს საპატრიარქოს მდივნის, მამა მიქაელის თქმით, სადავო ტაძრებთან დაკავშირებით საპატრიარქო დიალოგის წინააღმდეგი არ არის და ორმხრივი კომისიების შექმნას მხარს დაუჭერს.

„რა თქმა უნდა, საკუთრების შესახებ საუბრები დღემდე მიმდინარეობს. ჩვენ ყველა  იმ ეკლესიების წარმომადგენლებს ვხვდებით, რომლებიც აღნიშნული ტაძრების საკუთრების საკითხზე პრეტენზიებს აცხადებენ. საპატრიარქო არ არის დიალოგის წინააღმდეგი. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული სამართლიანობა დადგინდეს, მაგრამ მხოლოდ არქიტექტურული იერსახით ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შევქმნათ ორმხრივი კომისია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც იმ რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთრებასთან დაკავშირებით დავობენ, ისე მართლმადიდებელი ღვთისმსახურები. მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, არქიტექტორები, ისტორიკოსები და არქეოლოგები. ამ გზით უფრო შესაძლებელი იქნება საერთო შეთანხმებაზე შეჯერება“, - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.

ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მისი დაცვა როგორც ხელისუფლების, ისე თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. ტაძრის კედლების ნაწილი ამჟამად დაზიანებულია და საჭიროა მისი აღდგენა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ადამიანის უფლებათა ცენტრს განუცხადეს, რომ ამ კედლების სარებალიტაციო სამუშაოები კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაიგეგმება და განხორციელდება.

კათოლიკე მრევლის, ნანა გეგენავას თქმით, ბათუმში კათოლიკე მრევლი ას ადამიანს შეადგენს. წართმეული ეკლესიის სანაცვლოდ ბათუმელ კათოლიკეებს ეკლესიის ასაშენებლად ფართი გამოუყვეს. 1999 წელს, აღდგომის დღესასწაულზე, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ბათუმში აკურთხა მიწა და დაიწყო ახალი კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა. სულიწმინდის სახელობის ეკლესია 2000 წლის 24 ივნისს იკურთხა.

სტატია მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.
 

ახალი ამბები