კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბექა მინდიაშვილი: „რელიგიურ უმცირესობებს წართმეული სალოცავები რესტიტუციის გზით უნდა დაუბრუნდეს“

8 თებერვალი, 2016
 
 
ნათია გოგოლაშვილი

„ყველაზე კარგი გამოსავალი  იქნება, თუკი სახელმწიფო მიიღებს შესაბამის კანონს და რესტიტუციის საფუძველზე დაუბრუნებს რელიგიურ უმცირესობებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეულ სალოცავებს. ეს არის საკულტო ნაგებობების კუთვნილების პრობლემის სამართლებრივად მოგვარების საუკეთესო გზა“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. 

- ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო რელიგიურ კონფესიებს ეტაპობრივად სარგებლობის უფლებით გადასცემს საკულტო ნაგებობეს. ამ პროცესს თვითონ კონფესიები წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავენ, რომ უმჯობესი იქნება, თუკი საკუთრების უფლებით გადაეცემათ სალოცავები. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროცესს? 

- საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, საკუთრებაში დაუბრუნდა მთელი ის ქონება, რომელსაც ის ფლობდა საბჭოთა რეპრესიებამდე. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, უთანასწორო მდგომარეობაში არიან სხვა რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ასევე დაზარალდნენ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მხრიდან. მათ ან მთლიანად გაუნადგურდათ ქონება, ან მთლიანად ჩამოერთვათ რელიგიური საკულტო ნაგებობები. ცხადია, რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო ნაგებობების მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესი, დადებითად ვერ შეფასდება. ამით სახელმწიფო ილუზიას ქმნის, თითქოს მისი მხრიდან პოზიტიური ნაბიჯი იდგმება. სახელმწიფოს მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი სხვადასხვა რელიგიური კონფესიისთვის კუთვნილი ქონების საკუთრებაში გადაცემაა.  

- ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც სახელმწიფო რელიგიურ უმცირესობებს საკულტო ნაგებობებს სარგებლობის უფლებით არ გადასცემს არის ის, რომ ერთსა და იმავე რელიგიას შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაცია მიეკუთვნებოდეს და ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს გასარკვევი აქვს, ვის უნდა გადასცეს საკუთრება. 

- ძირითადად, ასეთი პრობლემა არ დგას. განსაკუთრებით, სომხებთან მიმართებით, სომხური სამოციქულო ეკლესია ერთიანი მონოლითური ეკლესიაა, აქ არ არის ისეთი დანაწევრება, როგორც, მაგალითად, კათოლიკურ ეკლესიას აქვს. ებრაულ თემშიც არის დაყოფა, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც მათ აქვთ ამგვარი დავები.  ეს ე.წ. დავები შეიძლება ძალიან მარტივად გადაწყდეს მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მკაფიო განაცხადს გააკეთებს რელიგიურ კონფესიათა საკუთრების შესახებ. ყველაზე კარგი გამოსავალი  იქნება, თუკი სახელმწიფო მიიღებს შესაბამის კანონს და რესტიტუციის საფუძველზე დაუბრუნებს რელიგიურ უმცირესობებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეულ სალოცავებს. ეს არის საკულტო ნაგებობების კუთვნილების პრობლემის სამართლებრივად მოგვარების საუკეთესო გზა. ამით სახელმწიფო გამოხატავს კეთილ ნებას, რომ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდეს რელიგიურ გაერთიანებებს. 

- დღეს ბევრი საკულტო ნაგებობაა, რომელებიც სადავოდ იქცა მართლმადიდებლურ ეკლესიასა და რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებს შორის. თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაიჭრას სადავო ტაძრების საკითხი? 

- „სადავო“ - ეს პირობითი ტერმინია, ამ ტერმინით ჩანს ისე, თითქოს გაურკვევლობა არსებობს საკულტო ძეგლებთან დაკავშირებით. რეალობა კი სრულიად სხვაგვარია - ე.წ. სადავო ტაძრების ერთი ნაწილი მითვისებული აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამ შემთხვევაში, მაგალითად, ვგულისხმობ კათოლიკურ ტაძრებს. საუკეთესო მაგალითია ბათუმისა და ქუთაისის კათოლიკური ეკლესიები. იმდენად მკაფიო და ცხადია მათი არქიტექტურული იერსახე, რომ აქ სადავოც კი არაფერია. ასევე დოკუმენტირებულია იმ ეკლესიების ბედიც, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვა სომხურ ეკლესიას. ასევე მკაფიოა ისლამური ხასიათი იმ ნაგებობებისა, რომლებზეც მართლმადიდებლური ეკლესია მაინც დავობს. ინტერიერითაც და ექსტერიერითაც ცხადია, რომ მეჩეთებთან გვაქვს საქმე, მაგრამ მართლმადიდებელი მოძღვრები ამბობენ, რომ თითქოს ეს მეჩეთები მართლმადიდებლური ტაძრების ქვებითაა აშენებული. „დავა“ - ეს არის ერთგვარი ილუზია, რითაც სახელმწიფოსა და საპატრიარქოს სურს, გააჭიანუროს პროცესი და შეინარჩუნოს არსებული ვითარება. ამგვარ დავებზე როცა ვსაუბრობთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა და ისტორიის შეცვლა. რეალურად, სადავო არაფერია. რეალობა არის სრულიად საპირისპირო - საპატრიარქოს ან მითვისებული აქვს რელიგიურ უმცირესობათა საკულტო ნაგებობების დიდი უმრავლესობა, ან ამ ტერმინით ცდილობს ისტორიის წაშლას. მაგალითად, ავიღოთ ისტორიული მეჩეთი სოფელ მოხეში. მის ირგვლივ დავა წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც მუსლიმმა თემმა 2014 წელს რეალურად მოითხოვა ამ მეჩეთის დაბრუნება. მანამდე საპატრიარქოს მასზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.

- მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით შეიქმნა კომისია, რომელიც შენობის წარმომავლობას სწავლობს. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა მისაღებია? 

- ყველასათვის ცნობილია ილია ჭავჭავაძის ცნობილი გამონათქვამი კომისიებთან დაკავშირებით - თუ გსურს, რომ არაფერი გააკეთო, უნდა შექმნა კომისია. მოხეს მეჩეთთან დაკავშირებით კომისია სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ არაფერი გააკეთოს, გაყინოს ე.წ. კონფლიქტი და არ მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, ორი წელია, ეს კომისია არსებობს და რაიმე რეალურ შედეგამდე არ მისულან. არაფერი გაკეთებულა, გარდა იმისა, რომ სადავო შენობიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მართლმადიდებლებმა დაასრულეს ეკლესიის მშენებლობა, რაც ამ ფონზე ერთგვარი გამოწვევაც კი იყო. 

- თუმცა, მართლმადიდებელი მხარე არ არის წინააღმდეგი, რომ რელიგიური საჭიროებებიდან გამომდინარე, სოფელ მოხეში მუსლიმებმა ნეიტრალურ ადგილას ააგონ ახალი მეჩეთი. 

- პრობლემა არის ის, რომ მთელი 20 წლის განმავლობაში მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევა ყველა რელიგიის ცენზორად და ყველა რელიგიის ბედ-იღბლის გადამწყვეტად. თუ კონკრეტული რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს უნდათ, რომ ააშენონ საკულტო ნაგებობა, სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ამის შესახებ  საპატრიარქოს უნდა დაეკითხოს. კანონის თანახმად კი, სახელმწიფო არის ვალდებული, ნებისმიერი კონფესიისათვის უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობა. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი საფუძველთა საფუძველი. საკულტო ძეგლების ფლობა და აშენება კი არის რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი. ამიტომ, ეს ვითარება, რა თქმა უნდა, ართულებს საქართველოში ტოლერანტობის კულტურისა და რელიგიის თავისუფლების კანონის დაცვას. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ კანონი დაიცვას.

მასალა მომზადდა კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები