კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოცხადებული ტენდერის შესახებ სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს

25 თებერვალი, 2016
 
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2015 წლის ნოემბერში გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული წესით დაიწყო და დიდი ნაწილი ერთ თვეში დაასრულა. ქარისგან დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი კომპანია „ალონისმა“ შეასრულა. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მას პირდაპირი მიყიდვის წესით ხელშეკრულების გაფორმებას დაჰპირდნენ, თუმცა სამუშაოები ისე დასრულდა, ხელშეკრულება ჯერაც არ გაუფორმებიათ.

2016 წლის იანვარში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი გამოცხადა, სატენდერო განაცხადში ის სოფლებიც არის მითითებული, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები  ,,ალონისმა" უკვე განახორციელა. ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო,   მათ შორის იყო ,,ალონისიც", რომელმაც სატენდერო განაცხადის მიხედვით უკვე პრაქტიკულად  შესრულებული სამუშაოსთვის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას 289 265 ლარი შესთავზა, თუმცა  ,,ალონისი" ტენდერს პირველივე რაუნდში გამოეთიშა, ვაჭრობის მესამე რაუნდში კი,   ოთხი კომპანიიდან მხოლოდ ერთი -  შპს ,,თელა"  დარჩა, 184 444 ლარით.  ტენდერი ჯერ არ დასრულებულა.
შპს ,,ალონისის" დირექტორის, მაკედონ ანანიკოვის განცხადებით, შესრულებულ სამუშაოებზე 300 000 ლარი დაიხარჯა. ანანიკოვის თქმით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაჰპირდნენ, რომ ხელშეკრულებას სამუშაოების დაწყების შემდეგ გაუფორმებდნენ, თუმცა დანაპირები არ შეასრულეს.

„ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. მათ პირდაპირ ტენდერი გამოაცხადეს, რომელიც წავაგე, საგადასახადომ ანგარიშები დამიყადაღა, პასუხს კი არავინ მცემს“,- აღნიშნა ანანიკოვმა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ალექსი ვეშაპურის განცხადებით, გამგეობას შპს „ალონისთან“ შეთანხმება არ დაუდია. ვეშაპურის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოების შესახებ. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახლი უკვე გადახურულია, სატენდერო ხელშეკრულების პირობები გადაიხედება.

ანანიკოვი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სიტუაციაში გასარკვევად რამდენჯერმე იყო მისული. მისი თქმით, შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებას ექსპერტიზა დაადგენს.
 
გამოცხადებული ტენდერის შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ მოკვლევა  დაიწყო ფინანსთა სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს საგამოძიებო უწყებამ, რადგან უკვე შესრულებულ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება მის კანონიერებას აყენებს ეჭვქვეშ.

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელი უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს არც ფინასთა სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველო და არც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა  არ ახმაურებს.

ახალი ამბები