კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოცნების ქალაქი

26 თებერვალი, 2016
გიორგი ჯანელიძე

 
ბათუმიდან მაღალმთიანი აჭარისკენ მიმავალ გზაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე პატარა დასახლება გვხვდება. მათგან ყველაზე დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ე.წ.  ოცნების ქალაქი ტოვებს:  დასახლება, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ გაჩნდა და სადაც 900-ზე მეტი ოჯახი და 400-მდე ბავშვი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ხელისუფლება კი პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მათ მცირე ნაწილს სთავაზობს. 

ფრიდონ ხალვაშის 188 ნომერში, ცხრამეტ ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე ხის ქოხები დგას. ხესა და ქვას აქა-იქ მუყაოც ემატება - "ოცნების ქალაქის" ბინადართა დიდი ნაწილი, უკვე რამდენიმე წელია, რაც ნესტსა და ანტისანიტარიაში ცხოვრობს. აქ ძირითადად  ეკომიგრანტები,  შშმ პირები, მარტოხელა დედები, უსახლკარო და მარჩენალდაკარგული ოჯახები ცხოვრობენ. 

როინ გუნდაძეც  ამ დასახლების ბინადარია. ხულოში, მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოჯახთან ერთად  "ოცნების ქალაქს" შეაფარა თავი. ახლა ის არასამთავრობო ორგანიზაციას - „დავიცვათ ბავშვთა უფლებები“ წარმოადგენს. 

„2013 წელს წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტები დაგვემატნენ - მაღალმთიან აჭარაში არაერთხელ მომხდარი სტიქიის შემდეგ ეს ხალხი წალკაში ჩაასახლეს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ბერძენმა მეპატრონეებმა ისინი თავიანთი სახლებიდან გამოასახლეს. "ოცნების ქალაქის" ფართობი 19 ჰექტარია. ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ სოციალური სახლის მშენებლობისთვის ინვესტორი მოიძიოს და მას 4 ჰა დაუთმოს. აქ მცხოვრები ხალხი მშენებლობაზე დასაქმდებოდა, შემდეგ კი  ახლადაშენებულ სოციალურ სახლში შესახლდებოდა.  ხელისუფლებამ ჩვენს წინადადებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მას მთლიანი ტერიტორია სჭირდება და არა მისი ნაწილი,“ - ამბობს როინ გუნდაძე. 

საქართველოში არსებულ უკანონო დასახლებათა შორის "ოცნების ქალაქი" ყველაზე დიდია  - 1000-მდე ქოხში რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს. დენის პრობლემა აქ  უკვე მოგვარდა - აჭარის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, "ენერგოპრო-ჯორჯია" დასახლებას  საჭირო ელექტროენერგიას აწვდის. თუმცა, "ოცნების ქალაქში" დღემდე არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა. როინ გუნდაძე ამბობს, რომ კანალიზაციის არარსებობის გამო ინფექციების  გავრცელების რისკი მაღალია და მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის მთავარი პრობლემა მაინც მისასვლელი გზის არარსებობაა -  წვიმის დროს ბავშვებს სკოლაში წასვლა-მოსვლა უჭირთ.  

"ოცნების ქალაქში" მცხოვრები მოსახლეობა დასახლების ტერიტორიაზე კაპიტალური სახლების აშენებას აპირებს.  ასამდე ასეთი სახლი დასახლებაში უკვე არსებობს: მოსახლეობის თქმით, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე კაპიტალური სახლის მშენებლობით კანონს რომ არღვევდნენ, ამის შესახებ ისინი არავინ გააფრთხილა. 
 
როინი ამბობს, რომ ასამდე სახლის მეპატრონეს მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდეგ შეუთვალეს, რომ კანონის დარღვევისთვის  ჯარიმის სახით 3000 ლარის გადახდა და სახლიდან გასახლება ემუქრებათ.
 
თუმცა,  “ოცნების ქალაქში” არიან ისეთებიც, ვისაც უბრალო ხის ქოხიც კი დააკმაყოფილებდა. მარტოხელა ქალბატონი, რომელიც ვინაობას არ გვიმხელს, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ “ოცნების ქალაქს” თავი მას შემდეგ შეაფარა, როცა ძვირადღირებული წამლების  ყიდვის პარალელურად  ბინის ქირის გადახდა ვეღარ შეძლო. მეზობლებმა მას ქოხის აშენებისთვის საჭირო ფიცრები და სხვა მასალები შეუგროვეს: „სოციალურ დახმარებას ვიღებ მხოლოდ. არც შვილი მყავს და არც სხვა ნათესავი და მარჩენალი. მთავრობას ერთ პატარა ქოხს ვთხოვ. არ მინდა დიდი და კომფორტული სახლი. პატარა კუთხე მინდა მქონდეს და რომ თავი შევაფარო,“ - ამბობს ის.

ვინაობა არც მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული თერთმეტსულიანი ოჯახის წარმომადგენელმა ახალგაზრდა მამაკაცმა გაგვიმხილა. ის კი გვითხრა, რომ  “ოცნების ქალაქის” ბინადარი მას შემდეგ გახდა, რაც მისი ორი ძმა დაოჯახდა და მამა-პაპისეულ სახლში მათთვის ადგილი აღარ დარჩა. ასეთ ისტორიას აქ ხშირად მოისმენთ. 

ნუგზარ ფუტკარაძე ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ იქ მყოფი მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება: ეკონომიკის სამინისტროს თანხმობის მიუხედავად, “ენერგოპრო-ჯორჯიას” ადგილობრივმა ფილიალმა დასახლებისთვის დენის  მიწოდებაზე კატეგორიული უარი განაცხადა: „აქ ომის ვეტერანებიც ცხოვრობენ. მეც და ჩემი ოჯახის 2 წევრიც ვეტერანები ვართ. არიან ეკომიგრანტები, რომელთა ნაწილი ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან წალკაში ჩასახლების შემდეგ იძულებული გახდა ისევ უკან დაბრუნებულიყო. ინდივიდუალური მრიცხველები არ გვაქვს, ისევ კოლექტიური მრიცხველით ვსარგებლობთ და თვეში 1150-1200 ლარს ვიხდით. მოსახლეობა აქ 2012 წელს დასახლდა, კერძო ინვესტორმა კი ეს ტერიტორია 2014 წელს შეიძინა. ჩვენს დასახლებას 4-5 ჰა უკავია. ეს მიწა ისე გაიყიდა ეტაპობრივად, რომ არც გაგვაფრთხილეს და არც რაიმე წინადადება შემოგვთავაზეს.“ 

“ოცნების ქალაქის” მობინადრეებს სამართლებრივ დახმარებას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე უწევს: „ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ დასახლებებში ისეთი ოჯახებიც ცხოვრობენ, რომელთაც წესით, სახელმწიფო დახმარება არ ეკუთვნით. შესაძლებელია ასეთი ოჯახები მართლაც იყვნენ, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ მთავრობა დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება ეკუთვნით და სჭირდებათ. აქ არიან სოციალურად დაუცველები, მარტოხელები, მარჩენალდაკარგული ადამიანები, მაგრამ სახელმწიფო მათ არ სცნობს. ის სცნობს მხოლოდ სტიქიით დაზარალებულებს.  ასეთი შეიძლება აქ მხოლოდ 30 ოჯახი იყოს.  დანარჩენებს კი გასახლებით ემუქრებიან, რაც მიუღებელია. ამის უფლებას ხელისუფლებას არ მივცემთ,“ - აცხადებს ბაკურიძე. 

“ოცნების ქალაქის“ მობინადრეთა საკითხს აჭარის მთავრობაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე კურირებს: „საცხოვრებელი სახლების გადაცემით ვეხმარებით მხოლოდ სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს. შევისწავლეთ ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიებზე არსებულ დასახლებებში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობა და ასეთი იქ მხოლოდ 17 ოჯახი აღმოჩნდა. ეკომიგრანტთა ნაწილს უკვე გადავეცით  საცხორვებელი სახლები. არიან ოჯახები, რომელთა სახლებსაც აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები სჭირდება. მათ გამგეობებში რეკომენდაცია გავუწიეთ. ხულოში ეკომიგრანტებისთის სამი სოციალური სახლი შენდება. ქედაში ეკომიგრანტებს გადაეცათ ყოფილი პოლიკლინიკის რეაბილიტირებული შენობა. ხელვაჩაურშიც დასრულდა სამშენებლო სამუშაოები და ეკომიგრანტები საცხოვრებელ სახლებს იქაც მიიღებენ. ბათუმში უკვე აშენებულია ორი საცხოვრებელი სახლი და ერთის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს. სახელმწიფო პროგრამა მრავალწევრიანი ოჯახების დახმარებას არ ითვალისწინებს. ჯერ არ მინახავს ქვეყანა, რომელიც ერთ სახლში მცხოვრები ორი ძმიდან  ერთ-ერთს ბინა აძლევს. ცხადია, ასეთ დახმარებას ვერც ჩვენ გავწევთ,” - ამბობს ჭინჭარაძე. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების  სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

ახალი ამბები