კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეიდანი - „მონის ბაზარი“ უმუშევართათვის

26 თებერვალი, 2016
 გულნურ ქაზიმოვა

მეიდანს, ძველი თბილისის ცენტრს, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ხანდახან „ეშმაკის ბაზარსაც“ უწოდებენ. დღეს მას ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად „მონის ბაზრის“ სახელით მოიხსენიებს. ძველი თბილისის ცნობილი მოედანი, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, უმუშევარი მამაკაცების თავშეყრის ადგილიცაა. იმისთვის, რომ ოჯახში დღიური თანხა შეიტანონ, ისინი არანაირ საქმეს არ თაკილობენ და ხშირად მიზერულ ანაზღაურებაზეც თანხმდებიან.
  
„არ არის შეში ბეში, ვერ ხედავ ფანჯი ჩარია, სწორად ითამაშე!“ -ზაჰირ აბბასოვი მეტოქეს მისი მოტყუების საშუალებას არ აძლევს. მან დილიდან მეგობრებთან ერთად რამდენიმე ხელი ნარდის თამაში უკვე მოასწრო. დაფასთან 7 ადამიანი დგას. ისინი დროებითი სამუშაოს მოლოდინში თამაშის რიგს ელოდებიან.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში მოსახლეობის 12,4%, 246 ათასი ადამიანი იყო უმუშევარი. თბილისის დასაქმების სააგენტოს მონაცემების თანახმად, მხოლოდ თბილისის მასშტაბით 30 ათასზე მეტი ადამიანია უმუშევარი.
„ყოველდღიურად აქ ვიკრიბებით, ნაცნობ-მეგობრებს სახლში ელოქტრობასთან დაკავშირებულ საქმეზე თუ დავჭირდები, დამიძახებენ და წავალ. ყოველ დილას 9 საათიდან აქ ვარ. ელექტრობა რთული საქმეა, ერთ საქმეზე ასე 15-20 ლარს მაძლევენ“, - ამბობს 34 წლის მურად ჰაზიევი. მას ტექნიკური განათლება აქვს. ამბობს, რომ თვეში ორჯერ მაინც თუ გამოუჩნდება ასეთი საქმე, ეს უკვე კარგია: „ქართველებს სახლში თუ რამე აქვთ გასაკეთებელი, ისევ ქართველ ხელოსნებს ეძებენ. რა ვქნათ? საქართველოში ბევრი აზერბაიჯანული კომპანიაა, დასაქმების თხოვნით რამდენიმეს მივმართე, მაგრამ არ მიმიღეს სამსახურში. ხან უმაღლეს განათლებას ითხოვენ, ხან კიდევ ამბობენ, რომ  ადგილი არ აქვთ. ძალიან რთულია ასე ცხოვრება. როგორც არ უნდა დავზოგოთ, თვეში ოჯახს 800-1000 ლარი სჭირდება. ვცდილობთ მუდმივი სამსახურის მოძებნას, მაგრამ სამუშაო არ არის“.

მეიდანზე შეკრებილები ამბობენ, რომ სამუშაოს შოვნის იმედით საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანულ კომპანიებში თითქმის ყველა მათგანი ერთხელ მაინცაა ნამყოფი, მაგრამ - უშედეგოდ.
  
მაჰამადლი ნაღიევი კრედიტით შეძენილი მანქანით ტაქსაობს და დღიური ფული ოჯახში მუდმივად შეაქვს. მიუხედავად ამისა, ის სტაბილურ სამსახურს ეძებს: „ქართულ ენაზე თავისუფლად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ენა კარგადაც რომ ვიცოდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამსახურს იოლად ვიშოვიდი. სამუშაოს შოვნა მხოლოდ აზერბაიჯანელებს არ უჭირთ - ათასობით უმუშევარი ქართველია. ამ ქვეყანაში სამუშოს პოვნა ყველა ეროვნებისთვის რთულია. ქარხნები არ არის, ხალხმა სად იმუშაოს?“

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2014  წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 38% ღარიბია, 10-12% კი საშუალო ფენას მიეკუთვნება.
51 წლის ვაგიფ ნოვრუზოვი აცხადებს, რომ სამსახურის შოვნის იმედი უკვე დიდი ხანია, დაკარგა და მოედანზე უმეტესწილად მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად მოდის: „ამდენი ადამიანი ვდგავართ აქ ყოველდღე, სამუშაო კი არ ჩანს. იშვიათად, რომ  დღიური საქმე გამოგვიჩნდეს. წლების განმავლობაში მძღოლი ვიყავი, პირადი მძღოლიც ვყოფილვარ, მაგრამ ზუსტად შვიდი წელია, სამსახურში არავინ მიღებს“.

სახალხო მოძრაობის - „ღირსება“ ხელმძღვანელი ალიბალა ასგაროვი ამბობს, რომ  საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელების დასაქმება რთული საკითხია: „ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ძალიან უჭირთ მუდმივი სამუშაოს მოძებნა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ უმეტესობას ადეკვატური განათლება არა აქვს მიღებული და არც ქართული ენა იცის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, უპირველად განათლების გაუმჯობესებაზე უნდა ვიფიქროთ. გარდა ამისა, ახლა საქართველოში სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა არ არის: ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება. სამუშაოს პოვნა ნებისმიერი ეროვნების მქონე ადამიანისთვის რთულია“.
მეიდანზე შეკრებილ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს განწყობას მუქი ფერის ჩაი და ნარდი უხალისებთ. ისინი თამაშსა და საუბარში ზოგჯერ იმდენად ერთობიან, რომ რეალური პრობლემები ავიწყდებათ. თუმცა, საღამოს მოახლოებასთან ერთად ამ პრობლემებთან დაბრუნების დროც მოდის.

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას. 

ახალი ამბები