კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნეპოტიზმი ვანის გამგეობაში

29 თებერვალი, 2016
   გიორგი ჯანელიძე

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხანგრძლივი სტაჟის მქონე რამდენიმე სპეციალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა. გამგეობის აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ  რეორგანიზაციის შემდეგ გამგებელმა სამსახურში მეუღლე, და და დის ქმარი დაასაქმა. 

რუსუდან აბჟანდაძე ვანის გამგეობაში 1999 წლიდან მუშაობდა. მანამდე ის რაიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ამჟამად უკვე ყოფილი უფროსი ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადასცეს: „1999 წლიდან მოყოლებული საყვედური არასოდეს მიმიღია. 42 წლის შრომითი სტაჟი მაქვს. გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი მთხოვდა თანხის გადარიცხვას. მე საბუთის გარეშე 5 000 ლარის გადარიცხვაზე უარი ვუთხარი, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია. გამოაცხადეს რეორგანიზაცია, შტატების შემცირების მიზნით ხალხი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს და შემდეგ მათ ადგილზე ახალი კადრები მოიყვანეს.” 

კიდევ ერთი სტაჟიანი სპეციალისტი, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა, ლალი სულაბერიძეა. ის ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აპარატის უფროსის თანამდებობაზე 2006-2012 წლებში მუშაობდა, 2012 წელს კი აიპ „ბაღების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 2014 წელს, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მას ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმეს: „ახალმა დირექტორმა სამსახურში აღარ დამტოვა. რეორგანიზაციის მიზნით 25 ადამიანი შეამცირა, 2015 წლისთვის კი ბაღების გაერთიანებაში ორჯერ მეტი, 51 თანამშრომელი მიიღო.”

ლალი სულაბერიძე ამბობს, რომ ახლად აყვანილ თანამშრომელთა შორის გამგებლის ოჯახის წევრებიც არიან: გამგებლის მეუღლე ბაღების გაერთიანების კადრების ინსპექტორია, და ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსი, დის ქმარი კი გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი.

საკითხის უკეთ გარკვევის მიზნით ვანის გამგეობაში მივედით. გამგეობაში გვითხრეს, რომ გამგებელი, ზაზა ხურციძე ერთ-ერთ სოფელში, საქმიან შეხვედრაზე იყო წასული. გამგებლის ნაცვლად, მის ნდობით აღჭურვილ პირს შეგვახვედრეს, რომელმაც ჩვენს კითხვებს “უსაფუძვლო სისულელე” უწოდა, გამგებლის კაბინეტში შევიდა და კარი ისე მოგვიხურა, რომ საკუთარი ვინაობა და რეგალიაც არ გვითხრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამგებელი იმ დროს გამგეობის შენობაში იმყოფებოდა და მან ჩვენთან შეხვედრას თავი აარიდა. ზაზა ხურციძემ არც  ჩვენს სატელეფონო ზარებს და  მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა. 

„გამგეობაში სამუშაო საათებში არ დაგვხვდა არც ერთი საჯარო მოხელე, ვინც ჩვენს კითხვებს პასუხს გასცემდა. ახალი გამგებლის არჩევის შემდეგ გამგეობაში რეფორმა ჩატარდა და რამდენიმე ადამიანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მათთან შეხვედრამ  გვაჩვენა, რომ ახალი კადრები ნათესაობის და ახლობლობის პრინციპით შეარჩიეს და არა იმ კრიტერიუმებით, ვინ უფრო უკეთესი სპეციალისტი იყო და ვინ უფრო უკეთესად შეძლებდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას,“ - ამბობს თბილისის ადამიანის  უფლებათა სახლის იურისტი, ეკა ქობესაშვილი.
 
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების  სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.
 
 
 

ახალი ამბები