კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანცლერის არჩევნებიდან - რექტორის გადადგომამდე - თსუ ცვლილებების მოლოდინში

5 აპრილი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა 30 მარტს თანამდებობიდან გადადგა, აკადემიურმა საბჭომ მისი განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. თუმცა, იგი აღნიშნულ პოსტზე 1 მაისამდე გააგრძელებს მუშაობას. მანამდე კი, ერთი დღით ადრე, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს, რექტორის გადადგომის მოთხოვნით. 

რექტორის თანამდებობიდან გადადგომამდე კი სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ საპროტესტო აქციებს მართავდა, რექტორს მოუწოდებდა თანამდებობის შენარჩუნებისკენ, აკადემიურ საბჭოს კი - დაშლისაკენ. თუმცა, თავდაპირველად სტუდენტური მოძრაობის მთავარი მოთხოვნა თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზება იყო - განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის გზით. 

თსუ-ის სტუდენტების საპროტესტო აქცია 7 მარტს დაიწყო. სტუდენტების პროტესტი 2016 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის 75 წევრის ბაკურიანში ტრენინგზე „პროექტების მართვა და სტრატეგიული მენეჯმენტი“ დასწრებამ გამოიწვია, რომელზეც უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 24 600 ლარი დაიხარჯა.

ორკვირიანი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სტუდენტები აკადემიური საბჭოს მიერ სენატისთვის კანცლერის კანდიდატად წარსადგენ გიორგი გაფრინაშვილის კანდიდატურასაც აპროტესტებდნენ, რადგან იგი თვითმმართველობის წევრი იყო. სტუდენტების მოთხოვნის შემდეგ გაფრინდაშვილის კანდიდატურა მოხსნეს.

Humanrights.ge-სთან საუბარში „აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი არობელიძე აცხადებს,რომ აკადემიურმა საბჭომ კანონი დაარღვია, მაშინ როცა მეორე კანდიდატი კონკურსის გამოცხადების გარეშე აირჩია. 

„კანცლერობის კანდიდატი სტუდენტთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო თავისი წარსულის გამო. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში საჭიროა სისტემური ცვლილებები, ეს ცვლილებები უნდა შეეხოს რექტორის არჩევის წესსაც. ასევე მიგვაჩნია, რომ აკადემიური საბჭოს არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და უნდა გაიზარდოს მისი წევრების რაოდენობა. ამ თემებთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ აკადემიურ საბჭოს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. სტუდენტებმა შევქმენით სამუშაო ჯგუფები და მალე განათლების სამინისტროს წარვუდგენთ კანონპროექტს“,- აღნიშნა გიორგი არობელიძემ.

თვითმმართველობის თავმჯდომარე შალვა საბაური სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ -ის ბრალდებებს დილეტანტურს უწოდებს და აცხადებს,რომ ბაკურიანის პროექტს რექტორის რეზოლუცია ადევს და პროექტების დაფინანსება სტუდენტური თვითმმართველობის უფლებამოსილება  არაა: „რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას კანცლერის ყოფილ კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილთან, ეს ურთიერთობა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციულ რგოლთან, იყო საქმიანი.“

შალვა საბაურმა რექტორის გადადგომის მოთხოვნაზეც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, თსუ-ის რექტორი მალავდა „ოდეერის“ ინსტიტუტს უნივერსიტეტში: „ამასთან, ოდეერების უფროსი, ვინმე პოლკოვნიკი კუბლაშვილი სწორედ მისი რექტორობის ვადაში, 2014 წელს დასაქმდა კანცლერის მრჩევლად. საზოგადოება მიზანმიმართული დეზინფორმაციის პირობებში იმყოფება.“

საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სტუდენტებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვდა. მედიასთან საუბრისას სანიკიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესებში მთავარია, აკადემიურმა საბჭომ თავისი ფუნქცია კარგად შეასრულოს: „ჩვენ ვნახეთ, რა პროცესები წარიმართა. ჩვენ ვნახეთ ამ პროცესებში როგორ მონაწილეობდა აკადემიური საბჭო, რექტორი, რას აკეთებდნენ სტუდენტები, როგორი იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია აკადემიურმა საბჭომ თავისი ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულოს. განიხილოს ყველა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რადგან მართლა არ იყო უნივერსიტეტში კარგი მდგომარეობა. თუ დაგვავიწყდება გუშინ და გუშინწინ რა ხდებოდა ეს  ძალიან ცუდი იქნება. პირდაპირ ვამბობ, ამას მხარს ნამდვილად ვერ დავუჭერთ.“

საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას აკადემიური საბჭო დატოვა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, პროფესორმა მარიამ გერსამიამ.

„მე, მარიამ გერსამია, დღეს ვდგები იქ, სადაც არასდროს მოხდება სტუდენტების დაყოფა თვითმმართველობად და დაპირისპირებულ მხარედ. ეს არის აუდიტორია, სადაც მე ხვალ შევალ, წავიკითხავ ლექციას პოფესორის და არა აკადემიური საბჭოს წევრის სტატუსით. მე ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად, იქ, სადაც ჩემი ადგილია, იქ სადაც არის ჩემი სტუდენტების ადგილი და იქ, სადაც არ ხდება სტუდენტების დაქსაქსვა და დაყოფა. ამ სიტუაციაში დიახ, მე ვტოვებ აკადემიურ საბჭოს. მე ჩემს როლს ვხედავ სტუდენტების გვერდით, სადაც არ არის არანაირი დაყოფა, არამედ არის ერთიანობა, სოლიდარობა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. მე ყველა სტუდენტს, განურჩევლად მათი შეხედულებისა, ვუცხადებ სოლიდარობას - ერთ მხარესაც და  მეორე მხარესაც", - ეს განცხადება 16 მარტს აკადემიური საბჭოს წევრმა, მარიამ გერსამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

აკადემიური საბჭო ასევე დატოვა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა გოგი გოგსაძემ.
იმავე დღეს, 16 მარტს, სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით შეწყდა „აუდიტორია 115“ -ის საპროტესტო აქციები უნივერსიტეტში. თუმცაღა, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების განახლებასაც არ გამორიცხავენ.

საქართველოს განათლების სამინისტრომ სტუდენტები მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვია, სადაც „აუდიტორია 115“-ის წარმომადგელებთან ერთად თვითმმართველობის წევრებიც ისხდნენ.

29 მარტს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შიმშილობის აქცია რექტორის გადადგომისა და აკადემიური საბჭოს შეცვლის მოთხოვნით განაგრძეს, 30 მარტს საპროტესტო აქცია შეწყდა, რადგან დაკმაყოფილდა მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა - თსუ-ის რექტორმა. ლადო პაპავამ თანამდებობა დატოვა. 

ახალი ამბები