კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსმენებთან დაკავშირებით

15 აპრილი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენებთან დაკავშირებით 14 აპრილს მიიღო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა უფლებადამცველების კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის წესები.

კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ იყო გამხდარი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს ანიჭებდა უფლებამოსილებას, ჰქონოდა კავშირგაბმულობის და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და ამ მიზნით სათანადო აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსების შესაძლებლობა. ამავე დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით, განეხორციელებინა კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და მათი 2 წლის ვადით შენახვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ, პროპორციულ საშუალებას. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოიპოვოს პირადი ხასიათის ინფორმაცია განუსაზღვრელ პირთა წრის შესახებ. 

მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს.

ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ გაითვალისწინა რა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულება მოითხოვს, როგორც ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, ისე ახალი კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას, აუცილებლად მიიჩნია გადაწყვეტილების აღსასრულებლად აუცილებელი და გონივრულად საკმარისი დროის გათვალისწინება. ასეთ ობიექტურად საკმარის ვადად საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი მიაჩნია.

მოსმენებთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სახალხო დამცველისა და „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების: გიორგი ბურჯანაძის, ლიკა საჯაიას, გიორგი გოცირიძის, თათია ქინქლაძის, გიორგი ჩიტიძის, ლაშა ტუღუშის, ზვიად ქორიძის და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, „საერთშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადდა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსმენებთან დაკავშირებით წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვას და შემდგომში გამორიცხავს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს იმედი აქვს, რომ 2017 წლის მარტის თვემდე განხორციელდება აღნიშნული ცვლილებები, რაც საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების წინაპირობაა.

ახალი ამბები