კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადება განიხილა

28 აპრილი, 2016
ქრისტინე პახომოვი

26 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ადამიანის უფლებათა ცენტრის წინადადებაა, პარლამენტის დადგენილება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების თაობაზე ჩაითვალოს ახლადგამოვლენილ გარემოებად, რათა შემდგომში ამ გზით გადაისინჯოს პოლიტიკური პატიმრების მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 310-ე მუხლს უნდა დაემატოს ქვეპუნქტი შემდეგი ფორმულირებით:  განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუკი არსებობს საქართველოს პარლამენტის დადგენილება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების შესახებ პირისათვის, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

აღნიშნული წინადადება კომიტეტს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა  წარუდგინა და ცვლილების აუცილებლობაზე კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა.

„პოლიტპატიმრების უფლებების აღდგენაზე ზრუნვა არის კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და ზოგადად, ამ მოწვევის პარლამენტის პასუხისმგებლობა, რადგან ამ მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის ბოლოს ათობით ადამიანს მიანიჭა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ასევე, საკუთარ ვალდებულებად აიღო შემდგომში პატიმრების სამართლებრივი რეაბილიტაცია და მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა. თუმცა, ამ დროისთვის, როცა ამ მოწვევის პარლამენტს ვადა ეწურება, ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. ჩვენი წინადადება ეხება სწორედ ერთ-ერთ შესაძლებლობას, ყოფილი პოლიტიკური პატიმრებისთვის, რომლებიც დღემდე უშედეგოდ ითხოვენ განაჩენის გადახედვას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე სასამართლომ მათი საქმეები კვლავ განიხილოს“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა კომიტეტზე საკანონმდებლო წინადადების სიტყვით გამოსვლისას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სისხლის საპროცესო კოდექსში ამ ცვლილების შეტანა შეუძლებელია.
 
„პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა პირებს. ასეთ დროს, გადაწყვეტილების მოტივი, ძირითადად, არის პოლიტიკური. ამავე დროს, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი აპრიორი არ ნიშნავს, რომ პირი უდანაშაულოა. მას შეიძლება, დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვის საფუძველი ვერ იქნება. აღნიშნულმა ცვლილებამ ამავე დროს, შეიძლება, მოახდინოს დანაშაულის ერთგვარი „წახალისება“. მაგალითად, ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული იმის იმედით, რომ მას მიანიჭებენ პოლიტპატიმრის სტატუსს და გაამართლებენ დანაშაულში“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ.

კომიტეტის ერთ-ერთი წევრის, გედევან ფოფხაძის აზრით, საპროცესო კოდექსში მსგავსი ცვლილების შეტანა შესაძლებელია. „ქვეყანაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტის დაფიქსირება არ არის მთლად სტანდარტული გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ შესამაბისი პირის მიერ სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპი გამოყენებული არ იყო, ანუ ეს იყო პოლიტიკური განაჩენი. შესაძლოა, ყოფილიყვნენ დამნაშავეები კონკრეტულ ქმედებაში, მაგრამ სასამართლო იყო სხვა მხრივ მოტივირებული, გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი  არა დანაშაულის ჩადენისათვის, არამედ პოლიტიკური შეხედულებისათვის“, - განაცხადა კომიტეტის წევრმა გედევან ფოფხაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ნესტან ლონდარიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რისკი, თითქოსდა საპროცესო კოდექსში შესატანი ახალი ქვეპუნქტი წაახალისებს დანაშაულს, ფაქტობრივად, არ არსებობს, რადგან საუბარი არის პარლამენტის დადგენილებით პირთათვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებაზე, რაც ასე მარტივად არ ხდება. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივა კარგი საშუალებაა საიმისოდ, რომ მოიხსნას ის ეჭვები, რაც პოლიტიკური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებობს პოლიტიკურ წრეებში. გარდა ამისა, პოლიტპატიმრების საქმეებს ძირითადად ადევს „გრიფი საიდუმლო“, რაც დღემდე არ არის მოხსნილი. საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია, რამდენად სამართლიანად მოხდა შესაბამისი პირების საქმეების განხილვა“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ humanrights.ge-სთან საუბრისას.

იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადების განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში შემდგომშიც გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

ახალი ამბები