კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თანამდებობის ბოროტად გამოყენება თუ შერჩევითობა პოლიტიკური მოტივით

4 მაისი, 2016

ქრისტინე პახომოვი

2016 წლის მარტში საბავშვო ბაღების დირექტორების თანამდებობებიდან მასობრივი გათავისუფლება დაიწყო. ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დირექტორები საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლდნენ. თუმცა, სხვა მოტივებსა და მიზეზებზე საუბრობენ გათავისუფლებული დირექტორები.

ხატია ლაშქარაშვილი 2007 წლიდან იკავებდა 215-ე ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობას. იგი 2016 წლის 21 მარტს, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, აუდიტის მიერ მომზადებული დასკვნა არაკვალიფიციურია, რასაც ისიც მოწმობს, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღნიშნული დასკვნის შესახებ განმარტებას არ აკეთებს. Humanrights.ge-თან საუბრისას ლაშქარაშვილი განმარტავს, რომ აუდიტი მას კვებისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ გამოყენებაში ედავება.

„ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის 160 ბაღში კვებისთვის ყოველთვიურად, დარეგისტრირებული ბავშვების რაოდენობის მიხედვით, კვების თანხას რიცხავს. ეს თანხა, ფაქტობრივად, ვერ იხარჯება, რადგან აღსაზრდელების 100%-იანი დასწრება წარმოუდგენელია. აგრეთვე წარმოუდგენელია, ბაგა-ბაღის დირექტორმა წინასწარ განსაზღვროს, როგორი იქნება ბავშვთა დასწრება თვის განმავლობაში, რომ შესაბამისი თანხა გამოიყოს. ამისათვის, არსებობს სიტყვიერი და წერილობითი შეთანხმება, რომ ბაგა-ბაღის დირექტორი უფლებამოსილია, გამოყოფილი თანხა განკარგოს ბაგა-ბაღის საჭიროებისამებრ. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც დირექტორი ითხოვს გარკვეულ თანხას, მაგალითად, წიგნებისთვის, ავეჯისთვის, სასკოლო მზაობის პროგრამის სწორად წარმართვისთვის, ბაღების მართვის სააგენტოს ამაზე ყოველთვის ერთი და იგივე პაუხი აქვს: „კვებიდან დარჩენილი თანხა გამოიყენეთ“. აქედან ნათელი ხდება, რომ სააგენტო, ასეთი სიტყვიერი მითითებებით, მიზანმიმართულად გვარღვევინებდა წესს“, - აცხადებს ხატია ლაშქარაშვილი.

ხატია ლაშქარაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ 215-ე ბაგა-ბაღების დირექტორის, მოადგილისა და რიგითი თანამშრომლების თანამდებობებზე პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაინიშნენ, ბაგა-ბაღებში განვითარებულ პროცესებს პოლიტიკურ სარჩულს აძლევს.  „2007 წლის კონკურსის შედეგების მიხედვით, ვერცერთი ახალი კადრი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მეტიც, მათ მინიმალური ბარიერიც კი ვერ გადალახეს. შესაბამისად, კითხვას, თუ ვინ არის მათი რეკომენდატორი, დღეს გადამწყვეტი როლი ენიჭება“, - აღნიშნავს 215-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი, ხატია ლაშქარაშვილი.

უკანონოდ გათავისუფლებულმა დირექტორებმა საერთო სარჩელით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მოსამართლე ირაკლი კოპალიანმა საქმე წარმოებაში არ მიიღო. მოსარჩელე მხარის ადვოკატის, ბექა კვინიკაძის განცხადებით, სასამართლომ გამოგონილი საფუძველსმოკლებული მიზეზით, საქმე წარმოებაში არ მიიღო. კვინიკაძის თქმით, მოსამართლე კოპალიანმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის რიგი ნორმები  არასწორად განმარტა.

„მერიიდან უკანონოდ გათავისუფლებული ოთხი პირის უფლებებსაც ვიცავ. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2016  წლის თებერვალში ერთობლივი სარჩელით მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას. ეს საქმეც  ირაკლი კოპალიანს დაეწერა. მოსამართლე კოპალიანმა აღნიშნული საქმე წარმოებაში მიიღო. ხოლო იგივე კატეგორიის დავა - ბაგა-ბაღის გათავისუფლებული დირექტორების საქმე კი - არა. ორ იდენტურ საქმეზე მოსამართლემ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. განმარტებისას კი აღნიშნა, რომ თანამონაწილეობის საფუძველი არ არსებობს. განმარტების მიხედვით, მოსამართლე ეწინააღმდეგება წინა საქმეზე მიღებულ თავისივე გადაწყვეტილებას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამით მოსამართლემ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა. მოსამართლის მხრიდან ვლინდება კანონმდებლობის თავის პოზიციაზე მორგება, რაც დაუშვებელია. პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მიუღებელია ამ უკანონო განჩინების ძალაში დატოვება, რადგან ყველა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პრაქტიკულ სახეს იძენს. დაუშვებელია სამოქალაქო კოდექსის ნორმების ასეთი დამახინჯება. გადავწყვიტეთ, რომ განჩინება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივროთ, სადაც დავამტკიცებთ, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა", - განაცხადა ბექა კვინიკაძემ.

თავის მხრივ, მშობელთა მხრიდან პროტესტის ამგვარ ფორმას პოლიტიკურად მართულ პროცესს უწოდებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და წერილობითი განცხადებით მშობლებს ამ პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

საბავშვო ბაღების თემით დაინტერესდნენ პოლიტიკური პარტიებიც. ისინი ფიქრობენ, რომ დირექტორების გათავისუფლების მიზეზი პოლიტიკური მოტივია.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკერებულოს სპეციალური კომისიის შექმნის ინიციატივა წარუდგინეს, რომელიც ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორების საქმეს შეისწავლიდა. საკრებულოს დეპუტატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, სპეციალური კომისიის შექმნის საკითხი ოპონენტების მხრიდან მხარდაჭერილი არ იყო, რადგან ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.

„ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. გასული წლის შემოდგომაზე ბაგა-ბაღების დირექტორებს საკუთარი თანამშრომლების გათავისუფლებას აიძულებდნენ. დეკემბრის დასაწყისში  ჩავატარეთ ფრაქციის სხდომა. სადაც მოწვეული გვყავდა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი. მან მიიღო მკაცრი გაფრთხილება, თუკი ათეულობით ადამიანს ერთდროულად მოუნდებოდა სამსახურის გარეშე დარჩენილიყო, ეს მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი იქნებოდა. ადამიანის იძულება, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვოს სამსახური, არის სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, დირექტორები გათავისუფლდნენ არა თანხების მითვისების, არამედ დაზოგილი თანხის სხვა დანიშნულებით გამოყენებისთვის, რაც, წესით, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო სააგენტოსთვის. მონიტორინგის სამსახური ყოველთვიურად შედიოდა ბაღებში და ამოწმებდა თანხების ხარჯვას, თუმცა რაიმე სახის პრობლემა აქამდე არ აღმოუჩენია. შესაბამისად, აქ შეიძლება, სააგენტოს დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ. გათავისუფლებული დირექტორების სანაცვლოდ ინიშნებიან სახელისუფლებო გუნდის ე.წ „ზონის უფროსები“. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ცვლილებების ერთადერთი მიზანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარი პოლიტიკური აქტივის დასაქმება და იმ ადამიანების ნებისმიერი ფორმით მოშორება, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ აქტივისტად ვერ აქციეს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

„მსგავსი ტიპის რეორგანიზაცია ნებისმიერ სამსახურში ნორმალური მოვლენაა და სისტემის გაჯანსაღებას, ეფექტიანობის გაზრდასა და გაძლიერებას ემსახურება“, - აღნიშნა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, თემურ თორდინავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას. ის გათავისუფლებების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს უარყოფს.

ახალი ამბები