კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვები და საგზაო უსაფრთხოება

2 ივლისი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

ყოველწლიურად მსოფლიოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 186300 ბავშვი იღუპება ე.ი. დღეში 500 ბავშვზე მეტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების  შესახებ   წარდგენილი  ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს   5339 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაშავდა 6638 და გარდაიცვალა 605 ადამიანი - აქედან 18 ბავშვი; 2013 წელს კი აღირიცხა 5510 საგზაო შემთხვევა,  7734 დაშავებული და 514 გარდაიცვლილი - აქედან 22 ბავშვი. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში შეჯახებისა და ავარიის დროს ავტომობილის სალონში დაღუპულ ბავშვთა რიცხვი კი,  602-ს შეადგენს. 

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე სატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულ და დაღუპულ ბავშვთა შემთხვევებს რეგულაციის ხარვეზებს უკავშირებს.

 „კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება“ არეგულირებს ნებისმიერ აქტივობას, რომელიც ხორციელდება ქვეითისა თუ სატრანსპორტო საშუალების მიერ. აღნიშნული კანონი ჟენევის საერთაშორისო კონვენციიდან გამომდინარეობს, (1948-1969 წლების კონვენცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, 1993 წლის დამატებებით.) თუმცა, შეიცავს რამდენიმე პუნქტიან ხარვეზს, რაც იმპლემენტაციასა და ამოქმედებას შეეხება. ყველაზე სერიოზული ხარვეზია ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კანონის მიღებისას სავალდებულო გახდა უსაფრთხოების ღვედის გამოყენება, რამაც გარკვეულწილად შეამცირა საგზაო შემთხვევებისას დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა. კანონში საგზაო უსაფრთხოების შესახებ 26-ე პუნქტში ვკითხულობთ: „აკრძალულია 12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით.“ ამ დროს კი ხშირად ვხედავთ, რომ მშობლებს ბავშვი წინა სავარძელზე ჰყავთ დასმული და მეტიც, ზოგიერთი მამა სიამაყით სვამს პატარას საჭესთან და ამგვარად მართავს ავტომობილს ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში, რაც, ჩემი აზრით, მხოლოდ კანონდარღვევა კი არ არის, არამედ საქმე გვაქვს მშობლის უპასუხისმგებლობასთან“, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

ოგბაიძის თქმით, კანონში ასევე სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენს შემდეგი: „ნებადართულია სამ წლამდე ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი 16 წლის მგზავრის კალთაში, იმ პირობით, რომ მგზავრს მხოლოდ ეს ბავშვი უზის.“

„თუ 16 წლის ან უფრო მეტი ხნის ხარ და ბავშვი კალთაში გიზის, ავარიის შემთხვევაში ბავშვი მოზრდილსა და სავარძელს შორის ხვდება, ეს კი უსერიოზულესი შეცდომაა და სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს. ამ ჩანაწერის მიხედვით, კანონი ბავშვს არა ტრავმისთვის, არამედ სიკვდილისთვის წირავს. არ ხდება სხვა რეგულაციების აღსრულებაც. მაგალითად, კონსტრუირებული სავარძლით ბავშვთა გადაადგილების შესახებ. ასევე არანაირი უსაფრთხოების წესები არ არის დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში და კერძო გადაადგილების საშუალებებში“,- განაცხადა საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ.

მშობლები, რომლებიც შვილებთან ერთად ხშირად გადაადგილდებიან სატრანსპორტო საშუალებით, აღნიშნავენ, რომ ბავშვები მოძრაობენ და ძალიან რთულია მათთვის სიმშვიდის შენარჩუნება.

„განსაკუთრებით პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. საქართველოში ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ბავშვთან ერთად მგზავრობა შეუძლებელია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა, მარიამ ელიზბარაშვილმა.

გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ შეიმუშაა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამოქმედო დეკადის (2011-2020) ძირითადი სტრატეგიები, რაც ითვალისწინებს შემდეგს: ავტო-საგზაო მაგისტრალებისა და გზის საფარის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას; საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება-გაფართოებას; სასწრაფო დახმარების ბრიგადების მაღალკვალიფიციური პერსონალითა და ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებას; მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, კერძოდ: ა)შეზღუდვები ტრანსპორტის სიჩქარეზე, ბ)ლიმიტის დაწესება სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე, გ) ავტომობილის მართვისას მობილური ტელეფონით საუბრის აკრძალვაზე, დ)ავტო-ტრანსპორტში უსაფრთხოების ღვედების, ველოსიპედის და მოტოციკლეტის მართვისას ჩაფხუტის, ავტო-ტრანსპორტში ჩვილ და მოზრდილ ბავშვთა სპეციალური სავარძლებისა და დამატებითი ბალიშების სავალდებულო გამოყენებაზე; ე) კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დისციპლინურ, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

საქართველოში 5 თვეა, რაც საგზაო-სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობისას ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით „Elli Foundation“ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. 

„ჩვენი მიზანია, საქართველოში სავალდებულო გახდეს სამგზავრო სავარძლით გადაადგილება. ჩვენი ფონდი უფასოდ გადასცემს სავარძლებს სპეციალური წესით შერჩეულ ოჯახებს. ასევე უფასოდ უწევს კონსულტაციას მშობლებს, თუ როგორ დაამონტაჟონ სავარძელი ავტომობილში. ფონდმა 22 ბავშვს უკვე გადასცა სამგზავრო სავარძელი“,- აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო გოგოტიშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის ინფორმაციით, პოლიტიკური ნების არსებობისას, შესაძლებელია, საგზაო შემთხვევების და მათთან ასოცირებული დაზიანებებისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილება და ათასობით ბავშვის გადარჩენა.

ახალი ამბები