კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, უარყოს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია

7 ივლისი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ 6 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.  

6 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს 1 და 5 ივლისს  სასჯელაღსრულების #7 და 18 დაწესებულებებში ადვოკატების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე. სხვადასხვა საშუალებების ჟურნალისტებმა, ასევე, ჩაწერეს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებიც, რომლებიც ახორციელებდნენ საადვოკატო საქმიანობას, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებმა უხეშად დაარღვიეს მათი უფლებები და შეუშალეს ხელი საქმიანობაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გმობენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც სად-ის თანამშრომლები ადვოკატებისგან კანონდარღვევით მოითხოვენ, გააცნონ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ვიზიტისას მომზადებული ჩანაწერები. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მოუწოდეს, დაინტერესდეს არსებული ვითარებით და გაატაროს ქმედითი ზომები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეწყდეს ადვოკატთა საქმიანობის ხელშეშლის პრაქტიკა.

ნაცვლად იმისა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ოპერატიულად დაინტერესებულიყო საქმის ობიექტური გარემოებებით, პრესკონფერენციის საპასუხოდ, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო დარახველიძემ ტელეკომპანია „იმედს“ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა „საყოველთაოდ ცნობილ“ „საშიშროების მაღალი რისკის პატიმართან“, შალვა აბულაძესთან, რომელმაც ადვოკატს გადასცა „ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი გარკვეული ინფორმაცია, რომლის გატანას ცდილობდა ადვოკატი“ . 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. ადამიანის უფლებათა ცენტრის არც ერთი ადვოკატი არ იმყოფებოდა მსჯავრდებულ შალვა აბულაძესთან. უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა ცენტრი  საერთოდ არ ახორციელებს ამ მსჯავრდებულის იურიდიულ დახმარებას. პრესკონფერენციაზე ნახსენებ არც ერთი შემთხვევისას არ მომხდარა „ფურცლის ნაგლეჯის“ გადაცემა მსჯავრდებულის მიერ ადვოკატისათვის და შესაბამისად, არც მისი გამოტანის მცდელობას ჰქონია ადგილი.

1 ივლისს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე იმყოფებოდა #7 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ გოჩა ც.-სთან. ხოლო 5 ივლისს ადვოკატი ეკა ლომიძე იმყოფებოდა #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ ზურაბ კ.-სთან. ორივე შემთხვევაში ადვოკატებმა დაგეგმეს მომავალი აქტივობები და ზოგი რამ მოინიშნეს ფურცლებზე. სწორედ ამ კონფიდენციალური ჩანაწერების ნახვას ითხოვდნენ დაწესებულებების თანამშრომლები უკანონოდ, რაზეც ადვოკატებმა განაცხადეს უარი. 

ამავე დროს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი რისკის არსებობაც არ აძლევს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს უფლებას, აწარმოონ ადვოკატისა და მსჯავრდებულის შეხვედრის კონტროლი და მეთვალყურეობა, გარდა კანონით განსაზღვრული ვიზუალური კონტროლისა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყოს გამოძიება 1 და 5 ივლისს #7 და #18 დაწესებულებებში ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე.  ამავე დროს დაუყოვნებლივ გაიშიფროს და დაარქივდეს ამ დაწესებულებათა სამორიგეოს, შესასვლელი ფოიეს, ადვოკატის ვიზუალური დათვალიერების ოთახისა და ასევე ადვოკატისა და მსჯავრდებულის შეხვედრის ოთახში მდებარე ვიდეოთვალის ჩანაწერები, როგორც ადვოკატთა საქმიანობის ხელშეშლის მტკიცებულებები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ უარყოს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ორგანიზაციის იურისტების მიერ მსჯავრდებულ შალვა აბულაძის მონახულებისა და „ფურცლის ნაგლეჯის“ გამოტანის მცდელობის თაობაზე.  


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები